“მინდა გითხრათ, რომ საზღვარგარეთ ყველა ლაპარაკობს იმ ჯადოსნურ ტრანსფორმაციაზე, რომელიც აქ ხდება,” – განაცხადა ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციისას.
„ბათუმის სანაპირო ზოლში ერთადერთი მონაკვეთი გვაქვს, სადაც არ შეიძლება მაღალი კორპუსების მშენებლობა. ეს არის ბათუმის კონცხი, ანუ იქ, სადაც შუქურა აშენდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობა არ შეიძლება, რადგან აქ ბათუმის წყალქვეშა კანიონი ზედ არის მიმდგარი ნაპირთან, მიმდინარეობს გრავიტაციული პროცესები და ძლიერი ტექნოლოგიური დატვირთვა სანაპიროს ჩაქცევას გამოიწვევს,“ – აცხადებს საშა ხორავა, რომელიც საქნაპირდაცვის რეგიონის ყოფილი ხელმძღვანელი, რუსთაველის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველია ნაპირდაცვის საკითხებში.
მაღლივი მშენებლობებისთვის აკრძალულ ზონას საშა ხორავა კიდევ ერთხელ აკონკრეტებს: „ეს ზონა იწყება ე.წ. ანბანის კოშკიდან და გრძელდება პორტის მიმართულებით, იახტკლუბისკენ“.
საშა ხორავას განმარტებით, კანიონი არის ღრმა ხეობა, რომლის სიგანე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე – მისი სიღრმე: “ამ წყალქვეშა ხეობებს უწოდებენ კანიონებს”.
კანიონის ჩაშლის შემთხვევაშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც ნებისმიერი მეწყრული პროცესების დროს:
“ჩაქცევის დროს შეუძლია პლაჟის ნაპირიც გაიყოლოს, როგორც მოხდა რამდენჯერმე. ჩვენ რეკომენდაციები გაკეთებული გვაქვს, რომ ამ კონცხის ტექნოგენური დატვირთვა არ შეიძლება”.
სანაპირო ზოლში, რომელიც, ექსპერტის განცხადებით, ცათამბჯენების მშენებლობისთვის სახიფათო ზონაა, რამდენიმე ცათამბჯენის მშენებლობაა დაგეგმილი. ერთ-ერთი ცნობილი Trump Tower-ია, რომლის მშენებლობაც, ხელისუფლების განცხადებით, 2013 წლისთვის უნდა დასრულდეს.
ტრამპის ორგანიზაციასა და კომპანია „სილქროუდ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება 2011 წელს სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტის დროს გაფორმდა. „სილქროუდ ჯგუფის“ წარმომადგენლის, გიორგი ნიკოლაიშვილის განცხადებით, აქ „ტრამპ თაუერი“ და კომპლექსი „მარინა ვილიჯი“ უნდა განთავსდეს. „160 000 კვ/მ იქნება „მარინა ვილიჯი“, „ტრამპ თაუერი“ კი – 54 000 კვ/მ. თუმცა ეს არის მხოლოდ კონცეფცია, შემდეგ როგორ ტრანსფორმირდება კონკრეტული შენობები და ფართობები, ეს უკვე მომავლის თემაა“.
ცათამბჯენის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ამ დროისთვის მიმდინარეობს მხოლოდ „ტრამპ თაუერის“ გაყიდვების ოფისის მშენებლობა, გრუნტის მდგრადობის შესახებ საბოლოო დასკვნა კი ერთ თვეში გახდება ცნობილი.
აჭარის მთავარი გეოლოგი ტარიელ ტუსკია, რომელიც ცათამბჯენების მშენებლობების ადგილზე მიწის გრუნტს სწავლობს, ამბობს, რომ „სინჯები ლაბორატორიაში გადაგზავნილია, მაგრამ ლაბორატორიული ანგარიშები ჯერ წარმოდგენილი არ არის. ასე რომ, დასკვნა გრუნტის მდგრადობაზე დამკვეთისთვის ჯერ არ გადაგვიცია“.
როგორც ტარიელ ტუსკია ამბობს, გეოლოგიის სამსახურს დასკვნის მომზადება მხოლოდ გრუნტის ფიზიკურ მდგომარეობაზე შეუძლია:
„ჩვენ უფრო ლოკალურ ადგილზე ვაძლევთ დასკვნას, თუ კვადრატული სანტიმეტრი რამდენ დატვირთვას აიტანს, დანარჩენი უკვე კონსტრუქტორების გადასაწყვეტია. დღეს არსებულ დატვირთვას აღნიშნული სანაპირო ზოლი იტანს, მაგრამ რამდენიმე ცათამბჯენი როცა აიგება, ეს როგორ ზემოქმედებას მოახდენს სანაპირო ზოლზე და ზღვაზე, გლობალური საკითხია და ამ დასკვნის გაკეთება ნაპირდაცვითი სამსახურის კომპეტენციაა“.
საქნაპირდაცვის სამსახური ერთი წელია, რაც გაუქმდა და მისი კომპეტენციები საქართველოს საზგაო დეპარტამენტს გადაეცა. ტარიელ ბერიძე გარემოს ეროვნულ სააგენტოში საზღვაო ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. მანამდე იგი საქნაპირდაცვის სამსახურში მუშაობდა. ბურუნთაბიეს კონცხთან დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით ის ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ რაც უფრო ახლოს იქნება მშენებლობები კონცხთან, მით უფრო მეტია რისკი:
„გეოლოგიური ისტორიის თვალსაზრისით, იქ ახალი ქანები, ახალი ტერიტორიები, სამხრეთიდან წამოღებული ნატანის აკუმულაციითაა შექმნილი, ამიტომ მშენებლობის საკითხი კვლევებზეა დამოკიდებული, როგორი ფსკერია, წყალქვეშა ფერდის დამეწყრვის ან ჩაქცევის საშიშროება არის თუ არა და ა. შ“.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თეიმურაზ კაპანაძე კი ამბობს, რომ ცათამბჯენების მშენებლობებთან დაკავშირებით ნაპირდაცვის სამსახურში ინფორმაცია ჯერ არ აქვთ:
„ვერაფერს გეტყვით, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ ამ წუთში. ჩვენს სამსახურში ცათამბჯენების მშენებლობის შესახებ საკითხი არ არის შემოსული, როცა მასალებს და მოსაზრებებს წარმოგვიდგენენ, მაშინ გავარკვევთ“.
შეუქმნის თუ არა საფრთხეს ბათუმის სანაპირო ზოლს ცათამბჯენები, ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია არც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მოეპოვება. ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ
კონცელიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბათუმის სანაპირო ზოლის ბათიმეტრიული კვლევა ჩატარდა და მოხდა სანაპირო ზოლის სიღრმეების შესწავლა, მაგრამ ცათამბჯენები ქმნის თუ არა საფრთხეს, ამის თაობაზე ზუსტი პასუხი არ აქვს:
„სანაპირო ზოლის ბათიმეტრიული კვლევა ამის გაგების შესაძლებლობას არ იძლევა“.
ნოდარ კონცელიძის განცხადებით, ბათუმის ზღვისპირა ზოლში ორი კანიონია. „ერთია ჭოროხის, მეორე კი ბათუმის კონცხი, ანუ ის ტერიტორია, სადაც ბათუმის შუქურა დგას. ბათუმის კანიონის მცირედი მოშლა 1997 წელს მოხდა და მას შემდეგ, ფაქტობრივად, უმნიშვნელოდ არის შევსებული. თუმცა ჩვენმა ექსპერტებმა საჭიროდ აღარ ჩათვალეს კონცხის მოდელირება გაკეთებულიყო, რადგან ჩაქცევის საშიშროება ჯერჯერობით აღარ არის. მართალია, წინასწარ ასპროცენტიანი პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ არა მგონია, საშიშროებას ქმნიდეს კონცხის მიმართ, ეს უფრო გეოლოგების კომპეტენციაა“.
ბათუმის ზღვისპირა ზოლი მუდმივ ხელოვნურ კვებას საჭიროებს, სპეციალისტების თქმით, ამ ზოლში სასურველია ყოველწლიურად ნატანის შეტანა.
„სანამ ნაპირგამაგრებითი გეგმა არ განხორციელდება, ეს აუცილებელია. ბურუნთაბიეს კონცხზე წელს არ მომხდარა ნატანის შეტანა, რადგან სამთავრობო კომისიამ ეს აქტუალურ საკითხად არ ჩათვალა“, – ამბობს ნოდარ კონცელიძე.
ნაპირგამაგრებითი სამუშაოები წელიწადში 300 000 ლარი ჯდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით კი ჰოლანდიური კომპანია „არქადისი“ მუშაობს სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრების გენერალურ გეგმაზე, რომელიც ჯერ არ წარმოუდგენიათ. ნოდარ კონცელიძის ინფორმაციით, პროექტის წარმოდგენის ვადა ხუთ აგვისტოს იწურება.
„ამ პროექტის განხორციელებისთვის 50-დან 90 მილიონ ევრომდეა საჭირო, რომ ბათუმის მონაკვეთზე ნაპირგამაგრებითი სამუშაოები დასრულდეს“.