საზოგადოება

ფრინველებზე დაკვირვება – ახალი ტურისტული პროდუქტი აჭარაში

23 მაისი, 2012 •
ფრინველებზე დაკვირვება – ახალი ტურისტული პროდუქტი  აჭარაში

შავი ზღვის სანაპირო მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია, სადაც ყოველწლიურად 800 000-ზე მეტი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. რის გამოც ეს ადგილები  მსოფლიოში ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების თვალსაზრისით მესამეა. მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება, როგორც ერთ-ერთი ტურისტული შეთავაზება, დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამ ხაზის განვითარებისთვის დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსაც. თუმცა საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის სოფო ლაზიშვილის ინფორმაციით „საქართველოში ჩამოსული ტურისტები ამ საკითხით ხშირად ინტერესდებოდნენ და  სვამდნენ კითხვას, თუ რატომ არ გვქონდა შეთავაზებაში ეს ხაზი, როცა გაქვს ამის შესაძლებლობა და ჩვენც ვიფიქრეთ, გვემუშავა ამ კუთხით.“

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სოფელ ჩაისუბანში არსებული შუამთა შეარჩია. შესაბამისი აღჭურვილობის შეძენისა და ინფრასტრუქტურის გამართვის მიზნით თანხა უკვე გამოყოფილია.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება აჭარაში საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ამოქმედდება. იგულისხმება კვლევითი დაცვის პროექტი, რომელმაც „მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა გადაფრენის ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო და მრავალრიცხოვან დერეფანში, სადაც ყოველწლიურად 800 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება, დაკვირვებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა დააფინანსოს.“ ამ პროექტის მიზანი ფრინველების ყოველწლიური მიგრაციის კვლევაა.  

 

ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორის თემურ გოგმაჩაძის თქმით, შავი ზღვის სანაპიროს ამ მხრივ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომ დეპარტამენტის ეს წამოწყება მისასალმებელია. „აქ შემოდის ძალიან ბევრი სახეობის ფრინველი, არსებობს ადგილობრივი სახეობებიც, რომლებიც გადაშენების პირასაა და ამ მხრივ უნიკალურია. შეიძლება მოეწყოს არაერთი პუნქტი“.

 

სოფო ლაზიშვილის ინფორმაციით, შუამთაზე, სადაც ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ტურისტებისთვის საცხოვრებელი კოტეჯების განთავსება არ იგეგმება: „ეს ადგილი საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული და ჩვენ ამ მხრივ დაინტერესებულ ადამიანებს კერძო სექტორში დაბინავებას შევთავაზებთ.“

 

პროექტს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ. ხარჯთაღრიცხვა იმის შესახებ, დაახლოებით რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება ფრინველების დაკვირვებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის გასამართად აჭარაში, სოფო ლაზიშვილის თქმით,  ჯერ კიდევ არ არის მზად.

 

საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მოხალისეებმა 2008 წელს შავი ზღვის დერეფანში 806,679 მტაცებელი ფრინველი აღრიცხეს. ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ამ პროექტის ვებგვერდზეა განთავსებული, შემოდგომაზე გადამფრენი ფრინველების ასეთი რაოდენობა სხვა არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.

 

2009 წელს 851,491 გადამფრენი ფრინველი აღირიცხა, რამაც საბოლოოდ დაადასტურა ამ დერეფნის მნიშვნელობა. ამჟამად BRC-ის მიერ შავი ზღვის ზოლზე მტაცებელი ფრინველების 34 სახეობაა რეგისტრირებული.

 

BRC-ის მონაცემები მოიცავს ასევე შორ მანძილზე გადამფრენი მტაცებელი ფრინველების დიდ რაოდენობას, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპიდან, დასავლეთ კავკასიიდან და დასავლეთ რუსეთიდან მოფრინავენ, ესენი არიან: კრაზანაჭამია, ძერა, მცირე მყივანი არწივი და ჩია არწივი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძერა და ჭაობის ძელქორი, მდელოს ძელქორი და ველის ძელქორი. შავ ზღვაზე ამ სახეობების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, რაც კი ოდესმე რეგისტრირებულა ერთ სეზონზე გადაფრენისას. დაფიქსირებულ ფრინველთაგან  საერთაშორისო საფრთხის ქვეშ მყოფი გადამფრენი ფრინველებიც არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი