საზოგადოება

რა ცვლილებას შეიტანს ახალი მთავრობა საპატრიარქოს ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხში

24 ოქტომბერი, 2012 • 1378
რა ცვლილებას შეიტანს ახალი მთავრობა საპატრიარქოს ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხში

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი და საქართველოს პარლამენტში კოალიცია “ქართული ოცნების” სიით არჩეული დეპუტატი დავით ბერძენიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ სამომავლოდ საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა შეწყდეს, თუმცა მანამდე ეკლესიის ბიუჯეტიდან დაფინანსების განსხვავებული ფორმის შემოღების მომხრეა:

 

“საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც საბჭოთა დროს რეპრესირებულ ინსტიტუტს, სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს კომპენსაცია. ეს არ იქნება ბიუჯეტის ფული, ეს იქნება მისი ფული,” – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

 

მისივე თქმით, უნდა დაითვალოს მთლიანი საკომპენსაციო თანხის ოდენობა, ანუ საბჭოთა დროს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის წართმეული ქონების ღირებულება და ეს თანხა გადანაწილდეს ყოველწლიურად ბიუჯეტში, როგორც გასაცემი კომპენსაცია:

 

“სახელმწიფო ამ ფორმით ვალს უხდის საპატრიარქოს. როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი ადამიანი იღებს კომპენსაციას სახელმწიფოსგან, ასე ინსტიტუტიც – ეკლესია. სამომავლოდ, მერე ეს უნდა გავრცელდეს სხვა კონფესიებზეც, კათოლიკურ და გრიგორიანულ ეკლესიებზე”, – ამბობს დავით ბერძენიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

მისივე თქმით, როდესაც ამოიწურება ეს ვალი, ამის შემდეგ ეკლესია აღარ უნდა იყოს საბიუჯეტო დაფინანსებაზე. ბერძენიშვილის ეს პოზიცია ჯერ კოალიციაში შეთანხმებული არ არის. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ საკითხში ჯერ გარკვეული არ არის და შემდეგში შეეძლება საუბარი, თუ რა რაოდენობის დაფინანსებას მიიღებს საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

რაც შეეხება კოალიციის ლიდერსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საერთოდ, სახელმწიფო შეიძლება დაეხმაროს ეკლესიას, თუკი ხელისუფლების მხრიდან დახმარების სწორი ფორმა იქნება შერჩეული:

 

“არა ამ მეთოდით, როგორც დღეს ხდება, რომ პიროვნულად უნიშნავენ მანქანებს და ხელისუფლება წყვეტს, ვის რა მისცეს და როგორ მისცეს, არ უნდა ხდებოდეს. თუ საჭიროა, ეკლესიას ხელისუფლება ეხმარება და ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ ხდება გადარიცხვა და თვითონ სინოდი გადაწყვეტს, როგორ მოიხმარონ, სად განკარგონ და ა.შ. დამოკიდებულება არ უნდა იყოს, სახელმწიფოსგან უნდა იყოს გამიჯნული ეკლესია და ჩვენ ამ პროცესს აუცილებლად დავიცავთ. სხვა ფორმებით, გადაირიცხება თუ არა თანხა, ამაზე დაზუსტებით ვერ გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არღვევს იმ ძირითადს, რომ ეკლესია უნდა იყოს დამოუკიდებელი, თუ ფორმა არის სწორი დახმარების ხელისუფლების მხრიდან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი