“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” და სლოვაკურმა ორგანიზაციამ “მემო 98″, დღეს, 14 სექტემბერს საზოგადოებას წარუდგინეს მედია მონიტორინგის პირველი და მეორე შუალედური ანგარიშები. პროექტი ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი 2012 წლის 1 ივლისს დაიწყო და მისი მიზანია მედიის შინაარსის თვისებრივი ანალიზით დეტალურად გამოავლინოს, თუ როგორ ხდება სხვადასხვა თემის გაშუქება. მონიტორინგისას მთავარი აქცენტი არჩევნების გაშუქებაზე კეთდება. “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მონიტორინგს “მემო 98”–ის მეთოდოლოგიით ახორციელებს.
მონიტორინგისთვის სულ 11 ტელეარხი შეირჩა, რომელთა შორის არის რამდენიმე რეგიონული მაუწყებელიც.
მონიტორინგი მოიცავდა ყველა მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეს 19:00–დან 24:00 საათამდე. მონიტორინგის სუბიექტები იყვნენ პრეზიდენტი, მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტიკური პარტიები.
მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საინფორმაციო გამოშვებებში სხვებზე მეტ დროს უთმობს სოციალური საკითხების გაშუქებას, საარჩევნო საკითხებზე მომზადებულ სიუჟეტებში დაცულია წყაროთა ბალანს, თუმცა, არის შემთხვევები, როცა პრეზიდენტთან დაკავშირებულ საკითხებს განსაკუთრებულად დიდი დრო ეთმობა.
მაგალითად, 23 ივლისს პრეზიდენტისა და პატრიარქის კახეთში ვიზიტზე მომზადებული სიუჟეტი თითქმის 11 წუთს გაგრძელდა, საიდანაც უმეტესი დრო დაეთმო პრეზიდენტს, ტონი კი დადებითი იყო.
რაც შეეხება “პირველი არხის” ეთერში გასულ ტოქ–შოუებს, განსახილველი თემები აქტუალურ საკითხებს უკავშირდება, სტუმრები სათანადოდ არიან შერჩეული, წამყვანები ყოველთვის კარგად არიან მომზადებულები და დროს თანაბრად ანაწილებენ სტუმრებს შორის.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მიერ მომზადებულ მონიტორინგის ანგარიშში წერია, რომ მეორე საანგარიშო პერიოდში (23 ივლისი–5 აგვისტო) თვალშისაცემი გახდა სიუჟეტების კიდევ უფრო დაუბალანსებლად მომზადების შემთხვევები. გარდა ამისა, უარყოფით ტონში შუქდება “ქართული ოცნებისა” და მისი ლიდერის საქმიანობა.
რაც შეეხება ხელისუფლების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს, მათი ტონი არის დადებითი . შედეგად, მაყურებელი აღნიშნული ტელეარხისგან “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ დაუბალანსებელ და მიკერძოებულ ინფორმაციას იღებს.
დაახლოებით იგივე სიტუაციაა ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებულ სიუჟეტებშიც, თუმცა, “რუსთავი 2”–სგან განსხვავებით, აღნიშნული ტელეარხის ჟურნალისტები არ ერიდებიან პირად შეფასებებს. მაგალითად, საინფორმაციო გამოშვებაში 1 აგვისტოს ჟურნალისტმა ივანიშვილის საქმიანობა ასე შეაფასა: “წარუმატებელი პოლიტიკური კამპანიის დახარჯული ფული – პოლიტიკური სპეკულაცია 80 მილიონი”.
მონიტორინგის შედეგად, სხვებთან შედარებით ყველაზე უარესი შედეგები აჩვენა “რეალ ტვ”–მ. მათ მიერ მომზადებული სიუჟეტების უმრავლესობა “ქართული ოცნების” წინააღმდეგაა მიმართული, არ არის დაბალანსებული, გამიჯნული არ არის ფაქტი და კომენტარი. “რეალ ტვ” დადებით კონტექსტში მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქრისტიან–დემოკრატების” საქმიანობას აშუქებს.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მედიამონიტორინგის შედეგის მიხედვით, “მაესტრო”–ს გადაცემები არ ხასიათდება უხეში დარღვევებით, რედაქცია ახერხებს ოპერატიულად, მრავალმხრივად და დაბალანსებულად გააშუქოს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარე მოვლენები. მიუხედავად ამისა, არსებობს თემატური მრავალფეროვნების პრობლემა: ტელეარხისთვის პრიორიტეტულია პოლიტიკისა და მედიის საკითხების გაშუქება.
მონიტორინგის ანგარიშში მითითებულია, რომ “მაესტროს” ჟურნალისტები “მეორე მხარისგან” ცდილობენ კომენტარების მიღებას, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში “მეორე მხარედ” მიჩნეული რესპოდენტი არაადეკვატურადაა მიჩნეული, ცალკეულ შემთხვევებში კი გამოვლინდა ბალანსის პრობლემაც.
რაც შეეხება “მაესტრო”–ს პოლიტიკურ ტოქ–შოუებს, გადაცემა “სუბიექტური აზრი” რამდენიმე დღის მანძილზე ეწეოდა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო აგიტაციას, რადგან გადაცემის წამყვანი იყო კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი.
მედიამონიტორინგი ასევე შეეხო ტელეკომპანია “მეცხრე არხსაც”.
“თემის აქტუალობის თვალსაზრისით, ტელეკომპანია მისაღებ ხარისხს აკმაყოფილებს, თუმცა, პრობლემურია სიზუსტის, მოკვლევითი მასალების შედეგად სიუჟეტების მომზადება, რომელიც სუსტი ხარისხისაა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
მონიტორინგის ავტორებმა დაასკვნეს, რომ “მეცხრე არხის” უმთავრესი პრობლემა მაინც ბალანსი და გაშუქების ტონია, რომელთა ხარისხი მერყეობს სუსტსა და მისაღებს შორის. ასევე, ჟურნალისტების მიერ სიუჟეტად დაუსაბუთებელი და მიუკერძოებელი მოსაზრებების წარმოჩენა.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მიერ დაქირავებული მონიტორების შეფასებით, მისაღებ ხარისხს აღემატება საინფორმაციო გამოშვებებში ფაქტების მოკვლევის მცდელობა, ასევე, წყაროების მრავალფეროვნება და იდენტიფიცირება. სიახლის ხარისხისა და აქტუალობით მიღებული შედეგი კარგს აჭარბებს, თუმცა, ასეთ მაღალ შეფასებას არ იმსახურებს სიუჟეტების დაბალანსებულობა და გაშუქების ტონი.
ჟურნალისტური ეთიკის მონიტორინგის ფარგლებში მოექცა ოთხი რეგიონული ტელეარხი. მონიტორინგის შეფასებით, ტელეკომპანია „აჭარის“ საქმიანობა შეიძლება შეფასდეს სუსტსა და მისაღებს ხარისხს შორის მერყევად. თუმცა, შეფასება სუსტისკენ უფრო მეტად იხრება ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმის შესწავლისას, როგორიც არის ბალანსის დაცვა. ამასთან, სასურველია არხმა მეტი ყურადღება დაუთმოს პოლიტიკურ პარტიებს და ნეიტრალურად წარმოაჩინოს მათი საარჩევნო სტრატეგია, ანუ პროპორციულად გადაანაწილოს დრო ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების აქტივობების გაშუქებასა და სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის.
რაც შეეხება „25-ე არხს“, მონიტორინგის ანგარიშში წერია, რომ ის აკმაყოფილებს კარგი ხარისხისათვის დადგენილ კრიტერიუმებს. თუმცა, სასურველია ყურადღება გამახვილდეს ფაქტების მეტი სიზუსტით გადმოცემის საკითხზე, მოკველევითი მასალების მომზადებაზე და ასევე, მეტი დრო დაეთმოს პოლიტიკურ სუბიექტებს.
მონიტორების შეფასებით, ტელეკომპანია „რიონის“ შეფასება მერყეობს სუსტსა და მისაღებ ხარისხს შორის. ეთიკის ქარტია აღნიშნულ ტელეარხს ურჩევს, კარგი იქნება, მეტი ყურადღება დაეთმოს კადრებისა და ტექსტის შესაბამისობას, ასევე, ბალანსის დაცვის ხარისხის გაუმჯობესებას.
“მიუხედავად იმისა, რომ მონიტორინგის მეორე ეტაპზე „მეგა ტვ“-ის საინფორმაციო გადაცემას კიდევ დაემატა კვირის საინფორმაციო გამოშვება, არხის სრულყოფილი შეფასება პრაქტიკულად კვლავ შეუძლებელია არხზე საინფორმაციო გამოშვებების სიმწირის გამო”, – წერია მედია მონიტორინგის ანგარიშში.