აქციის ფარგლებში ორგანიზატორებმა– არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” და ადგილობრივმა ორგანიზაცია “სტეფანწმინდამ” გერგეთის სამების ასასვლელთან გასაბერი ჰესი დადგეს.
ჰესიდან გამომავალი წყალი თევზის ჩონჩხებით იყო გაფორმებული, რაც მოსახლეობისთვის იმ საფრთხეების შესახებ ინფორმირებას ისახავდა მიზნად, რაც შესაძლოა ჰესის აშენებას მოყვეს:
“პროექტის ფარგლებში ხდება მდინარე თერგის წყლის დაახლოებით 90%–ის მილში გადაგდება, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები და კლდე იბურღება, შედეგი იქნება ის, რომ ძალიან შეიცვლება დარილის ხეობაში მთლიანად ბუნება, ეკოსისტემა, ეს გაანადგურებს წითელ წიგნში შეტანილ კალმახს თერგში, რადგან ფაქტიურად თერგი აღარ იქნება, ეს იქნება პატარა ნაკადული”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “სტეფანწმინდას” წარმომადგენელმა შოთა ბუჩუკურმა. მისი თქმით, ადგილობრივ მცხოვრებლებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რეალურად რა შედეგი შეიძლება მოყვეს მშენებლობას, სწორედ ამიტომ, ორგანიზატორებმა აქცია გერგეთობის დღესასწაულს და ხალხმრავლობას დაამთხვიეს. აქციის პარალელურად მოგროვდა ხელმოწერებიც.
ჰესის მშენებლობის პროექტს კომპანია “დარიალ ენერჯი” ახორციელებს, რომელმაც “ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად სამეცნიერო–კვლევითი ფირმა “გამა” დაიქირავა. მათ ანგარიშში აღნიშნულია, რომ “ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროცესში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის”.
ანგარიშში ასევე აღნიშნული იყო, რომ ჰესის საპროექტო არეალი ყაზბეგის ეროვნულ პარკს მოიცავდა, მიუხედავად ამისა, სწორედ ამ ანგარიშის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მშენებლობის ნებართვა გასცა.
“მწვანე ალტერნატივაში” ამ ფაქტებს კანონდარღვევად აფასებს:
“წყალთან დაკავშირებით არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. რამდენი წყალი მოდის მდინარეში, ისიც არ არის გაზომილი, ამიტომ აიღეს მაქსიმუმი. ეს დასკვნაც, რომ გარემოზე ზემოქმედება არ მოხდება, ჰაერიდან დაიდო, თუმცა ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ გამოინახოს ისეთი საპროექტო გადაწყვეტა, რომლითაც დაცული იქნება ბალანსი ენერგეტიკასა და ეკოლოგიას შორის. ამისათვის ჩვენ ვითხოვთ ჰესის მშენებლობის შეჩერებას და პროექტის გადახედვას”, – აცხადებს “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი.
დარიალის ჰესის მშენებლობა დაახლოებით ერთი წელიწადია, რაც დაიწყო და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე 109 კვტ–იანი ჰესის მშენებლობის დასრულება 2014 წლისთვისაა დაგეგმილი.







