საზოგადოება

სააკაშვილის კრიტიკა და მიმინოშვილის პასუხი

4 ივლისი, 2012 • 1062
სააკაშვილის კრიტიკა და მიმინოშვილის პასუხი

“გამოცდების ეროვნული ცენტრი იყო კანტორა, რომელიც ერთი თვით იღებოდა, ჩატარდებოდა გამოცდები და შემდეგი 11 თვე მისი თანამშრომლები არაფრის კეთებაში ჩემზე სამჯერ მეტ ხელფასს– 8000, 9000 და 15 000 ლარებს იღებდნენ. ეს არ იყო სოციალური სამართლიანობა. ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ, გამოცდების ეროვნული ცენტრი წელიწადში 12 თვე მუშაობდეს და ადამიანებს ყოველთვე შეეძლოთ გამოცდების ჩაბარება და კვალიფიკაციის ამაღლება,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი, მისაღები გამოცდების გარდა, სასერთიფიკაციო, სამაგისტრო და სტუდენტთა გამოცდებსაც ატარებს.


“ასევე, ატარებს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას (2011 წლის ბოლომდე საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს), კიდევ რამდენიმე აქტივობას, აღარაფერს ვამბობ საცდელ ტესტირებებზე. ეს ყველაფერი ყოველდღიურ, უმძიმეს შრომას მოითხოვს 12 თვის განმავლობაში! ისე, ვერაფრით ვხსნი, რატომ დასახელდა ასეთი უცნაურად დიდი ხელფასები, რომელთაც რეალურთან საერთო არ აქვს…” – ნათქვამია მიმინოშვილის “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.


მიხეილ სააკაშვილმა განათლების სამინისტროში სასკოლო პროგრამისა და ეროვნული გამოცდების შეუსაბამობაზეც ისაუბრა. მისი თქმით,  მსგავსი შეუსაბამობა მუდმივად ქმნიდა რეპეტიტორების საჭიროების პრობლემას და ამით მოსახლეობის გარკვეული ფენა იჩაგრებოდა:


“ეს სოციალური უსამართლობაა. ყველა ადამიანი თანაბარ ვითარებაში უნდა იყოს და არა მარტო ის, რომელსაც 2000, 3000 და 4000 ლარი აქვს გამოყოფილი რეპეტიტორებისთვის. ყველა ადამიანს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩააბაროს ეროვნული გამოცდა,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მაია მიმინოშვილი პრეზიდენტის ამ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია მუდმივად ადასტურებდა, რომ საგამოცდო პროგრამები სასწავლო გეგმებთან სრულ შესაბამისობაშია და ეს ყოველთვის ასე იყო.


“ეს არ იყო გამოცდები პრივილეგირებულებისათვის – ამაში აბიტურიენტები და და სტუდენტებიც დამეთანხმებიან. ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საქართველოს პირველ პირს. ის ამბობდა, და სრულიად ვეთანხმები, რომ ამ გამოცდებმა საქართველოს რაიონების, სოფლების მოსწავლეებს გზა გაუხსნა პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლებისაკენ,” – ნათქვამია მიმინოშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მაია მიმინოშვილმა ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, ნუ მიაყენებენ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას მის ყოფილ კოლეგებს:


“ამ ადამიანებმა მართლა ბევრი გააკეთეს ამ ქვეყნისთვის, მათ ნაწილს კი ღირსების ორდენი აქვს მიღებული. მერწმუნეთ, ისინი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგაც ამ ქვეყნის სამსახურში დარჩებიან. შევეჩვიე, რომ ჩემ მიმართ ათასი დაუსაბუთებელი ბრალდების წამოყენება პოლიტიკურად მომგებიანია, მაგრამ მორალური უფლება არ მაქვს, მშიდად მივიღო ჩემი კოლეგების მისამართით წამოყენებული არარეალური ბრალდებები,” – განაცხადა მიმინოშვილმა.


საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან მოქმედებს, თუმცა მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა იცვლება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან მიმდინარე წლის მაისში გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი