თავად ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი – 89% ადევნებს პოლიტიკურ პროცესებს თვალყურს “რუსთავი 2”-ის საშუალებით, 85% – “იმედზე”, 58% – “პირველ არხზე”. ყველაზე ნაკლები – 6% კი “რეალ ტვ”-ის საშუალებით.
გამოკითხულთა 65% მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2” მთავრობის პოზიციას გამოხატავს, 57%-ის აზრით – “იმედი”, ხოლო 50%-ის აზრით “პირველი არხია” ხელისუფლების პოზიციის გამომხატველი.
რაც შეეხება იმას თუ, რომელი არხი გამოხატავს ოპოზიციის ინტერესებს, ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (42%) ტელეკომპანია “მაესტროს” აქვს, მას მოსდევს “კავკასია” (35%) და “მე-9 არხი” (26%).
შეკითხვაზე – ენდობით თუ არა მიმდინარე მოვლენებისა და ახალი ამბების გაშუქებას, ტელევიზიებს შორის ამ კუთხით “საპატრიარქოს არხი” ლიდერობს (10% სრულად ენდობა, 16% – ნაწილობრივ ენდობა).
საზოგადოებრივი მაუწყებლის “მე-2 არხს”, რომელიც თავისუფალ ტრიბუნას აძლევს პოლიტიკურ პარტიებს, გამოკითხულთა 90% არ უყურებს.
გამოკითხულთა 54%-ი მიიჩნევს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში საკმარის ინფორმაციას იღებდა მედიასაშუალებებით იმ პარტიების შესახებ, რომელსაც უჭერს მხარს.
კვლევა – “საზოგადოების განწყობა საქართველოში” – NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარდა 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში და გამოიკითხა 2,038 რესპონდენტი.
კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-3%.