საზოგადოება

პატრიარქის მდივანი: ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სიუხეშე სასულიერო პირის მხრიდან

14 სექტემბერი, 2012 • 1496
პატრიარქის მდივანი: ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სიუხეშე სასულიერო პირის მხრიდან

“დაუშვებელია,  რა თქმა უნდა, მითუმეტეს, წინა საარჩევნო პერიოდია და ეკლესია ცდილობს  დაძაბულობა არ იყოს და ყველა მიმართ იყოს ერთნაირი დამოკიდებულება. არც ერთი მხარისთვის არ შეიძლება მიკერძოებულობის გამოცხადება, ეკლესია უნდა იყოს ობიექტური. როგორც ამომრჩეველს, სასულიერო პირს უნდა აინტერესებდეს პოლიტიკური პროცესები, მაგრამ  კათედრა, ამბიონი ამისთვის არ უნდა გამოიყენოს,” – აცხადებს მიქაელ ბოტკოველი.

რა მიზნითაა გამოკრული ფოთის მშენებარე საკათედრო ტაძრის გარშემო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პატრიაქრის ფოტობანერები, სწორედ ამ საკითხის გარკვევას მოჰყვა ინციდენტი გუშინ, 13 სექტემბერს, ადგილობრივი ინტერნეტგამოცემის tspress.ge-ის ჟურნალისტებსა და ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლს შორის.

“ბანერების გადასაღებად ვიყავით. სხვადასხვა ადამიანის მიერ გვქონდა მოწოდებული ინფორმაცია და ყველა აღიქვამდა, რომ ეს იყო პოლიტიკური რეკლამა. მანამდე გავესაუბრეთ იქ მშენებლებს და გვინდოდა რაიმე ინფორმაცია მაინც მიგვეღო, ამ დროს გამოჩნდა მეუფე. თავიდანვე არ მივსულვართ, რაღაცაზე საუბრობდნენ და არ გვინდოდა გამოსულიყო, რომ მივეჭერით საუბრის დროს. შემდეგ ისინი შევიდნენ ტაძარში, ერთი საათი ველოდეთ მათ გამოსვლას, შემდეგ ერთი მამაო გამოვიდა და ჩვენი კითხვები მოისმინა, როდის იქნება გახსნა ტაძრის გახსნა, როდის ჩამოდის პრეზიდენტი, როდის იგეგმებოდა ტაძრის კურთხევა და ა.შ.” – ამბობს tspress.ge-ის რედაქტორი ელისო ჯანაშია.

მისივე თქმით, აღნიშნული კითხვები მეუფეს გადასცეს, მაგრამ პასუხის გაცემაზე უარი მიიღეს:

“ამასობაში ისინი გამოვიდნენ და დაიძრნენ კარისკენ. თავს უფლება მივეცი, როგორც საჯარო პირისთვის დამესვა ის კითხვები, რომელიც დღეს აქტუალურია მრევლშიც. როგორც ამბობენ და მისი ქადაგებებიდანაც დასტურდება, ის აქტიურად ერევა წინასაარჩევნოდ პოლიტიკაში.”

ჯანაშიას თქმით, თავიდან გამოცემის ჟურნალისტი მიუახლოვდა და უთხრა “დამლოცე მამაო”, თუმცა მან ზედაც არ შეხედა.”

“მხოლოდ ამის შემდეგ საკმაოდ უწყინარი კითხვა დავუსვით, როდის იხსნება ტაძარი, თუმცა არ გვიპასუხა, მხოლოდ მიდიოდა. ერთ მომენტში ჩანს, თითქოს მოქნევა უნდა კვერთხის, იმ მომენტში შევამჩნიე, მაგრამ ვერ დავიჯერე, თუმცა შემდეგ რაც მოხდა დავიჯერე უკვე, რომ უნდოდა კვერთხის მოქნევა.”

ჯანაშია განმარტავს, რომ თავიდან ის სასულიერო პირებისგან დისტანცირებული იყო.

“ფლიპი რომ გიჭირავს ისე ახლოს ვერ მიხვალ, რომ ადამიანს დაეჯახო, რაღაც დისტანცია ხომ უნდა დაიჭირო?! ის გადმოხტა, ფეხში ჩამარტყა, მხარით და ფეხით ერთდროულად დამეჯახა, ამასობაში მამა თევდორე, რომელიც უკან მოდიოდა ხელში მწვდა და უცებ კამერა გაითიშა. იქ ისმის, რომ ამბობენ გაიწიე, მათ უნდოდათ ჩვენება, თითქოს მე გავლის საშუალებას არ ვაძლევდი მეუფეს, ეს გაითამაშეს იმ მომენტში, ამის შემდეგ უკვე გამეთიშა ფლიპი და მეორე კამერამ გადაიღო ყველაფერი. მამა თეოდორე აქტიურობდა, ფლიპი ხელზე მქონდა ჩამოკიდული და მანამდე მეჯაჯგურა სანამ არ გაწყვიტა ეს თოკი და ფლიპი მთელი ძალით მოისროლა ქვაფენილზე. ფლიპი დაზიანდა, მაგრამ შემდეგ ვეწვალეთ და აღვადგინეთ, გადმოვიტანეთ მასალა.”

ჯანაშია ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ სასულიერო პირები ისე გავიდნენ ინციდენტის ადგილიდან, “თითქოს არაფერი მომხდარა, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ.”

ბანერები ფოთის საკათედრო ტაძრის გარშემო. ფოტო: tspress.ge
ბანერები ფოთის საკათედრო ტაძრის გარშემო. ფოტო: tspress.ge

“როგორც მე კადრები ვნახე ხელს უშლიდა მეუფეს გადაადგილებაში , მეორეს მხრიდან გავიგე ინფორმაცია, რაც გავრცელდა. როგორც ამბობენ, ჟურნალისტის შეკითხვები გამაღიზიანებელი იყო და კორექტული არ იყო, რა ფორმითაც ჟურნალისტი ეპისკოპოსისგან ითხოვდა პასუხის მიღებას. ის, რომ სიუხეშე იყო და კამერას შეეხო სასულიერო პირი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. გასაკრიტიკებელია სასულიერო პირის საქციელი. ფიზიკური შეხება იყო ნამდვილად”, – აცხადებს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

მისივე თქმით, მეუფე გრიგოლი სინოდის წევრია და სწორედ სინოდის კომპეტენციაში მისი ასეთი ქმედების თაობაზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება.

პატრიარქის მდივანი ამბობს, რომ ფოტოები, რომელიც ფოთის საკათედრო ტაძრის გარშემოა გამოფენილი, სავარუდოდ, მაშინ არის გადაღებული, როდესაც პრეზიდენტმა ტაძრის მშენებლობა მოინახულა.

საგურამოს წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარი. ფოტო: frontnews.ge
საგურამოს წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარი. ფოტო: frontnews.ge

ფოთის საკათედრო ტაძრის მსგავსად, სადაც ხელისუფლების მხარდამჭერი სააგიტაციო მასალაა განთავსებული, საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე “ქართული ოცნების”  დროშა ფრიალებს.

მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ “არის სასულიერო პირების კატეგორია, რომელიც ხელისუფლების ქმედებებს მიესალმება და თვლის, რომ ხელისუფლება სწორად იქცევა, ამიტომ ის მხარს უჭერს მას. მეორე მხარე ემხრობა, რომ ხელისუფლებაში ცვლილებები აუცილებელია და ოპოზიციურ აზრს ემხრობიან. თუმცა ამის გამო კონფლიქტი არ ხდება სასულიერო პირებს შორის”.

ელისო ჯანაშია ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით ის აუცილებლად აპირებს მიმართოს შსს–ს:

“სასამართლოს თაობაზეც საიას იურისტებთან გავივლი კონსულტაციას, თუმცა ყველა ვარიანტში ვაპირებ მივმართო სასამართლოს, კერძო საკუთრების ხელყოფაა, მან დააზიანა ჩვენი კამერა. ალბათ, ძველი მასალებიც იყო მიზეზი, ჩვენ გვქონდა მასალა პოლიტიკური კურთხევა, ჩვენ ჩანაწერი გამოვაქვეყნეთ სადაც ჩანს, რომ მეუფე ასე ვთქვათ აქტიურად პოლიტიკოსობს ამბიონზე და ეს შეიძლება ყოფილიყო წინაპირობა, ამას დაემატა ის კითხვებიც, რომელსაც მოჰყვა აგრესია. მხოლოდ იმ წუთში დასმულ კითხვას არ ვუკავშირებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენს მაშინდელ მასალას მოჰყვა მათი განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს, ეს ძალიან მენიშნა, იყო ერთგვარი მუქარის შემცველი განცხადება და ვამზადებდი კიდეც ამაზე მასალას, სავარაუდოდ დღეს მინდოდა ამ მასალის გამოქვეყნება,”- ამბობს ელისო ჯანაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი