საზოგადოება

სიკვდილი და კრემაცია საქართველოში

8 ივნისი, 2012 •
სიკვდილი და კრემაცია საქართველოში

სიკვდილიანობა  საქართველოში 

თბილისის მერიის დამკრძალავი სამსახურის –შ.პ.ს “ჰერმესის” საკუთრებაში 32 სასაფლაოა, რომელიც დედაქალაქის 656 ჰექტარზეა გაშლილი, რაც თბილისის 36. 5 00 ჰექტარის   1,87%–ია.  კერძო სასაფლაოების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. თბილისში მათი რიცხვი   დაახლებით 20-მდეა და დედაქალაქში  სასაფლაოების საერთო მოცულობას მნიშვნელოვნად ზრდის.

სტატისტიკურად ყოველთვიურად თბილისში 600–700–მდე დაკრძალვა რეგისტრირდება, ხოლო მთელი საქართველოს მასტაბით – 50 ათასამდე. გარდაცვლილთა რიცხვიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე იზრდება სასაფლაოების ფართობიც, რომელიც მრავალ პრობლემას უქმნის დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და ინფრასტრუქტურას. გავსებული სასაფლაოების გამო უკვე დახურულია თბილისის ცენტრში მოქმედი რამდენიმე სასაფლაო – ვაკე–საბურთალოს, ე.წ კუკიის სასაფლაო, ვერის სასაფლაო და სხვა.

დედაქალაქის გაზრდილი მოსახლეობის პროპორციულად იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც.  წარმოადგენს თუ არა ეს საფრთხეს და არის თუ არა მიცვალებულთა კრემაცია გამოსავალი?

ქვეყანა კრემატორიუმის გარეშე

ხატია ბერიკაშვილი  თბილისის სასაფლაოებზე არსებულ პრობლემაზე უკვე მესამე თვეა კვლევას ატარებს.  სტუდენტმა ქალაქის ყველა სასაფლაო დეტალურად შეისწავლა. სასაფლაოებზე არსებული არეულობის გამო საკუთარ კვლევას უჩვეულო სახელი “სა– ფლავი” უწოდა, მას მიაჩნია, რომ თბილისის ყველა სასაფლაოზე ისეთივე არეულობაა, როგორც კერძ “ფლავში”.

“არც კერძო და არც მერიის გაკეთებულ სასაფლაობზე არ არის სასაფლაო ინფრასტრუქტურა. დარღვეულია სანიტარული ნორმები, არ არის წყალი. საქართველოს კანონმდებლობით, სასაფლაო დასახლებული პუნქტიდან მინიმუმ 300 მეტრში უნდა იყოს განთავსებული, ვერის სასაფლაო კი საცხოვრებელი ადგილიდან 3–4 მეტრშია. სასაფლაოების რიცხვის ზრდას, კრემატორიუმის არსებობა მოხსნიდა, თუმცა, რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე, კრემატორიუმის გაკეთება ძალიან რთული იქნება” – ამბობს სტუდენდი ხატია ბერიკაშვილი.

გივი შავდია 1970 წელს  შემუშავებული ქალაქ თბილისის ურბანული გეგმის ავტორია. იგი ამბობს, რომ ამ გეგმის თანახმად თბილისში, კერძოდ კი, მუხათგვერის სასაფლაოზე კრემატორიუმის შენება იგეგმებოდა.

“გეგმაში იყო კრემატორიუმის გაკეთება და ამის მონახაზებიც არსებობდა, აშენდა შენობის ნაწილიც, სადაც უნდა განთავსებულიყო კრემატორიუმი. მისი გამოყენება კი ქალაქის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრებოდა” – ამბობს არქიტექტორი გივი შავდია.

ქალაქ თბილისის არქიტექტურული გეგმა უკანასკნელად 2003 წელს განახლდა. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ კრემატორიუმი ახალ გეგმაში დატანებული  არ არის.

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაქტერიების, ვირუსების და ბიოუსაფრთხოების განყოფილების  დირექტორი  შოთა ცანავა ფიქრობს, რომ კრემატორიუმის არსებობა საქართველოში გადაუდებელი აუილებლობა არ არის, თუმცა ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე:

“საქართველოში გვამური კრემატორიუმის საჭიროება, რა თქმა უნდა, არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ვსაუბრობთ საშიშ დაავადებებზე და ვირუსებზე, რომელსაც მოსახლეობაში მსხვერპლი მოსდევს. კრემატორიუმი უნდა არსებობდეს, როგორც სახანძრო, დამხმარე რაზმი”.

მისი თქმით,  კრემაციას,  როგორც დაავადებების თავიდან აცილების საშუალებას, ჯერ კიდევ  ადრეულ პერიოდში მიმართავდნენ და ეს მეთოდი არც დღეს კარგავს აქტუალობას.

კულტურული ტრადიცია კრემატორიუმის წინააღმდეგ

კრემაციის კულტურა განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებშია გავრცელებული – ინდოეთსა და ჩინეთი. ის სათავეს  უმთავრესად რელიგიაში და სოციალური გარემოში იღებს. ინდოეთში  არსებობენ გვარები, რომელთაც ცეცხლის მცველებს უწოდებენ, მათ ფუნქცია გარდაცვლილისათვის ცეცხლის მოკიდებაა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია კრემაციასთან დაკავშირებით უარყოფითია – ეკლესია კრემაციას კრძალავს. პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, ადამიანის მიწისთვის მიბარება ეს არის ბუნებითი წესი, რომელიც ოდითგანვე მოდის და ასეც უნდა შენარჩუნდეს.

“კონკრეტულად ბიბლიაში ან რომელიმე წერილში სხეულის დაწვის შესახებ სწავლება არ არის დაცული, თუმცა მაშინ, როცა ბიბლია იწერებოდა, არავის მოუვიდოდა თავში, რომ სხეული დაეწვათ. იმ მართლმადიდებლების მიმართ, ვინც კრემაციას მიმართვას, ეკლესია მათ არ მოკვეთავს, ანუ გარდაცლილს ჩვეულებისამებრ აუგებენ წესს და ყველა საჭირო რიტუალს, ვინაიდან ჩვენ ვლოცულობთ ადამიანის სულისათვის და არა სხეულისათვის, თუმცა ჩვენი ეკლესია ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სხეულის დაწვას, ” – განაცხადა პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა.

თეოლოგი ბასილ კობახიძის განმარტებით, მართლმადიდებლური ეკელესია საფუძველში  კრემაციის იდეას არ ეწინააღმდეგება.  ამის დასტურია თუნდაც პირველი საუკუნის საეკლესიო მწერლის მენიციუს ფენიქის ჩანაწერი, სადაც იგი წერს, რომ ეკლესიას – “არ ეშინია სხეულის დაკრძლვის არანაირი ფორმის”.

“ბიბლიაში მოციქული იაკობი წერს, რომ სხეული სულის გარეშე მკვდარია, მაშინ როგორ უდნა აღდგეს სხეული მეორედ მოსვლის დროს, თუ ის დამწვარია?! შეიძლება ეს არგუმენტი გამოყენონ კრემაციის აკრძალვის მიზეზად, თუმცა ამის საპირწონეა იოანეს გამოცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მეორედ მოსვლის დროს უფალი თვით ყველაზე დანაწევრებულ სხეულსაც კი უვნებლად აღადგენს, ანუ ამ შემთვევაში არანაირი მნიშველობა არ აქვს, სხეული დამწვარია თუ დამარხული.” – ამბობს თეოლოგი ბასილ კობახიძე.  

საინტერესოა ის მოვლენა, რომ გარდაცვლილი სხეულის დაკრძალვის თავისუფლება მერვე საუკუნეში კარლოს დიდის აკრძალვით შეიცვალა – მისი ბრძანებით სხეულის დაწვა აიკრძალა. ეს მიდგომა მართლმადიდებლურ ეკლესიას დღესაც შენარჩუნებული აქვს.

დროსთან ერთად ღირებულებების გადაფასება ხდება და კრემატორიუმის იდეასაც სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს. ისინი, ვისთვისაც კრემაცია სასურველი დაკრძალვის ფორმაა,  ძირითადად იმ მოტივით ხელმძღნელობენ, რომ კრემაცია გაცილებით უფრო ჰუმანურია, ვიდრე დაკრძალვა.

“სიკვდილის საკითხი არის ძალიან ინდივიდუალური და პირადული, ამიტომ კრემაციის საკითხზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის მოსაზრება, თუ რა სურს მას – კრემაცია თუ დაკრძალვა.  ეს უნდა იყოს არჩევენი  და არა რელიგიური დოგმა. ჩემთვის მისაღებია კრემაცია და მე მინდა, რომ კრემაცია გამიკეთონ, თუმცა არიან ადამიანები, ვისთვისაც აქსომაა ის ფრაზა: “მიწა ხარ და მიწად იქცევი,“ – ამბობს თბილისის მცხოვრები დავით კახაბერი.

“კრემაცია ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ რელიგიას და ქართულ ტრადიციას. ბიბლია ამბობს, რომ ქრისტიანი ადამიანი მიწას უნდა მიბარდეს, მიწად უნდა იქცეს, ამიტომაც ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მიუღებელია კრემაცია” – სტუდენტი გიორგი ვახულაძე.

“მიმაჩნია, რომ კრემაცია ეს არის გაცილებით ჰუმანური და ცივილიზებული ფორმა. მე ქართული დაკრძალვის რიტუალი არ მომწონს, სწორედ ამიტომ ანდერძად დავიბარებ, რომ კრემაცია გამიკეთონ და ფერფლი ზღვაზე გაფანტონ, ამიტომ საჭიროა კრემატორიუმის არსებობა!” – თამარ გაჩეჩილაძე.

მსოფლიოს მასშტაბით კრემაცია ფართოდ გავრცელებული  ფორმაა და გამოიყენება მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც –  რუსეთსა  და საბერძნეთში. სტატისტიკის თანახმად კრემაცია მთელ მსოფლიოში თითქმის ორჯერ იაფია, ვიდრე დაკრძალვა. ამერიკაში დაკრძალვის მომსახურება 2000 დოლარიდან იწყება, ხოლო კრემაცია –1000 დოლარიდან, დიდ ბიტანეთში დაკრძალვა 1750 ფუნტიდან იწყება, ხოლო კრემაცია 890 ფუნტი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი