“ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზესტაფონში აპრილის თვეში ქარხანამ ე.წ. ზალპური გაშვება, ანუ გარემოში მავნე ნივთიერებების დიდი რაოდენობით გამოფრქვევა რამდენჯერმე განახორციელა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ნიკოლოზ მჟავანაძემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკნონმდებლო ცვლილებაზე, რომლითაც, მჟავანაძის თქმით, მეწარმეებს გარემოს დაბინძურებისკენ მწვანე შუქი აენთოთ:
“ამ კანონის თანახმად, ფიზიკური თუ იურიდიული პირები ამ სფეროში ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან, სწორედ ამის გამო აპრილის თვეში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ, რომლის ამჟამინდელი მფლობელიც “ჯორჯიან მანგანეზია”, რამდენჯერმე განახორციელა ზალპური გაშვება”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ. მისი თქმით, ზალპური გაშვების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქარხანა აირსაწინააღმდეგო ფილტრებითაა აღჭურვილი.
ქარხანაში აირსაწინააღმდეგო მოწყობილობა 1975 წელს დააყენეს, თუმცა ,ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ეს ფილტრები ამჟამად ამორტიზებულია და ვერანაირ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
“ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” ვიდეო და ფოტომასალა წარმოადგინა, რომელზეც ე.წ. ზალპური გაშვებაა აღბეჭდილი, მასალა ადგილობრივი ოპერატორის მიერაა გადაღებული.
“ჩვენი მტკიცებულებები გადაეგზავნება გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს და მოვითხოვთ, უმკაცრესად დაისაჯონ ის პირები, ვინც ეს ვანდალური აქტი განახორციელა”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროებისა და ქარხნის მფლობელების მხრიდან რეაგირება არ მოხდება, “ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” სარჩელს სასამართლოში შეიტანს.
საკითხთან დაკავშირებით ზესტაფონში 30 აპრილს აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა დღეს ქარხნის მფლობელი მოსახლეობას ფილტრების დაყენებას დაპირდა.
“ბოლო პერიოდში ქარხანაში გვქონდა ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ავარიული სიტუაცია, ეს განსაკუთრებით აპრილის პერიოდში გამოიკვეთა, რის გამოც მოსახლეობის მხრიდან და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო გამოთქმული გარკვეული უკმაყოფილება. დღეს მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრა, მიღწეულია შეთანხმება. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ღუმელები, სადაც შედარებით მაღალი იყო დამტვერიანების ხარისხი, კონკრეტულად კი სამი ღუმელი, გაჩერებულია, სანამ არ იქნება შეცვლილი გაზგამწმენდი მოწყობილობა”, – აცხადებს ფეროშენადნობი ქარხნის წარმომადგენელი ვასილ გველესიანი, რომლის ვიდეოჩანაწერსაც zestaphoni.com აქვეყნებს.
ქარხნის მფლობელების განცხადებით, 10 მაისიდან ფილტრების და საჭირო მოწყობილობის მონტაჟი დაიწყება.
თუკი დაპირება არ შესრულდება, მოსახლეობა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აქციის ჩატარებას კვლავ გეგმავენ და მათ “ეკოლოგიური სამართლის ცენტრიც” შეუერთდება.

![“ფერომ” ეკოლოგიური პრობლემების გამო სამი ღუმელი გააჩერა [Video]](https://netgazeti.ge/wp-content/themes/netgazeti/images/no-featured-image.png)






