ყოფილი გულის კლინიკის ეზოში დღის 2 საათზე ხალხმრავლობა დამხვდა. ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა, ქალები ხმამაღლა საუბრობდნენ, შენობის შესასვლლელი რკინის კარი ბოქლომით იყო ჩაკეტილი. შენობის შესასვლელთან, კიბეებზე, დახეულ ლეიბებზე 10–ზე მეტი ბავშვი იჯდა, რომლებსაც ხელში პლაკატები ეჭირათ. იქვე იყვნენ მოხუცები. ეს ადამიანები ყოფილი საავადმყოფოს დაცლილ შენობაში 2012 წლის 27 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიჭრნენ. ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და წუთი წუთზე ელოდებიან გასახლებას.
“ორი დღის წინ გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ ორშაბათს პოლიციის ძალით გაგასახლებთ, აქ ვერ გაგაჩერებთ, სადაც გინდათ, წადითო”, – მეუბნება ესმა მოსაშვილი, რომელიც უკარ–ფანჯრო შენობაში სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ დილით, როცა გაიგეს ყოფილი მე–13 სკოლის შენობიდან სოციალურად დაუცველთა გამოსახლება დაიწყო, მათი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მიკროავტობუსი გამოჩნდა, რომლებშიც დაცვის პოლიციის ფორმიანი კაცები ისხდნენ.
“ვიფიქრეთ, რომ ჩვენ გამოსახლებასაც აპირებდნენ, თან გვითხრეს, რომ ორშაბათს გამოგვყრიდნენ, თუმცა არანაირი წერილობითი გაფრთხილება არ მიგვიღია. დაცვის პოლიცია რომ არ შემოსულიყო შენობაში, ყველა შემოსასვლელი ამოვქოლეთ და ვდარაჯობთ, არავინ რომ არ შემოვიდეს”, – მეუბნება ერთ–ერთი ადგილბრივი. თანდათან ჩემ გარშემო ხალხის რაოდენობა იზრდება.
“ეს ბავშვები გადაიღე, პალაკატები გაშალეთ ბავშვებო”
“გააშუქეთ, მიიტანეთ ხელისუფლებამდე ჩვენი ამბავი”
“წასასვლელი არსად გვაქვს” – გარშემო უამრავი მსგავსი ფრაზა ისმის.
“ჩვენ ამ შენობაზე ჯვარი არ გვაქვს დაწერილი, ჩვენ არ გვინდა მთავრობამ ბინის ქირა გადაგვიხადოს, ამას არც გვთავაზობენ, მაგრამ მაინც, ჩვენ გვინდა თავშესაფარი”, – მეუბნება ბოხაშვილი მაია, რომელიც სხვებთან ერთად საავადმყოფოს ყოფილ შენობაში უკვე მეათე თვეა ცხოვრობს.
ამის შემდეგ მთავაზობენ დავათვალიერო მათი საცხოვრებელი პირობები. ბოქლომით დაკეტილ კარს აღებენ და რამდენიმე მათგანი წინ მიმიძღვება. შენობის დანგრეულ ფოიეში სასწრაფო დახმარების ექიმები რამდენიმე მოქალაქეს პირველ დახმარებას უწევენ. როგორც ისინი მეუბნებიან, ნერვიულობის შედეგად ერთი ორსული ქალი და კიდევ რამდენიმე პირი, რომელსაც გულ–სისხლძარღვთა დაავადება აქვს, შეუძლოდ გახდა. გარშემო ყველაფერი დანგრეულია, ფანჯრებს ჩარჩოებიც კი არ აქვს, დერეფნები ჩაბნელებულია, კარები–მორყეული.
შენობაში არ არის ელ. ენერგია, წყალი და კანალიზაცია. მაია ბოხაშვილი მეუბნება, რომ მთელი ზამთარი წყალი გვერდითა კორპუსებიდან დაჰქონდათ, ცოტა ხნის წინ კი შეძლეს, რომ საკუთარი სახსრებით წყლის მილი შენობის ეზომდე მიეყვანათ. კიბეებზე ნარჩენებით სავსე ტომრები აწყვია. ადგილობრივები მიხსნიან, რომ ამით კიბეების ჩახერგვა უნდათ, თუ პოლიცია გადაწყვეტს მათ გასახლებას.
“აქაურობა სავსე იყო ძველი სამედიცინო ნივთებით და ნაგვით, თვეობით გაგვქონდა ნაგავი, როგორც შეგვეძლო მივალაგეთ”, – მეუბნება ესმა მოსაშვილი და თან აღებს რამდენიმე ოთახის კარს. ერთი საცხოვრებლიდან მეორეში გადავყავარ, რომ მანახოს იქ არსებული სიტუაცია. არცერთ ოთახს ფანჯარა არა აქვს, მის ნაცვლად ფანჯრებზე პოლიეთილენის პარკები და “ბრეზენტია” აკრული. ოთახებში ქარი ქრის. რამდენიმე თეფში, ჭიქა, ძველი ხის სკამი, მაგიდა, ასევე ძველი საწოლი – ოთახებში ძირითადად ამ ნივთებს ნახავთ, აქა–იქ შესაძლოა შეგხვდეთ რამდენიმე ძველი სათამაშო და ბავშვის ველოსიპედი.
“ახლა ზაფხულია და მხოლოდ კოღოები გვაწუხებს. ზამთარი იყო საშინელი. შეშის “ფეჩი” გვენთო და ერთმანეთს ვეხუტებოდით, აბა, უფანჯრო ოთახი როგორ გათბება? უკან დასახევი გზა არ გვაქვს, თორემ აქ ადამიანი როგორ გაჩერდება?” – მეუბნება ერთ–ერთი სოციალურად დაუცველი. ამბობენ, რომ სახელმწიფოსგან მხოლოდ ერთი რამ სურთ: თავშესაფარი, თუნდაც ასე მოუწყობელი და საცხოვრებლად უვარგისი.
პირველ სართულზე ჩამოსულს შენობაში მცხოვრები ყველა პირი ფოიეში მხვდება, ეზოში თითქმის არავინაა. ამბობენ, რომ, როცა პოლიცია ყოფილი მე–13 სკოლიდან მორჩება სოციალურად დაუცველთა გამოსახლებას, მათთანაც მივლენ.
ყოფილი მე–13 სკოლის შენობაში, სადაც სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ 2012 წლის ოქტომბრიდან, სიტუაცია მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო. პოლიცამ მათი გამოსახლება დაიწყო.
სიტუაცია ყოფილ მე–13 სკოლასთან
აღნიშნულ პირებს რამდენიმე დღის წინ მიუვიდათ შსს-დან შეტყობინება, რომ უნდა დაცალონ შენობა, რომელიც უკანონოდ აქვთ დაკავებული. სამართალდამცავებმა დღეს მე–13 სკოლის შენობიდან მხოლოდ 6 ოჯახი გამოასახლეს, რომლებიც წაიყვანეს კოჯორში, სადაც მათ გამოუყვეს საცხოვრებელი ფართი. ხელისუფლების ცნობით, დანარჩენ 20–მდე ოჯახს აქვს კერძო საკუთრება, ან შემოსავალი, რის გამოც მათთვის სახელმწიფო ვერ გამოყოფს საცხოვრებელ ფართს.
სოციალურად დაუცველები კი აცხადებენ, რომ მათ წასასვლელი არსად არ აქვთ და სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ისინი ფლობენ საკუთრებას.
როგორც დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ეკა გულუა ამბობს, აღნიშნული შენობა სოციალურად დაუცველებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული.
“შესაბამისად, კომპანიას არ ეძლევა შესაძლებლობა, ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები. ზარალდებიან დევნილები, რომელთა წინაშეც ვერ ვასრულებთ აღებულ პასუხიმგებლობას. არაერთხელ ვთხოვეთ მოსახლეობას, დაეტოვებინათ აღნიშნული ფართი. ყველა ოჯახი არის შესწავლილი. 15 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი, რომელთაც არანაირი საცხოვრებელი არ გააჩნიათ, დევნილთა სამინისტროს საკუთარი ტრანსპორტით გადაჰყავს ალტერნატიულ ფართში,” – ამბობს ეკა გულუა.
სოციალურად დაუცველების განცხადებით, ხელისუფლება უსამართლოდ იქცევა, რადგან უსახლკარო სოციალურად დაუცველებს შენობიდან ასახლებს, რათა იქ დევნილები შეასახლოს. მათი თქმით, სახელმწიფო ყველა მოქალაქეს თანაბრად უნდა ეხმარებოდეს.
“ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაერკვია, თუ სად უპირებენ მე–13 სკოლის შენობაში მცხოვრებ ადამიანებს გასახლებას და აქვთ თუ არა რაიმე გეგმა მათთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გვაინტერესებდა როდის იგეგმება ყოფილ გულის კლინიკაში მცხოვრები 102 ოჯახის გამოსახლება საავადმყოფოს შენობიდან, რამდენ მათგანს შესთავაზებენ ალტერნატიულ ფართს და რა გეგმა აქვს სახელმწიფოს მათი პრობლემის გადასაჭრელად. ჯერჯერობით სამინისტროსთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. პასუხის მიღების შემთხვევაში სამინისტროს პოზიციას აღნიშნულ საკითხზე შემოგთავაზებთ.

