ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკის“ მფლობელმა კომპანია “ალდაგი ბისიამ” აღნიშნული საავადმყოფოს ქირურგი ზვიად თოლორაია სამსახურიდან საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის დაითხოვეს.
ეს ინფორმაცია livepress.ge-ის „ალდაგი ბისიაის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ივჩენკომ დაუდასტურა:
“მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან გუშინდელი აქციის ინიციატორი, რადგან ვთვლით, რომ ეს პიროვნება ხელს უწყობს არაჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას კოლექტივში“.
ივჩენკოს თქმით, ასევე გაფრთხილება მიიღო საპროტესტო აქციაში მონაწილე ყველა ექიმმა.
ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკას“ ექიმებმა საპროტესტო აქცია ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გუშინ, 2 აპრილს სამედიცინო ცენტრის ეზოში გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა პაციენტებისთვის საავადმყოფოს მომსახურების ტარიფები, მედპერსონალის ხელფასმა კი, პირიქით – იკლო.
ქირურგი ამბობს, რომ ანაზღაურებამ 20 და 50%-ითაც იკლო. მისივე ცნობით, ცვლილება განსაკუთრებით „მცირე და საშუალო მედპერსონალს შეეხო“.
„თუ ქვეყანაში მინიმალური შემოსავალი 140 ლარია, ჩვენ გვაქვს 150, 140, 170 ლარი. ზოგს ხელფასი გამომუშავებით, ზოგსაც განსაზღვრული აქვს. 3000 ლარის ღირებულების ოპერაციიდან ექიმს მხოლოდ 120 ლარს აძლევენ, ექთანს –კიდევ უფრო მიზერულს“, – განაცხადა ზვიად თოლორაიამ livepress.ge-სთან საუბარში.
ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკას“ გარდა, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაიმ“ ზუგდიდში ასევე შეიძინა– „მოზრდილთა პოლიკლინიკა“, სასწრაფო სამედიცინო დახმარება „03“ და შპს „ქალთა კონსულტაცია“.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ: