საზოგადოება

მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი სახიფათო აბები

15 თებერვალი, 2013 • 3390
მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი სახიფათო აბები

– ზოგს, უბრალოდ, კარგ ხასიათზე მოყავხარ, ზოგი კიდევ, დეპრესიის დროსაა კარგი. ყველა აფთიაქში ვერ იყიდი, – მიხსნის თაკო (სახელები შეცვლილია).

 

– როგორ ვერ იყიდი? – ეწინააღმდეგება გეგა.

 

– ნუ, ისეთ ადგილას ყიდულობენ, სადაც კამერები არ არის. უფრო გარეუბნებში, – განმარტავს თაკო.  

 

– თქვენ გაგისინჯავთ? – ვეკითხები.

 

პაუზა, სიცილი.

 

– არა, მე არა, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი სვამს.

 

– იცნობთ ბავშვებს, რომლებიც მოიხმარენ?


– აბა რა!

 

თაკო და გეგა სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ. ორივე ამბობს, რომ მათთვის ახალი არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოზარდები სხვადასხვა სახის მედიკამენტს ეიფორიის შესაქმნელად ან გასაბრუებლად იღებენ.

 

„ბათუმელებმა“ ამ თემაზე ანონიმურად 50-ზე მეტი, 14-18 წლამდე სხვადასხვა სკოლის მოსწავლე გამოკითხა. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ამაზე სმენიათ, რამდენიმე მათგანი კი დაწვრილებით გვიხსნის: რა დასახელების მედიკამენტი უნდა მივიღოთ, რამდენი ტაბლეტი და სასურველი ეფექტისათვის როგორ უნდა შევახამოთ ერთმანეთს ორი ან სამი დასახელების მედიკამენტი. გამოკითხულთაგან არც ერთი მოზარდი არ ამბობს, რომ თავად იყენებს, მაგრამ თითქმის ყველა ამბობს, რომ „იცნობს სხვას“, რომელსაც მედიკამენტები გაუსინჯავს („ბათუმელები“ არ ასახელებს მედიკამენტებს).  

 

მოსწავლეები იმასაც ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტების ზემოქმედებისგან გაბრუებული მოზარდი გონებას კარგავს და საავადმყოფოში ხვდება. ამას ადასტურებს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელი, ჯამბულ სურმანიძე და ტოქსიკოლოგი ეკა სანიკიძე, რომელიც ამბობს, რომ მის პრაქტიკაში მედიკამენტებით მოწამვლის (ზედოზირების) შემთხვევები ხშირია: 

 

„ყველაზე მცირე ასაკის პაციენტები, რომელთაც ეს  წამლები ჰქონდათ მიღებული და ამ მიზეზით მოხვდნენ საავადმყოფოში, 13-14 წლის იყვნენ. 17 წლამდე ასაკის  მოზარდები ხვდებიან ბავშვთა საავადმყოფოში, – ასეთ შემთხვევებზე ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღიურია, მაგრამ თუ ამ კატეგორიაში 17-18 წლის ზემოთ ახალგაზრდებიც შეგვიძლია ჩავთვალოთ, – ასეთი მომართვა ყოველდღე გვაქვს და არის დღეები, როცა არაერთი შემთხვევაა. და ეს არის მძიმე შემთხვევები, მსუბუქი შემთხვევები საავადმყოფომდე არ აღწევს. ხდება ისეც, რომ ხანდახან რაღაც გზებით იგებენ ჩემს ტელეფონს, მიკავშირდებიან და მეკითხებიან: ესა და ეს დალია, ცუდადაა და რა ვქნათ?“

 

მედიკამენტების ჭარბი დოზის გამოყენებით საავადმყოფოში ბიჭებიც ხვდებიან და გოგონებიც. ეკა სანიკიძე ამბობს, რომ ასეთ პაციენტებს, ძირითადად, მეგობრები მოჰყვებიან თან, მშობლები საავადმყოფოში მოგვიანებით ჩნდებიან.

 

„არის სამი დასახელების მედიკამენტი, ე.წ. „ტროიკა“, კოქტეილივით აკეთებენ. მართალია, ეს მედიკამენტები არ იკრძალება, მაგრამ ეფექტი ისეთივე აქვს, როგორიც ნარკოტიკს. პაციენტი ხვდება ან რეანიმაციაში, ან თერაპიულ განყოფილებაში. ჩვენ ვეხმარებით დეტოქსიკაციური მკურნალობით, გადასხმებს რომ უწოდებენ, სპეციფიკური ანტიდოტური თერაპია ტარდება ასეთ დროს, ზოგიერთი სუნთქვის აპარატზეც ხვდება ხოლმე“, – განმარტავს ტოქსიკოლოგი.

 

მედიკამენტების ჩამონათვალში, რომლებსაც მოზარდები იღებენ, ძირითადად, ექვსი დასახელების წამალია. ერთ-ერთი დასახელების მედიკამენტზე მოსწავლეები კატეგორიულად ამბობენ, რომ „ამას ბათუმში ვეღარ იშოვი“, დანარჩენების ყიდვა კი შესაძლებელია.  

 

მედიკამენტების უმრავლესობაზე ფასი ხელმისაწვდომია. თითქმის ყველა მედიკამენტის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ მედიკამენტი ფრთხილად ინიშნება მოზარდებში, გვერდითი მოვლენებისა და უკუჩვენების შესახებ კი აღნიშნულია, რომ ამ მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს: ჰალუცინაციები, არანორმალური მოძრაობები, ხმაური ყურებში, აჩქარებული გულისცემა, ამნეზია, კომა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, კუნთების ჰიპოტონია და სხვა.  

 

„თუ მოზარდმა მიიღო ამ მედიკამენტების რამდენიმე ტაბლეტი, მას აუცილებლად დასჭირდება სამედიცინო დახმარება“, – ამბობს აჭარის ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი, ექიმი-ნარკოლოგია ლია ჯინჭარაძე. მისი თქმით, განსაკუთრებით საშიშია ამ პრეპარატების კომბინირება, ე.წ. „კოქტეილი“. მისი მიღება, სამედიცინო დახმარების დროულად აღმოუჩენლობის შემთხვევაში, შეიძლება გარდაცვალებით დასრულდეს.

 

ყველა მედიკამენტის ინსტრუქციაში, რომელსაც მოზარდები იღებენ, აღნიშნულია, რომ აფთიაქიდან წამალი გაიცემა ექიმის რეცეპტით.  


ნარკოლოგი მაია კონცელიძე ასოციაცია „თანადგომას“ სოციალური მუშაკია. ამ ორგანიზაციის სოციალური მუშაკები პროექტის ფარგლებში თვეში სამჯერ საინფორმაციო მასალას არიგებენ ქუჩაში და არსებულ სიტუაციას სწავლობენ, მათ შორის აკვირდებიან აფთიაქებსაც.

 

„არაერთხელ მინახავს, როგორ მოდის აფთიაქში მოზარდი და რეცეპტის გარეშე ყიდულობს საეჭვო მედიკამენტს. თითქოს არაფერი – გულგრილია აფთიაქში ყველა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩავერიოთ აფთიაქის საქმიანობაში, მაგრამ ეს არის სერიოზული პრობლემა, რომლის შესახებ ჯერ იციან მოზარდებმა და ალბათ მალე გაიგებენ მშობლებიც“, – ამბობს მაია კონცელიძე.

 

ამ საკითხზე ინფორმაცია აქვს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლევან გორგილაძეს, რომელიც პროფესიით ნარკოლოგია. იგი პრობლემის სამართლებრივ მხარეზე საუბრობს:

 

„არსებობს რეცეპტის სამი ტიპი: ერთი ტიპის რეცეპტს ბეჭდავს სახელმწიფო და მედიკამენტი შეიძლება გაიტანოს მხოლოდ ინდმეწარმე ექიმმა და დაწესებულებამ – ამას სახელმწიფო აღრიცხავს, არსებობს მკაცრი აღრიცხვის პრეპარატები – ნარკოტიკული საშუალებები. პრობლემა რჩება სხვა ტიპის რეცეპტი, რომელიც უნდა გაიცეს ექიმის დანიშნულებით, მაგრამ არსად წერია, რომ თუ ექიმის რეცეპტის გარეშე გაყიდის ვინმე, მას რაიმე სასჯელი ემუქრება, როგორც, მაგალითად, უფრო მკაცრი აღრიცხვის მედიკამენტების შემთხვევაში ხდება, როცა წამლის სპეციალური ბლანკის გარეშე გაცემა ისჯება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მუხლებით.  

 

გვაქვს ინიციატივა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაჩნდეს მუხლი – აფთიაქი, რომელიც რეცეპტის გარეშე გასცემს მედიკამენტს, შეიძლება დაჯარიმდეს, მაგრამ ამას ახლავს სხვა უარყოფითი მხარეც. წამლები, რომელიც მესამე ტიპის რეცეპტით გაიცემა, ძალიან ბევრია, ჩვენს ქვეყანაში კი ბევრ ადამიანს გაუჭირდება ყოველ ჯერზე, როცა წამალი დასჭირდება, ექიმთან მივიდეს კონსულტაციაზე“, – ამბობს ლევან გორგილაძე.  

 

მოზარდების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ არასრულწლოვანთათვის აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების, ლუდის, თამბაქოს მიყიდვა, აზარტულ სათამაშო დაწესებულებებსა და ღამის ბარებში მათი დაშვება, თუმცა არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, აკრძალულია თუ არა მედიკამენტების მიყიდვა არასრულწლოვნებისთვის.  

 

კითხვაზე, რატომ იღებენ მათი ნაცნობები მედიკამენტებს, მოზარდები განმარტავენ: „კარგ ხასიათზე გაყენებს“; „დეპრესიის დროსაა კარგი“; „უბრალოდ, ვითომ მაგარი ვარ“; „ალბათ სხვა რომ სვამს, უარის თქმა უტყდებათ“…

 

„ამ წამლების მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დამოკიდებულება. ყველა ფსიქოაქტიური ნივთიერება იწვევს დამოკიდებულებას. დამოკიდებულება არსებობს არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიურიც“, – განმარტავს ლია ჯინჭარაძე, ექიმი-ნარკოლოგი. იგი ამბობს, რომ თუ მშობლები ყურადღებას გამოიჩენენ, აუცილებლად შენიშნავენ შვილებში ცვლილებებს:


“ადამიანი არაფხიზელ მდგომარეობაში ისე არ იქცევა, როგორც ჩვეულებრივ. ეს არ არის რთული შესამჩნევი, მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო, მოზარდი ისედაც ხშირად იცვლება გარდატეხის ასაკში, ეს ნორმალურია და არ შეიძლება ყველა ცვლილება „სახლში ჩაკეტვის“ მიზეზი გახდეს. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ მოზარდი მშობელს ენდობოდეს, არ ეშინოდეს მშობლის. ეს ძალიან რთული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი