საზოგადოება

მთავრობა მაღალი წნევის წინააღმდეგ

6 თებერვალი, 2013 • 1385
მთავრობა მაღალი წნევის წინააღმდეგ


წლევანდელი წელი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ არტერიული ჰიპერტენზიის, ანუ მაღალ არტერიულ წნევასთან ბრძოლის წლად გამოაცხადა. 

 

ჭარბი წონა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა, სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება და ჰიპოდინამია, ანუ ფიზიკური აქტივობის სიმცირე, – აქედან ერთ-ერთი, შესაძლოა, მაღალი არტერიული წნევის ჩამოყალიბების მიზეზი გახდეს.

 

მსოფლიოში მაღალი არტერიული წნევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებისა და სიკვდილის გამომწვევ უპირველეს მიზეზად რჩება. მაღალი არტერიული წნევა და მისი მიზეზით გამოწვეული გართულებები იმაზე მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე სხვა დაავადებები ერთად აღებული. 

 

ამ მხრივ ვითარებას საქართველოში სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ. თუ მსოფლიოს საერთო მონაცემით მაღალი არტერიული წნევის მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი 41%-ია, საქართველოში ეს რიცხვი 68%-ს შეადგენს.

 

 საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას  წლევანდელი წლის საქართველოში მაღალი არტერიული წნევის წინააღმდეგ ბრძოლის წლად გამოცხადების შესახებ.

 

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პრობლემას გავაქრობთ. ვერ გავაქრობთ.  ჩვენი მიზანია მნიშვნელოვნად შევამციროთ ამ დაავადებით გამოწვეული ფატალური შედეგები,“- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.  

 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციის მიზნით, პირველ ნაბიჯებს საზოგადოება ძალიან მალე იხილავს.

 

„პირველ რიგში, ჩვენ ვიწყებთ ძალიან ინტენსიურ და აქტიურ ბრძოლას თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ,“- ამბობს მინისტრი.

 

თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარების შეზღუდვა, ფიზიკური აქტივობები, საკვები მარილის ჭარბი რაოდენობით მოხმარების შეზღუდვა და წონის კონტროლი, -ეს არის ძირითადი პრევენციული ზომები მაღალი არტერიული წნევის, მისგან გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილობის თავიდან ასაცილებლად. თუმცა აღნიშნული პრევენციული ზომები იმ შემთხვევაშია ეფექტური, როდესაც მაღალი წნევის მიზეზი გენეტიკური ფაქტორით არ არის გამოწვეული.

 

იმისთვის, რომ პაციენტმა გაიგოს, რა ტიპის არტერიული წნევა აქვს, არსებობს ბიომარკერები, რომელიც დაავადების ტიპირებას ახდენს.

 

მაგალითად, შარშან საქართველოში შვეიცარიის სამედიცინო ფონდისა და ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მხარდაჭერით არაკომერციული პროგრამა ამოქმედდა, რომელიც წნევის ტიპირებას და მის გამომწვევ მიზეზებს სრულიად უფასოდ ახდენს.

 

„წნევა, რომელიც დაახლოებით 40 წლის ასაკის შემდეგ პროგრესირებს, ხდება მიზეზი ძალიან ბევრი დაავადების, პირველ რიგში, ინსულტის, მიოკარდიუიმის ინფარქტის, მხედველობის, თირკმლების დაზიანების და ა.შ. ამიტომ არის მიჩნეული წნევა ნომერ პირველ მკვლელად. როდესაც წნევა იწევს, იწყება თავის ტვინის დაზიანება, თავიდან უმნიშვნელოდ. ჯერ მეხსიერების პრობლემები ჩნდება, თავის ტკივილი, წონასწორობის დაკარგვა, სხვადასხვა ნევროლოგიური პრობლემა და, საბოლოო ჯამში, საქმე შეიძლება ინსულტამდეც მივიდეს. არსებობს მცდარი შეხედულება და ხშირად ექიმებსაც არ აქვთ ინფორმაცია, რომ ასაკში არ უნდა მატულობდეს წნევა. ერთსა და იმავე ზღვარზე უნდა იყოს ბავშვებშიც და ხანდაზმულებშიც,“- ამბობს პროგრამის ხელმძღვანელი და თსუ-სპროფესორი გაიანე სიმონია ნეტგაზეთთან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი