საზოგადოება

ახალი სადაზღვევო პროგრამა – მოლოდინი და რისკები

9 მაისი, 2012 • 1834
ახალი სადაზღვევო პროგრამა – მოლოდინი და რისკები

მთავრობის ახალი ინიციატივა ჯანდაცვის სფეროში  2012 წლის 1-ელი სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და 0-5 წლამდე ასაკის ბავშვის ჯანმრთელობის დაზღვევას გულისხმობს. რას მიიღებენ მოქალაქეები მთავრობის ახალი ინიციატივით ჯანდაცვის სფეროში.

იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის აღნიშნული ინიციატივა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ყველა საჯარო გამოსვლის ძირითადი ნაწილი გახდა, საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია ის ჯანდაცვითი მომსახურებები, რომლითაც დაზღვეულები ისარგებლებენ.

სადაზღვევო კომპანია „ირაოში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული დაზღვევის პირობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ჯერ არც სადაზღვევო კომპანიებს აქვთ და სადაზღვევო პაკეტის ყველა დეტალის საბოლოოდ გარკვევას სექტემბრისთვის ვარაუდობენ.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარის, დევი ხეჩინაშვილის თქმით, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფების მიმართ გარკვეული ჯანდაცვითი ვალდებულებები მთავრობას აქამდეც გააჩნდა.

ჯანდაცვითი ვალდებულებები მთავრობას სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პენსიონერებისთვის და 0-3 წლამდე ასაკის ბავშვების მიმართ გარკვეული პროგრამების სახით ჰქონდა, აღნიშნულ შემთხვევაში კი, დაზღვევა ყველა პენსიონერისთვის და 0-5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის, ხეჩინაშვილის თქმით,  ბევრად მეტ მომსახურებას მოიცავს.

“იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი სერვისი მთლიანად იქნება დაფინანსებული, იქნება თანაგადახდის სისტემა, როგორც კორპორატიული დაზღვევების შემთხვევაში.  მაგალითად, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები იქნება 20 %-იანი თანაგახადით,” – ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

თანაგადახდის კომპონენტს უარყოფითად აფასებს მაგდა ანიკაშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი და მისი ამოღების ინიციატივით გამოდის.

„გამოკვლევები იმდენად ძვირია, რომ 20 პროცენტის გადახდა პრობლემას ვერ მოაგვარებს. პენსიონერმა 300 ლარი როგორ უნდა დაფაროს მაშინ, როდესაც მისი პენსია სექტემბრიდან 125 ლარი იქნება. 20 პროცენტის – 60 ლარის ანაზღაურება საკმარისი არ არის. ეს პუნქტი რეალიზებული არ იქნება. მიგვაჩნია, რომ პენსიონერს მინიმუმ 80 პროცენტი უნდა აუნაზღაურონ,“ – ამბობს მაგდა ანიკაშვილი.

“რა თქმა უნდა, უმწეოთა და შეძლებულ პენსიონერთა შორის დიდი ნაცრისფერი ზონაა, ეს ის მოქალაქეები არიან, ვინც არ დგას ბევრად შორს უმწეოთა კატეგორიისგან, თუმცა ეს 20 %-იც დადებითი ფაქტორია. ამავე დროს, უფასო იქნება ინტენსიური თერაპია, რეანიმაცია. სრულიად უფასო იქნება 0-5 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში კარდიოქირურგიისა და ონკოლოგიის კომპონენტი,” –  ამბობს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე.

მაგდა ანიკაშვილი უარყოფითად აფასებს პენსიონერთა პაკეტის მედიკამენტების ნუსხაში შემავალი წამლების კომპონენტსაც, სადაც, მისი თქმით, არ შედის ანტიბიოტიკები, რასაც ასევე არ ეთანხმება დევი ხეჩინაშვილი.

მას მიაჩნია, რომ პენსიონერისთვის ანტიბიოტიკი ნაკლებად მნიშვნელოვანი და ღირებულია. “პენსიონერებისთვის ძირითადად კარდიო და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ საჭირო წამლები იქნება გათვალისწინებული. ანტიბიოტიკები კი აუცილებლად უნდა მოხვდეს ბავშვთა პაკეტის მედიკამენტების ნუსხაში, რომელიც ძალიან ღირებულია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის,” – განმარტავს ხეჩინაშვილი.

კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთა სადაზღვევო პაკეტს ყველა პენსიონერის სადაზღვევო პაკეტისგან განასხვავებს, 200 ლარის ლიმიტის მედიკამენტი იქნება, რომელიც 4-ჯერ აღემატება უმწეოთა სადაზღვევო პაკეტში შემავალ ლიმიტს.

“საყურადღებოა ისიც, რომ ბრენდების ნაცვლად გენერიკების ფართოდ გამოყენება მოხდება, რომელიც რიგ შემთხვევებში 5-6-ჯერ უფრო იაფია. არადა, ჩვენთან დღეს სწორედ 95 % ბრენდი ინიშნება. ეს ცვლილება კიდევ უფრო გაზრდის 200 ლარად მეტი წამლის ყიდვის შესაძლებლობას, ვინაიდან დაანგარიშებულია, რომ გენერიკის ერთი აბი 7-8 თეთრი ღირს, ამ ფასად დაახლოებით 3000 ტაბლეტის ყიდვა შეიძლება წელიწადში. დღეში 8-9 ტაბლეტი კი, არ არის ცოტა,” – ამბობს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე.

თუმცა, სადაზღვევო ექსპერტის აზრით, ერთადერთი რისკი, რომ აღნიშნული პროგრამით სადაზღვევო კომპანიები იზარალებენ, სწორედ წამლის კომპონენტია, რომლის ანალიზს ექსპერტები ჯერ ვერ აკეთებენ.

“ეს არის ერთადერთი შეუფასებელი ფაქტორი. მოსალოდნელია, რომ წამლის მოხმარება იყოს ძალიან მაღალი და მეტი ფული მოითხოვოს. გარდა ამისა, ახალმა ინფრასტრუქტურამ, რომელმაც უკვე გაზარდა მისი მოხმარება, შეიძლება მათზე მოთხოვნა კიდევ გაზარდოს,” -განმარტავს ხეჩინაშვილი. სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი, მედიცინის ექსპერტთა მოსაზრებით, სადაზღვევო კომპანიებისთვის სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა მხოლოდ მომგებიანი იქნება.

ჯანდაცვის ექსპერტი და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი სასანია ამბობს, რომ ახალი დაზღვევების შემოსვლის შემდეგ დიდია იმის შანსი, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის გარდა სადაზღვევო პროგრამებში სხვა ასაკის ადამიანებიც ჩაერთონ. “მაგალითად, იმ ოჯახში, სადაც ორი ან მეტი ბავშვია და მათგან მხოლოდ ერთია 0-5 წლამდე ასაკის, სადაზღვევო კომპანიები შეეცდებიან, ოჯახს სხვა შვილების დაზღვევაც შესთავაზონ,” – ამბობს სასანია.

“არავინ არის დაინტერესებული იმაში, რომ ნეგატიურად იმუშაოს ამ პროგრამამ. მთავარია, ზარალი არ ჰქონდეს სადაზღვევოს და დიდ ფინანსურ მოგებას ისინი არ უნდა ელოდნენ სახელმწიფო პროგრამებში. ის კომპანიები კი, რომლებიც გამოუცდელობის გამო აგრესიულად შემოვიდნენ ბაზარზე და იზარალეს, ფრთხილად ჩაერთვებიან ამ პროგრამებში,”-  ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი