საზოგადოება

ბავშვები შიმშილის პირისპირ

23 მარტი, 2013 • 2988
ბავშვები შიმშილის პირისპირ

 

დევაძეების ოჯახი ბათუმში, მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ოჯახის დიასახლისი, მზევინარ ქამაშიძე, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი ოჯახისთვის დახმარების შეწყვეტა შეცდომაა: „სოციალური აგენტი ოჯახის შესამოწმებლად ერთი კვირის წინ იყო და როგორც ვიცი, სულ ნულები დაგვიწერა, როგორ მოვხვდი მაღალ ქულებიანებში, ვერ ვხვდები. გუშინ მთელი დღე მშიერი ვიყავი, ბავშვები იყვნენ მისული სასადილოში და ვიღაც ქალმა აიღო პური და მოგვცაო – მითხრეს. ჩემს ქმარს ელექტრობა ეხერხება და ზოგჯერ აკეთებს, ახალი წლის შემდეგ ერთი თეთრი არ შემოუტანია ოჯახში. ორი დღის წინ ერთი კილო შაქარი ძლივს ვიყიდეთ, რომ ჩაი მიგვეცა ბავშვებისთვის“.

 

მზევინარ ქამაშიძე ამბობს, რომ ამორტიზებულ ბინაში წყალი და შუქიც მეზობლებმა სამოწყალოდ შეუყვანეს. „გათბობა არ გვქონდა და ახლა გამომიგზავნეს მშობლებმა ცოტაოდენი შეშა სოფლიდან. სამუშაო რომ იყოს, ვიმუშავებდი, მაგრამ რა ვქნა, რა ვაჭამო ოთხ შვილს, მე მოვითმენ როგორმე“.  

 

ნუნუ ასათიანი, რომელიც უფასო სასადილოს შეფმზარეულია, ამბობს, რომ დევაძეების ოჯახის საქმე გადასახედია. „როგორ შეიძლება ასეთი ოჯახის სიიდან ამოღება. ჩვენ რა ვქნათ, ოთხი მშიერი ბავშვი რომ შემოგვყურებს, საჭმლის გარეშე ხომ ვერ დავტოვებთ.“

 

როგორც ნუნუ ასათიანი ამბობს, უფასო სასადილოში ულუფა სიის მიხედვითაა განსაზღვრული. „თითო თეფში წვნიანი შეიძლება გამოიზოგო და ასეთი შემთხვევების დროს გამოკვებო ადამიანი, მაგრამ კატლეტი, ან ქათმის ხორცის ნაჭერი ცალობითაა განსაზღვრული და იმას სხვაზე ვერ გავცემთ. არადა, ბავშვი რომ გეხვეწება, რა უნდა ქნა, როგორ არ უნდა მისცე“.  

 

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე არსებულ უფასო სასადილოს საქველმოქმედო ფონდი „ვიქტორია“ მართავს. ფონდის წარმომადგენლის, გიორგი ჯანყარაშვილის თქმით, დევაძეების მსგავსად  სხვა სოციალურად დაუცველებსაც აქვთ პრობლემა: „ამ კვირაში ათი ოჯახი ამოიღეს სიიდან, თუმცა მათ ათი სხვა ჩაენაცვლა. მსგავსი ცვლილება ხშირად ხდება, რაც უკმაყოფილებას იწვევს. ვფიქრობ, აგენტებმა სწორად უნდა იმუშაონ, რადგან ბევრი უმწეო ადამიანი ისევ ულუკმაპუროდ რჩება“.  

 

 

რა გამოსავალს სთავაზობს  დევაძეების ოჯახს და მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენილ სხვა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სახელმწიფო? ამ კითხვით  სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, თემურ ქარცივაძეს მივმართეთ, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა: „ეს არ არის ის თემა, რომელზეც დღეს უნდა ვილაპარაკოთ. მით უმეტეს, რომ უფასო სასადილო მე არ მექვემდებარება და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“.

 

 

ბათუმის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების განყოფილების უფროსის მოადგილე, გოჩა ჯიბლაძე კი აცხადებს, რომ  ეს საკითხი, მერიის კომპეტენციას სცილდება: „მერია სიაში სვამს იმ ადამიანებს, ვისაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. რატომ უხსნიან დაუცველ ოჯახებს სტატუსს, ამაზე პასუხი სააგენტომ უნდა გასცეს. ჩვენ რა ვქნათ, პროგრამა განსაზღვრულია და ვისაც დაუცველის სტატუსი არ აქვს, მათ ვერ მივცემთ საკვებს. სხვებს რა ვუყოთ, ვისაც უფრო დაბალი ქულები აქვს“.

 

გოჩა ჯიბლაძის განცხადებით, სიიდან ამოღებულ ოჯახებს ხელახალი გადამოწმებისთვის 20-დღიანი ვადა ეძლევათ: „თუ ამ პერიოდში დაადგენენ, რომ დახმარება ეკუთვნით, მიიღებენ დახმარებას“.   
 

მასალების გადაბეჭდვის წესი