საზოგადოება

თევზის გზა [Video]

9 აპრილი, 2012 • 2277
თევზის გზა [Video]

ბათუმში სანაპირო რეწვა უკონტროლოდ და ქაოსურად მიმდინარეობს.

„სახელმწიფომ ათასი მეთევზე კანონდამრღვევად აქცია. ისინი იძულებულნი არიან, კანონი ყოველდღე დაარღვიონ,“ – აცხადებს ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე. მისივე თქმით, მაკონტროლებელი ორგანოები არსებულ დარღვევებზე თვალს ხუჭავენ და კონტროლს არ ახორციელებენ.

ვაჟა ცინარიძე 30 წელია მეთევზეა. ყოველ დილით ზღვაში გადის, ბადის ჩასაგდებად, ან წინა დღით ჩაგდებული ბადის ამოსაღებად და თევზის გამოსატანად. იგი თავის თავს “მოყვარულ მეთევზეს” უწოდებს.

„ახლა არაა თევზი, სიცივეა ზღვაში. მაისიდან იწყება მეანკესეების სეზონი. ბრიგადები ნავებით გავდივართ ზღვაში კილომეტრნახევარზე და ერთ გამოტანაზე ხუთი-ათი კილო თევზი გამოგვაქვს,“ – ამბობს ვაჟა ცინარიძე.

კითხვაზე, გადის თუ არა მის მიერ მოპოვებული თევზი სანიტარულ შემოწმებას, ვაჟა ცინარიძე კითხვითვე გვპასუხობს:

„რატომ უნდა გაიაროს სანიტარული შემოწმება? მინდა, გავყიდი თევზს და მინდა – არა. გაჭირვება გაყიდვინებს თევზს, სხვა კი არაფერი.“

ბათუმში 50-მდე თევზმჭერი ბრიგადაა, თუმცა ამ დროისათვის ყოველდღე ზღვაში 18 ბრიგადა გადის. თითო ბრიგადა სამი-ოთხი ადამიანისგან შედგება. ბრიგადები ერთობლივად თევზაობენ და გაწეულ ხარჯსაც თანაბრად ინაწილებენ.

სულ შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე სანაპიროს თევზმჭერი ბრიგადაა. სანაპიროს ბრიგადები გათავისუფლებულნი არიან ლიცენზიისგან. თუმცა ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ეს არალიცენზირებული თევზჭერაა.

„მთელი უბედურება იმაშია, რომ სანაპირო თევზჭერა ნებადართულია ნაპირიდან 300 მეტრის მოშორებით. 300 მეტრში რომ ბადე ჩადო, მეორე დღეს ის ბადე დაგხვდება ნაპირზე, 300 მეტრი ტალღის მოქცევის ზონაა. იქ ბადე არ ჩაიდება. სახელმწიფომ მეთევზეებს დაუწესა ასეთი კანონი: ერთი მხრივ, ლიცენზიისგან გაათავისუფლა და მეორე მხრივ, ისეთი ზონა მისცა მათ თევზჭერის, რომ ამ ზონაში თევზჭერა შეუძლებელია. მაგალითად, ურეკსა და გრიგოლეთში 300 მეტრზე წყალი მუხლამდე არის. სარფში გვაქვს ერთი-ორი მონაკვეთი, სადაც შეიძლება სამას მეტრზე თევზაობა, ტალღების ექსპოზიცია, ჩვენი ფსკერისა და რელიეფის პროფილი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ზონაში თევზი დაიჭიროს ვინმემ. 300 მეტრში თევზი არც არის. ფაქტობრივად ეს ხალხი დავტოვეთ მშიერი,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

მისი თქმით, დღეისათვის ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც სანაპირო თევზჭერას გააკონტროლებს.

„ეს რომ დარღვევაა, იცის ყველამ, მათ შორის მაკონტროლებლებმაც, მეცნიერებმაც, მაგრამ ყველა თვალს ხუჭავს. რეალურად ხდება ასე: მაკონტროლებლები არ შედიან დაპირისპირებაში სანაპირო ბრიგადებთან იმიტომ, რომ 200 ბრიგადაა და ათასი ოჯახია. ანუ არ ამწვავებენ. სანაპირო ბრიგადები კი, თავის მხრივ, არღვევენ კანონს იმიტომ, რომ სხვანაირად თევზს ვერ დაიჭერენ და სახლში საჭმელს ვერ წაიღებენ.“

ბათუმის თევზის ბაზარში სხვადასხვა სახეობის თევზის ყიდვა შეიძლება. მათ შორის ზუთხისა და წითელ ნუსხაში შეტანილი შავი ზღვის ორაგულის, რომლის მოპოვებაც აკრძალულია.

„წელიწადში ორ-სამჯერ შეიძლება გამოჩნდეს ორაგული. ზუთხი მასიური არაა. ხანდახან იყიდება. წერტილებია სპეციალური, სადაც შეიძლება ზუთხის დაჭერა,“ – ამბობს ყოფილი მეთევზე შოთა ანტონიანი, რომელიც ახლა თევზის ბაზარში მუშად მუშაობს.

როგორც არჩილ გუჩმანიძე ამბობს, „სანაპიროს თევზჭერა არის შავი ხვრელი, ეს არის სრული ქაოსი. რა ხდება, ვინ რას აკეთებს, ვერ გაიგებ. ზუთხი და წითელ ნუსხაში შესული შავი ზღვის ორაგულიც იყიდება, რომლის მოპოვება არ შეიძლება. არანაირი კონტროლი, არანაირი რეგულაცია არ არსებობს. არავინ არაფერს კითხულობს, ეს მეთევზეებიც მის ჭკუაზე არიან, მაკონტროლებლები არ უყურებენ, კანონმდებლობა საერთოდ ჰაერში გვაქვს.“

ვინ უნდა გააკონტროლოს სანაპირო რეწვა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს მაკონტროლებლის ფუნქცია მოეხსნა, ეს უფლებები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცა, რომლის ბაზაზეც ბუნებრივი რესურსების სააგენტო შეიქმნა.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ჭავჭანიძე ამბობს, რომ სანაპირო რეწვის კონტროლი არ ხორციელდება.

„რადგან სანაპირო რეწვა ლიცენზიისგან გათავისუფლებულია, ამიტომ ის ჩვენი კონტროლის ზონას აღემატება. თუ დარღვევა მოხდა სანაპირო თევზჭერაში, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, მაშინ სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას,“ – ამბობს ირაკლი ჭავჭანიძე.

ჭავჭანიძის თქმით, ზღვაში 300 მეტრზე შორს შესვლა ნებადართულია სამოყვარულო თევზჭერის დროს, ხოლო სანაპირო რეწვა სრულადაა დაცული.

„რაოდენობა, რომელიც სამოყვარულო თევზჭერის დროს შეიძლება დაიჭიროს მეთევზემ, სარეწაო მნიშვნელობის ვერასოდეს იქნება. რეწვის დროს ბადის ერთ მოდებაზე ტონას და მეტი რაოდენობის თევზს იჭერენ. სამოყვარულო თევზჭერა არ არის შეზღუდული, ამ დროს ნებისმიერი რაოდენობის თევზი შეიძლება დაიჭირო,“ – ამბობს ჭავჭანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი