საზოგადოება

სკუტერები ნაპირთან ახლოს

5 ივლისი, 2012 • 5411
სკუტერები ნაპირთან ახლოს

 

ბათუმელი მალო მანელიშვილი პლაჟზე ხშირად დადის. ის ამბობს, რომ სკუტერები მისთვის და სხვა დამსვენებლებისათვის სახიფათოა. „ხშირად არის შემთხვევა, როცა სანაპიროზე ჩავალ და ვხედავ, როგორ დაუდევრად ატარებენ. თან მოდიან ძალიან ახლოს სანაპიროსთან. ეს გვიქმნის საფრთხეს ყველას. წინა წლებში იყო შემთხვევა, რომ ამ დაუდევრად მართვას ადამიანები ემსხვერპლნენ. მეც ამის გამო მეშინია. მე არასდროს მისარგებლია და არც ვაპირებ, მეშინია,“ – ამბობს მალო.

გასულ კვირას ბათუმის ბულვარის მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა მირანდა ესაკიამ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ბულვარის გასწვრივ სანაპირო ზოლზე სკუტერებით მოძრაობა აიკრძალება.
„ბათუმის სანაპირო ზოლზე სკუტერები არ იქნება,“ – განაცხადა მან. თუმცა მოგვიანებით ამავე სამსახურში ეს განცხადება უარყვეს და განაცხადეს, რომ მაშინ, როცა ეს განაცხადეს, ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ იცნობდნენ.
ბათუმის საკრებულომ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟზე ზომამცირე გემების (კატარღა, მოტონავი, ჰიდროციკლი, წყლის ველოსიპედი, ნავი) ბაზირების პუნქტები განკარგულებით 26 ივნისს განსაზღვრა.


ამ განკარგულების მიხედვით, სკუტერებით და სხვა მცირე ზომის მცურავი საშუალებების ბაზირების ადგილად შავიზღვისპირა ზოლში შემდეგი ადგილები განისაზღვრა: კვარიათის დასახლება, გონიოს დასახლება, ახალი ბულვარის ტერიტორია, რესტორან სან-რემოს მიმდებარე ტერიტორია, ბულვარის ტერიტორია უნივერსიტეტის მიმდებარედ, ბარცხანის დასახლება, თამარის დასახლება, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია.

ჩამოთვლილ ტერიტორიებზე მცურავი საშუალებებისთვის დატოვებულია გასასვლელი დერეფანი. საკრებულოს განკარგულებაზე კონტროლს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ახორციელებს. 

„იქ, სადაც განსაზღვრული არის საკრებულოს მიერ სპეციალური კორიდორი, მეწარმეებს, ვისაც მცურავი საშუალება აქვს, ჩვენ ვაძლევთ სპეციალურ ტივტივებს, რომლებითაც კეთდება ზოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ზოლის წინ ბანაობა აკრძალულია და დაშვებულია მხოლოდ მცურავი სატრანსპორტო საშუალების ნაპირთან მოსვლა და გასვლა. უშუალო მონიტორინგს სანაპირო დაცვა ახორციელებს, მაგრამ მასთან ერთად ჩვენი სამსახური მონიტორინგის ერთ-ერთი ორგანოა,“ – ამბობს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი გოჩა კახიძე.



რა ხდება მაშინ, როცა რომელიმე მცურავი საშუალება დაწესებულ ნორმებს არღვევს. ნორმების დარღვევის გამო დაჯარიმების უფლება სანაპირო დაცვას აქვს. „ბათუმელები“ დაინტერესდა სტატისტიკით, დღემდე რა ოდენობის ჯარიმებია გამოწერილი და რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ე.წ. სკუტერების დაუდევრად გამოყენებას. ამ ინფორმაციის და პასუხისმგებელ პირისგან კომენტარის მიღებას ოთხი დღის მანძილზე ვცდილობდით, თუმცა, უშედეგოდ.

 

რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა განსაზღვრული. ამ კოდექსის 114 მეორე მუხლის მიხედვით, რომელიც საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევას ეხება, ზომამცირე გემების მფლობელებს სოლიდური ჯარიმები ელით. ასე მაგალითად, ზომამცირე გემის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შეუტყობინებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ზომამცირე გემით სარგებლობის, მათ შორის, ცურვის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. თუ ფიზიკური პირი კუთვნილი ბაზირების პუნქტის მოწყობის წესებს დაარღვევს, 50 ლარით დაჯარიმდება. თუკი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 მეორე მუხლის მიხედვით გათვალისწინებული რომელიმე პუნქტი დაირღვევა, რომელიც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გამოიწვევს, დაექვემდებარება დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

სკუტერები ნაპირთან ახლოს
სკუტერები ნაპირთან ახლოს

მასალების გადაბეჭდვის წესი