საზოგადოება

წყლის მოხმარების და ჰიგიენის პრობლემები რეგიონებში

11 აპრილი, 2012 •
წყლის მოხმარების და ჰიგიენის პრობლემები რეგიონებში

როცა რეგიონებში ბავშვებს სთხოვეს ნახატის მეშვეობით გადმოეცათ წყლისა და ქალის კავშირი, მათმა ნაწილმა საკუთარი დედა წყლით სავსე მძიმე ჭურჭლით ხელში სახლისკენ მიმავალი დახატა.

რეგიონებში წყლის მიწოდებისა და მოხმარების პრობლემა დღემდე მწვავედ დგას, რაც ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებულ პრეზენტაციაზე კარგად გამოჩნდა.

რა პრობლემებს აწყდებიან ადამიანები წყლის მოხმარებისას რეგიონში და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაბინძურებული წყლის მოხმარებას?

წყლის მოხმარების, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ სხვადასხვა აქტივობებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი დასაწყისისთვის მესტიასა და მარნეულში ახორციელებდა და ამ კუთხით არსებულ პრობლემებს სწავლობდა.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. 10-თვიანი მუშაობის შემდეგ რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, რომლის მიხედვითაც ფონდმა გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა.

აზიის ბანკის წარმომადგენლის, ქეთევან ჩხეიძის თქმით, საპილოტედ მესტიისა და მარნეულის შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილა:

“ზოგადად, წყლის მოხმარებას, სანიტარიასა და ჰიგიენასთან დაკავშირებით პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში დგას, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადგილი შეგვერჩია. მესტია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აქ ტურიზმი აქტიურად ვითარდება, მარნეულში კი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები ცხოვრობდნენ, ამიტომ მათი ინფორმირებულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, ამავე დროს, ეს ადგილები შეირჩა იქიდან გამომდინარეც, რომ აქ წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყებოდა”, – განაცხადა ქეთევან ჩხეიძემ.

მესტიასა და მარნეულში რამდენიმე საერთო პრობლემა გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ ქალები თითქმის არ არიან ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს წყლისა და სანიტარიის სისტემის მოუწესრიგებლობას. დოკუმენტურ ფილმებში, რომელიც ფონდმა პროექტის ფარგლებში გადაიღო, ასახულია, რომ მესტიაშიც და მარნეულშიც მოუწესრიგებელია წყლის მიწოდების გრაფიკი, რის გამოც ქალებს ხშირად ფიზიკური დატვირთვა და წყლის ზიდვა უწევთ. დაბინძურებულია მდინარეები. მაგალითად, მესტიაში ნაგავსაყრელის უქონლობის გამო ხალხი ნაგავს პირდაპირ მდინარეში ან მდინარის ნაპირებზე ყრის.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, პრობლემების ნაწილი ცუდი ინფრასტრუქტურის, ნაწილი კი ადამიანების არაინფორმირებულობის ბრალია. სწორედ ამიტომ პროექტის განხორციელების პროცესში ისინი შეეცადნენ მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ჩაერთოთ.

პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა, გარდა იმისა, რომ წყლის მომარაგების კომპანიის დახმარებით საინფორმაციო ბუკლეტები ქვითრებთან ერთად დარიგდა, ჩატარდა ინფორმაციული სემინარებიც:

“ჩვენი მიზანი მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირებულობაა, განსაკუთრებით კი ქალების, რომლებიც წყლის ძირითადი მომხმარებლები არიან. ჩვენ შევეცადეთ მათთვის ინფორმაცია მოგვეწოდებინა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის რეგულარულ მიწოდებას, გავაცანით ინფორმაცია ინფექციურ დაავადებებზე, რომლებიც შესაძლოა ანტისანიტარიის შედეგად გავრცელდეს”, – აცხადებს პროექტის კოორდინატორის ასისტენტი მაია ბელთაძე, მისივე თქმით, ინფორმაციის მიწოდებისას აქცენტი განსაკუთრებით მასწავლებლების ინფორმირებულობაზე გაკეთდა, რადგან ისინი ინფორმაციის საუკეთესო გამტარებად დასახელდნენ.

პროექტის საბოლოო პრეზენტაციაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ მოპატიჟებული, თუმცა მათი მხრიდან პრეზენტაციას არავინ დასწრებია.

საინფორმაციო ხასიათის ფილმები, რომლებშიც არსებული მძიმე მდგომარეობაა ასახული, შემდგომში 26–მა რეგიონულმა არხმა აჩვენა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა. მათი ნაწილი ქალების ინფორმირებულობის და განათლების დონის გაზრდას გულისხმობს, ნაწილში კი აქცენტი ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა გაკეთებული.

პროექტის პრეზენტაცია დისკუსიით დამთავრდა. ქალთა საინფორმაციო ცენტრი და აზიის განვითარების ბანკი მხოლოდ მესტიასა და მარნეულზე შეჩერებას არ აპირებენ, რადგან, მათი თქმით, წყალთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დგას. საკითხით სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ, ისინი უახლოეს მომავალში სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი