საზოგადოება |

არტერიული წნევის მიზეზების დადგენა საქართველოშიც შესაძლებელია

31 მაისი, 2012 | | 2729
არტერიული წნევის მიზეზების დადგენა საქართველოშიც შესაძლებელია

ბაჰამი, ლესოტო, ლიბერია, მალდივები და საქართველო –  ეს ხუთი ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში არტერიული წნევის გავრცელების სიხშირით მოწინავე ქვეყანათა ნუსხაშია.

საქართველოს მონაცემი ყველა მეზობელი ქვეყნის ამავე მონაცემს აჭარბებს.
არტერიული წნევების სიხშირესთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საგანგაშოს უწოდებენ.

„აქამდე ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ აფროამერიკელებით დასახლებულ ქვეყნებში (52 %) იყო გავრცელების ყველაზე დიდი სიხშირე და ყოველთვის უამრავი რესურსი იხარჯებოდა ამ ქვეყნებში არტერიული წნევის მონიტორგის პროგრამებზე. ჩვენთან კი ეს რიცხვი 60 %-ს აჭარბებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი სოციალური პრობლემა,“- ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გაიანე სიმონია.

სიმონია იმ პროგრამის მონაწილეა, რომლის განხორციელებაც საქართველოში ცოტა ხნის წინ დაიწყო.

პროგრამა, რომელიც არტერიული წნევის პრევენციის მიზნით საქართველოში შეიქმნა, შვეიცარიის სამედიცინო ფონდისა და ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.

„ეს არის არაკომერციული პროექტი, რომელიც არტერიული წნევის განმსაზღვრელი ბიო-მარკერებით წნევის ტიპირებას ითვალისწინებს, ასევე ტარდება გენეტიკური კვლევა, რათა დადგინდეს წნევის გენეტიკური ფაქტორის მიზეზი. ასეთი კვლევები მსოფლიოში ძალიან ძვირადღირებულია. კვლევების შემდეგ კი იწყება მიზანმიმართული მკურნალობა. აქამდე ამ ყველაფრის შესაძლებლობა საქართველოში არ არსებობდა. დღეს კი ამის საშუალება სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი,“- ამბობს პროგრამის მონაწილე გაიანე სიმონია.  

სიმონია განმარტავს, რომ საქართველოში აქამდე სპეციალისტებს მხოლოდ იმის თქმა შეეძლოთ,  წნევა პირველადია თუ მეორადი.


მეორად  წნევას სხვადასხვა ორგანო იწვევს და არტერიული წნევების მხოლოდ 10 %-ს შეადგენს.

აღნიშნული პროგრამა კი არტერიული წნევის პირველადი ჯგუფის მიზეზებს ადგენს.

„ნებისმიერ ადამიანს სხვადსხვა მიზეზით აქვს წნევა. შესაბამისად, ყველას ერთი და იგივე მედიკამენტი არ შველის და ამიტომ მკურნალობა არაეფექტური ხდება. წნევა, რომელიც დაახლოებით 40 წლის ასაკის შემდეგ პროგრესირებს, ხდება მიზეზი ძალიან ბევრი დაავადების, პირველ რიგში, ინსულტის, მიოკარდიუიმის ინფარქტის, მხედველობის, თირკმლების დაზიანების და ა.შ. ამიტომ არის მიჩნეული წნევა ნომერ პირველ მკვლელად. როდესაც წნევა იწევს, იწყება თავის ტვინის დაზიანება, თავიდან უმნიშვნელოდ. ჯერ მხესიერების პრობლემები ჩნდება, თავის ტკივილი, წონასწორობის დაკარგვა, სხვადასხვა ნევროლოგიური პრობლემა და, საბოლოო ჯამში, საქმე შეიძლება ინსულტამდეც მივიდეს. არსებობს მცდარი შეხედულება და ხშირად ექიმებსაც არ აქვთ ინფორმაცია, რომ ასაკში არ უნდა მატულობდეს წნევა. ერთსა და იმავე ზღვარზე უნდა იყოს ბავშვებშიც და ხანდაზმულებშიც,“- ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გაიანე სიმონია.

პროგრამის მონაწილეები წნევის გამომწვევი ფაქტორების დადგენის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჰიპერტენზია დაღმავალი გზით მშობლებიდან შვილებზე გადადის და თუ მშობელს წნევა აწუხებს, პრევენციული ღონისძიებების ჩატარება შვილებისთვისაც აუცილებელია.

წნევის მკურნალობის სქემას სპეციალისტები ცხოვრების წესით, განსაზღვრული კვებითა და შესაბამისი ჯგუფის პრეპარატებით ადგენენ.

პროგრამამ, რომელსაც სამედიცინო უნივესიტეტის შინაგანი მედიცინის კათედრა ახორციელებს, ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში დაიწყო მოქმედება. პროგრამის ხელმძღვანელთა ჯგუფი პაციენტების გამოვლენას რეგიონებში ვიზიტებითაც გეგმავენ. გარდა ამისა, სამედიცინო უნივესიტეტის შინაგანი მედიცინის კათედრას კერძო კლინიკებთან აქვს ხელშეკრულება დადებული და პროგრამასთან დაკავშირებით პაციენტების ინფორმირებულობა სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი