საზოგადოება

გაიჩეხება თუ არა ცაცხვები ბარათაშვილის ქუჩაზე?

17 აპრილი, 2012 •
გაიჩეხება თუ არა ცაცხვები ბარათაშვილის ქუჩაზე?

ორგანიზაცია “უსაფრთხო სივრცის” ხელმძღვანელის ანა გაბრიაძის ინფორმაციით, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ცაცხვის ხეები იჩეხება:

“ჩვენ დღეს მოსახლეობა დაგვიკავშირდა. ისინი აცხადებდნენ, რომ შუაგულ ბარათაშვილზე მრავალწლიანი ხეები იჩეხებოდა. ადგილზე მისულებს შემდეგი სურათი დაგვხვდა, მრავალწლიან ცაცხვებს ერთმანეთის მიყოლებით აჭრიდნენ ტოტებს, რომელიც შემდეგ სატვირთო მანქანებს ელვის სისწრაფით გაქონდათ, ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ ადგილობრივი მოსახლეობის გულისტკივილს”, – აცხადებს ანა გაბრიაძე. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ხეები დღისით გადაიბელება, ხოლო ღამით ძირში მოიჭრება.

ტერიოტირიაზე დღეს ახალი კიპარისის ნერგები მიიტანეს. ორგანიზაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ძველი ცაცხვების ნაცვლად სწორედ კიპარისები დაირგვება.

დღეს ადგილზე იმყოფებოდა თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასო ჩალაძე.

“ვასო ჩალაძემ ვერ გაგვცა პასუხი, თუ რატომ უნდა დაირგას სრულიად ჯანმრთელი ცაცხვების ძირში კიპარისები, ის ჩვენს კითხვებს დერეფანში დაემალა”, – აცხადებს ანა გაბრიაძე.

კიპარისების დარგვას ადგილობრივი მოსახლეობაც ეწინააღმდეგება:

“ხეების დარგვა კი არა, გახარებაა რთული. გასულ წელს აქვე, ბავშვთა გალერეასთან მინისტრმა გოგა ხაჩიძემაც დარგო ხეები, მაგრამ მერე არავის მოუკითხავს და ერთიც არ გახარებულა”, – აცხადებს ერთ–ერთი მცხოვრები მაია მანიჟაშვილი.

ვასო ჩალაძემ ხეების გაჩეხვის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთთან” საუბრისას უარყო:

“არ ხდება ხეების მოჭრა, პირიქით, ბევრი ირგვება, ხეები არის გადაბელილი და არა – მოჭრილი, ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ კომენტარს არ გავაკეთებ”, – განაცხადა ვასო ჩალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი