საზოგადოება

მართლმადიდებლების ნაწილი ID ბარათების აღებას მაინც არ აპირებს

6 ივლისი, 2012 • 2285
მართლმადიდებლების ნაწილი ID ბარათების აღებას მაინც არ აპირებს

შეკრებილებს შორის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის წევრების გარდა იყვნენ ადამიანები, ვინც აქციის შესახებ ეკლესიაში შეიტყო და იმის გასაგებად მოვიდა, მართლა უქმნის თუ არა პირადობის მოწმობა მათ რწმენას საფრთხეს.

შეკრებილთა ნაწილი პროტესტს გამოთქვამდა იმის გამო, რომ სხვა მღვდლებისგან განსხვავებით, მოძღვრებმა პირადობის მოწმობის აღების გამო მათ ზიარება აუკრძალეს, თუმცა აქციის მონაწილეთა უმეტესობა “ანტიქრისტეს ბეჭდის” არსებობაში, სინოდის გადაწყვეტილების მიუხედავად, სრულიად დარწმუნებული იყო.

მრევლში ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებისთანავე უამრავი შეკითხვა გაჩნდა, თუმცა გაუგებრობას ხელი შეუწყო იმან, რომ არ არსებობდა ერთიანი აზრი სასულიერო პირებს შორის. ზოგიერთი ეკლესიის მოძღვარი ID ბარათს დასაშვებად მიიჩნევდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი მოწმობის აღების გამო მრევლს უზიარებლობით სჯიდა.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე გვანცა დონაძე ამბობს, მრევლმა საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა მოქმედება და ბიომეტრული ბარათების წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო:

“ვითხოვთ ხელისუფლებისგან, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეებზე იძულების წესით (საგანგებოდ შემოღებული კანონებით) ადმინისტრაციული ძალადობა და ახალი საბუთების, ელექტრონული პირადობის მოწმობის, ბიომეტრული პასპორტის, პლასტიკური ბარათების აღება მოხდეს მხოლოდ ნებაყოფლობით – არა სავალდებულო წესით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც, მისი თქმით,  ხელი 30 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

გვანცა დონაძის განცხადებით, ID ბარათების თემა წმინდა სინოდის წინა სხდომაზეც განიხილებოდა, რის შემდეგაც “ახალი ბარათების შემსწავლელი კომისია” შეიქმნა მეუფე იობის ხელმძღვანელობით:

“თუმცა ჩვენ არ ვიცით, რას აკეთებდა ეს კომისია, რადგან ბარათების აკრძალვა ჯერაც არ მომხდარა”, – ამბობს გვანცა დონაძე.

“სპეციალისტებისთვის ცნობილია ID ბარათის ერთ-ერთი მახასიათებლის “აბდეითის” ანუ განახლების ფუნქციის შესახებ, რომლის მეშვეობითაც პროგრამის განახლება და ბარათზე ინფორმაციის შეცვლაა შესაძლებელი. ეს თავის მხრივ შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მხარეს, რომ მიკერძოებულად შექმნას მისთვის არასასურველი პირების ე.წ. შავი სიები. მოქალაქეთა პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება კი საბოლოოდ ტოტალური კონტროლისა და ტირანიის დამყარებამდე მიგვიყვანს”, – წერია ბროშურაში, რომელსაც  5 ივნისს  “მართლმადიდებელთა კრებულის” წარმომადგენლები არიგებდნენ.

დღის ბოლოს წმინდა სინოდმა ბიომეტრულ ბარათებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა. სინოდის განჩინებით:

“სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია”

მიუხედავად ამ დასკვნისა, მრევლის ნაწილს მაინც სჯერა, რომ ბარათის აღება კატეგორიულად დაუშვებელია:

“ამის შესახებ წმინდა მამებს უწერიათ და რა მნიშვნელობა აქვს, რას გადაწყვეტს სინოდი, მათი გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესებსაც ითვალისწინებს, ამ ბარათში ჩაშიფრულია 666, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვინც ეს პირადობა აიღო, აუცილებლად უნდა დაწვას, ჩვენ ვითხოვთ ჩვეულებრივი პირადობის მოწმობების არსებობას, რადგან ეს ეშმაკის დაღია”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ იზა ჩილაჩავამ.

სწორედ იმ ადამიანების ინტერესების გასათვალისწინებლად, ვინც ბარათის აღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, წმინდა სინოდი საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავს:

“რადგან ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები”, – ნათქვამია სინოდის განცხადებაში.

როგორც მთავრობის კანცელარიაში აცხადებენ,  საპატრიარქოს მხრიდან ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ შესულა.

სოფელ ჭოპორტის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი დავითი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ამ დათმობაზე უნდა წავიდეს:

“იმედია, სახელმწიფო ამ დათმობაზე წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს ელემენტარულად ბანკის მომსახურებით სარგებლობაც არ შეეძლებათ”, – განაცხადა მამა დავითმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი