საზოგადოება

სად და როგორ ინახება ღეროვანი უჯრედები საქართველოში

27 მარტი, 2013 • 17053
სად და როგორ ინახება ღეროვანი უჯრედები საქართველოში

ჭიპლარის სისხლის ბანკი “ჯეოქორდი,” სადაც ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს 2007 წლიდან ინახავენ, ონკოლოგიური საავადმყოფოს ეზოში, ახლად აშენებულ მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში მდებარეობს. კლინიკაში, სადაც ყოველდღიურად პაციენტები დადიან, ჭიპლარის სასხლის ბანკის განყოფილებაში ვერ ხვდებიან. უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია. განყოფილებაში შესვლისთანავე სპეციალური ტანისამოსის მორგება ხდება.

 

ლაბორატორიაში, სადაც ჭიპლარის სისხლს ამუშავებენ, სისხლი სამშობიაროდან სპეციალური კონტეინერით 24 საათის განამავლობაში უნდა მოხვდეს. დაახლოებით, 2 საათია საჭირო იმისთვის, რომ სისხლი დამუშავდეს და სხვა კომპონენტებისგან გათავისუფლდეს. მომდევნო ერთ საათის განმავლობაში კი ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს გაყინვისთვის ამზადებენ.

 

ოთახში, სადაც გაყინული ღეროვანი უჯრედები ინახება, განსხვავებული ტემპერატურაა. ყოველი ახალშობილის მარკირებული უჯრედები თხევადი აზოტის საცავებში უსასრულოდ, -196 გრადუსზე ინახება და მათი გამოყენება მის მფლობელს ცხოვრების ბოლომდე შეუძლია. 

 

უჯრედების გაყინვა -196 გრადუსამდე მაშინვე არ ხდება. ეს პროცესი სპეციალური დანადგარის მეშვეობით თანდათანობით მიმდინარეობს, წინააღმდეგ შემთხვევაში უჯრედები მოკვდება.

 

თუ პაციენტს უჯრედების გამოყენება დაჭირდება, გაყინული უჯრედები ისევ უნდა გაალღონ.

 

გოჩა შათირიშვილი
გოჩა შათირიშვილი

 

 

სინჯარები, სადაც ახალშობილთა ღეროვანი უჯრედები ინახება
სინჯარები, სადაც ახალშობილთა ღეროვანი უჯრედები ინახება

 

იმის გამო, რომ ღეროვანი უჯრედების გამოყენება საქართველოში არ ხდება, საზღვარგარეთ მისი ტრანსპორტირება სპეციალური კონტეინერითაა შესაძლებელი. როგორც კლინიკის დირექტორი გოჩა შათირიშვილი ამბობს, მისი წაღება ძალიან მარტივია.

 

ჯერჯერობით საქართველოში ჭიპლარის სისხლის ბანკში შენახული უჯრედები არავის გამოუყენებია. გოჩა შათირიშვილი ორ შემთხვევაზე საუბრობს.

 

“ერთ შემთხვევაში, ღეროვანი უჯრედების გამოყენება მისი მფლობელის დედმამიშვილისთვის გახდა საჭირო, თუმცა შეუთავსებლობის გამო ვერ გამოიყენეს. ახლა მეორე შემთხვევისთვის მიმდინარეობს მზადება,”- ამბობს შათირიშვილი.

 

იმისთვის, რომ ღეროვანი უჯრედების წარმატებული ტრანსპლანტაცია მოხდეს, დონორსა და პაციენტს შორის ბიოლოგიური თავსებადობა უნდა არსებობდეს. დედმაშვილებში ეს თავსებადობა 25%-ს შეადგენს. რაც შეეხება არამონათესავე პირებს შორის თავსებადობას, ის 1:70000-ია.

 

 ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს დაახლოებით 25 წელია მსოფლიოში სხვადასხვა დაავადების დასამარცხებლად იყენებენ. მათ შორის, სისხლის სიმსივნური დაავადებების შემთხვევებში. არის შემთხვევები, როდესაც ღეროვანი უჯრედების გადანერგვა პაციენტისთვის წარმატებული ხდება.

 

სპეციალისტები, რომლებიც ღეროვან უჯრედებს იკვლევენ, აცხადებენ, რომ მათი გამოყენების პერსპექტივები ზურგის ტვინისა და თავის ტვინის ტრავმების, შაქრიანი დიაბეტის, პარკინსონის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ცერებლურული დამბლის, აუტიზმისა და სხვა დაავადებების შემთხვევებშიც არსებობს.

 

საქართველოში “ჯეოქორდი” ჭიპლარის სისხლის კომერციულ ბანკს წარმოადგენს, სადაც ჭიპლარის სისხლის შეგროვების, დამუშავების, ტესტირებისა და პირველი წლის განამვლობაში მისი კრიოგენული შენახვის ღირებულება 780 ევროს შეადგენს. ყოველი შემდეგი წელი კი 100 ევრო ჯდება.

 

მსოფლიოს განვითრებულ ქვეყნებში, კომერციულის გარდა, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების სახელმწიფო ბანკებიც არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი