„კვალიფიციური კადრები უნივერსიტეტიდან სკოლაში სამუშაოდ არ მიდიან,“ – ამბობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი ლალი კალანდაძე. მისი თქმით, დღეს კარგი ფიზიკოსი იქ საქმდება, სადაც ანაზღაურება მაღალია.
„ვინც კარგი სპეციალისტია, დასაქმდა სხვა, მაღალანაზღაურებად სექტორში. ნაკლები უნარი რომ ჰქონდა, ის სხვაგან ვერსად დასაქმდა, აქეთ დირექტორი იხვეწება, ოღონდ ნიშანი დამიწეროს და სკოლაში ვიღაცა შემოვიდესო და ნაკლებკვალიფიციური სპეციალისტი სკოლაში შევიდა.“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერების განხრით ბოლო სამი წლის განმავლობაში 136-მა სტუდენტმა დაამთავრა, აქედან ფიზიკის სპეციალობას 12 კურსდამთავრებული დაეუფლა, ქიმიის, ბიოლოგიის და გეოგრაფიის სპეციალობას კი ჯამში – 124.
ბათუმის უნივერსიტეტის სტატისტიკაზე მწირად გამოიყურება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რაოდენობა ბოლო სამი წლის მანძილზე. 2010 წლიდან დღემდე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის მიმართულების ბაკალავრიატი 51-მა სტუდენტმა დაამთავრა.
დეტალური სტატისტიკა ციფრებში ასე გამოიყურება: 2010 წელი: ბიოლოგია – 16, ქიმია – 12, ფიზიკა – 1. 2011 წელი, ბიოლოგია – 1, ქიმია – 7, ფიზიკა – 5. 2012 წელი: ბიოლოგია – 5, ქიმია – 4, ფიზიკა – 0. ასევე, ბოლო სამ წელიწადში მაგისტრატურა ამ მიმართულებით მხოლოდ 20-მა სტუდენტმა გაიარა.
აწსუ-ს სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი იმერი ბასილაძე ამბობს, რომ საბუნებისმეტყველო დარგებს სტუდენტები მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში ირჩევენ.
„ფიზიკას ვინც ირჩევს, ძალით ირჩევს. ყველა არა, მაგრამ ამ მიმართულებაზე ხშირად ისინი სწავლობენ, ვინც თავიდან ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ჩააბარა და მერე კრედიტები ვერ აითვისეს. უნივერსიტეტმა კი განუსაზღვრა, რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მათი ადგილი აღარ არის და გადმოიყვანეს ფიზიკაზე, ბიოლოგიაზე ან ქიმიაზე,” – ამბობს იმერი ბასილაძე.
განსხვავებული მდგომარეობაა საბუნებისმეტყველო მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის მიმართულებით ბაკალავრიატი ბოლო სამი წლის მანძილზე 172-მა სტუდენტმა დაამთავრა. სტატისტიკა წლების მიხედვით ასეთია: 2010 წელი: ფიზიკა – 37, ქიმია – 22, ბიოლოგია – 17; 2011 წელი: ფიზიკა – 18, ქიმია – 9, ბიოლოგია – 25; 2012 წელი: ფიზიკა – 19, ქიმია – 12, ბიოლოგია – 13.
მიუხედავად ამ სტატისტიკისა, თსუ-ში ამბობენ, რომ ბოლო ორ წელიწადში სტუდენტთა ნაკადი ამ მიმართულებით გაიზარდა.
„სამი წლის წინ 2009-2010 წელს ფიზიკაზე იყო 20-25 სტუდენტი. ანალოგიური სიტუაცია იყო ქიმიაზეც. შარშან და შარშანწინ გაიზარდა. ახლა პირველკურსელების რაოდენობა 80-მდეა და მეორეკურსელიც ასევე 80 სტუდენტია. ზრდის დინამიკა თვალშისაცემია,“ – ამბობს თამარ ჭელიძე, თსუ-ს ფიზიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი.
რატომ არ ინტერესდებიან აბიტურიენტები საბუნებისმეტყველო სპეციალობებით?
ბათუმის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი ქეთევან დოლიძე ამბობს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ახალგაზრდები მისი არაპრესტიჟულობის გამო არ ირჩევენ.
„1974 წლიდან ვასწავლი. ბევრ თაობას გაუვლია ჩემს ხელში. 1980-ანი და 90-ანი წლებისთვის ბიოლოგია გაცილებით უფრო მოთხოვნადი იყო. იმიტომ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ეს თითქმის სამედიცინო სპეციალობას უტოლდებოდა. ის ბავშვები, რომლებიც სამედიცინოზე ვერ აბარებდნენ, ჩვენი კონტინგენტი ხდებოდა. მერე პრესტიჟული გახდა იურიდიული და ეკონომიკური სპეციალობები. ეს ტენდენცია, არამოდურობა, შარშანდლამდე გრძელდებოდა. ახლა დამოკიდებულება იცვლება, სახელმწიფოს მიდგომიდან გამომდინარე,“ – ამბობს ქეთევან დოლიძე.
მისი თქმით, სახელმწიფოს მიდგომამ დარგისადმი განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა სკოლებს, რომლებსაც კვალიფიციური კადრი სჭირდებოდათ.
„სახელმწიფო პოლიტიკა იყო ისეთი, რომ ბაკალავრიატდამთავრებულებს არ ჰქონდათ უფლება პედაგოგად ემუშავათ. თუმცა,
მეორე მხრივ, პროფესიაზე მოთხოვნა იყო. ასეთი შემთხვევა გვქონდა: ხულოში გვითხრეს, ახალსკოლადამთავრებულს უშვებენ სკოლაში ქიმიის მასწავლებლადო,“ – ამბობს ქეთევან დოლიძე.
რა პრობლემას ქმნის ქვეყანაში რამდენიმეწლიანი ჩავარდნა, როცა უნივერსიტეტები ამ დარგის სპეციალისტებს ძალიან მცირე რაოდენობით უშვებდნენ?
„ახლა ვღებულობთ შედეგს ამ ჩავარდნის, ეს წრიული პროცესია. ჩვენგან რომ ნაკლები მიდის და მერე რომ ნაკლები მოდის, იცით ეს ნაკლები ვინ არის? ვისაც არ უნდოდა ფიზიკა, მაგრამ სხვაგან ვერ მოხვდა და ჩვენთან მაინც უნდა დაამთავროს. დასაწყისში მათი ცოდნა ფიზიკაში არ არის მაღალი. საქმე და საქმე მაინც სკოლაშია. როდესაც ბავშვი მეუბნება ფიზკულტურის მასწავლებელი მასწავლიდაო, რა უნდა მოსთხოვო. ჩვენგან რომ მიდის, კარგი ფიზიკოსი არ არის, მაგრამ “ვაი ფიზიკოსი” არის. მერე ეს ყველაფერი ავტომატურად გვიბრუნდება, წრეა. ახლა არის საუბარი, რომ სკოლის მასწავლებლის ხელფასი საჯარო სამსახურში ყველაზე მაღალი უნდა იყოს. ეს თუ გაკეთდა, მაშინ წავა კონკურენცია ამ დარგში. იმედი გაჩნდა. ჩვენთან უკვე მეოთხეკურსელებმა “მაინორ” პროგრამაში პედაგოგიკა აირჩიეს. ადრე ირჩევდნენ ფინანსებს, უცხო ენას და არც ის არ იცოდნენ. ახლა ყველამ აირჩია პედაგოგიური მიმართულება,“ – ამბობს ფიზიკოსი ლალი კალანდაძე.
„ჩავარდნა ნამდვილად იყო და ეს ნამდვილად პრობლემაა. მე ვფიქრობ, რაღაცნაირად უნდა იყოს ისე, რომ სკოლაში მისვლა მასწავლებლისთვის გახდეს მომგებიანი. ეს არის მთავარი. მას უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ სკოლაში წავიდეს,“ – ამბობს თამარ ჭელიძე, თსუ-ს ფიზიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი.