არასამთავრობო ორგანიზაცია ”მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისთვის” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 70 ბავშვსა და მათ მშობელს აერთიანებს.
ორგანიზაციის თავმჯდომარის ნანა ლეჟავას განცხადებით, ვერც ერთი ბავშვი პენსიაზე დანამატის სანაცვლოდ შეთავაზებულ დაზღვევას ვერ იყენებს:
”არც ერთ ბავშვს, ვინც მძიმე მდგომარეობაშია, არც ერთ ბავშვს, ვინც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, ვიცი, რომ ეს დაზღვევა არ ადგება. დაზღვევაში არ შედის არც ერთი ისეთი ანალიზი, რომელიც ამ ბავშვებს ყველაზე ხშირად ესაჭიროებათ, ასევე არ შედის მედიკამენტები, რომლებსაც ისინი მუდმივად მოიხმარენ”, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ნანა ლეჟავა სადაზღვევო პაკეტის რამდენიმე ნაკლზე საუბრობს. მისი თქმით, დაზღვევაში შეტანილია ოპერაციის თანხის ანაზღაურება, რაზეც მუდმივად კეთდებოდა აქცენტი, თუმცა ეს არის ოპერაცია, რომელიც შესაძლოა ბავშვებს არასოდეს დასჭირდეთ:
”ოპერაციის გარდა, ამ ბავშვებისთვის ფაქტიურად არაფერი არ ფინანსდება, ვინაიდან ისინი არიან ქრონიკულად დაავადებული. დაზღვევაში წერია რომ შეგვიძლია ვისარგებლოთ უბნის ექიმის მომსახურებით, ან ბავშვებს გავუკეთოთ სისხლისა და შარდის ანალიზი, თუმცა ეს ანალიზები გაცილებით იშვიათად გვჭირდება და გაცილებით იაფია, ვიდრე, მაგალითად, ენცეფალოგრამა, რომელსაც ჩვენი შვილები მუდმივად საჭიროებენ”, – აცხადებს ნანა ლეჟავა.
ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს, ნანა ლეჟავას განმარტებით, ხშირად ემართებათ კრუნჩხვები, ექიმი კი ყოველი კრუნჩხვის შემდეგ ენცეფალოგრამის გადაღებას ნიშნავს, რაც 60 ლარი ჯდება და სადაზღვევო პაკეტში შეტანილი არ არის.
დაზღვევა მედიკამენტოზურ მკურნალობასაც ნაწილობრივ აფინანსებს:
”პაკეტში შეტანილია, თითქოს ფინანსდება წამლების შეძენა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოცემული გვაქვს იმ წამლების ჩამონათვალი, რომელზეც გვეკუთვნის ფასდაკლება, ეს არის, მაგალითად, წნევის, თავის ტკივილის წამლები და არა ის ძვირადღირებული მედიკამენტები, რაშიც უამრავ თანხას ვიხდით.”
ჩამოთვლილი ხარვეზების გამო ნანა ლეჟავა აცხადებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გაცილებით გამოსადეგი იყო ის 10– ლარიანი დანამატი, რომელიც 2012 წლის იანვარში მოიხსნა.
იგივეს ამბობს ორგანიზაცია “დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენელი კობა ნადირაძე:
”მე უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ეს დაზღვევა სრულიად გამოუყენებელია. როდესაც ადამიანი 16– ლარიან წამალს ყიდულობ და ამ თანხის 70%-ის ასანაზღაურებლად რამდენიმე ადგილზე გიწევს მისვლა, მათ შორის სადაზღვევო კომპანიაში განცხადების დასაწერად და ა.შ. უბრალოდ არ ღირს, რადგან შშმ პირები მარტო გადაადგილებისას ხარჯავენ ამაზე ბევრად მეტ თანხას. ჩვენ ვერც მეტროთი ვსარგებლობთ და ვერც ავტობუსით”, – აცხადებს კობა ნადირაძე.
არაასაკობრივი პენსიონერები 70– ლარიან დახმარებასთან ერთად 10 –ლარიან დანამატს დაახლოებით ერთი წლის მანძილზე იღებდნენ, ეს დანამატი მანამდე უნდა გაცემულიყო, სანამ პენსიის საყოველთაო ზრდა მოხდებოდა, თუმცა 2012 წლის დასაწყისში დანამატი სადაზღვევო პაკეტმა ჩაანაცვლა:
”ამ კატეგორიის ადამიანებისათვის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს”, – აცხადებდა მერიის კულტურისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა.
შშმ პირთა დაზღვევას ტენდერის საფუძველზე გამარჯვებული კომპანიები– “ჯი პი აი ჰოლდინგი”, “ირაო” და “არქიმედე გლობალ ჯორჯია” ახორციელებენ.
მათთვის კი, ვინც ამ ინიციატივამდეც დაზღვეული იყო, თბილისის მერიას ელექტროენერგიის ვაუჩერები უნდა გაეცა, თუმცა შშმ პირებს ვაუჩერები დღემდე არ მიუღიათ.