საზოგადოება

როგორ აშუქებენ არჩევნებს საქართველოში, რუსეთსა და სომხეთში

23 მარტი, 2012 •
როგორ აშუქებენ არჩევნებს საქართველოში, რუსეთსა და სომხეთში

როგორ აშუქებს მედია საარჩევნო პერიოდში ახალ ამბებს და რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტები იცავდნენ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ამბების მომზადების დროს? – ამ საკითხებზე დღეს სასტუმრო “თბილისი მერიოტში” მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის მედიის თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლები.

“ივანოვოელო სვეტა, მაპატიე!” – ამ სახელწოდების საავტორო სვეტი “მოსკოვსკიე ნოვოსტის” ჟურნალისტმა ევგენი გლადინმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მის მიერ გადაღებული ვიდეოს “გმირი”, 19 წლის სვეტა, ქალაქ ივანოვოდან, რუსეთში საყოველთაო დაცინვის ობიექტი გახდა.

ჟურნალისტი მანეჟის მოედანზე პუტინისა და მმართველი პარტიის “ედინაია როსიას” მხარდამჭერ მიტინგს აშუქებდა, რომელიც ორგანიზაცია “Наши”-ის აქტივისტებმა მოაწყვეს. გლადინი აქციის მონაწილეებისგან ვიდეოინტერვიუებს ტელეფონით იწერდა.

ასე “დაიბადა” ვიდეორგოლი “ივანოვოელი სვეტა”, რომელსაც youtube-ზე თითქმის 2 მილიონამდე მნახველი ჰყავს.

სვეტა ინტერვიუში “ედინაია როსიას” მიღწევებზე საუბრობს, სვეტასეული მიღწევების ჩამონათავალი კი ასეთია – “ბევრად უკეთესად ჩაცმა დავიწყეთ”, “ბევრი მიწა გაჩნდა ქვეყანაში”, “ბევრად მეტ მიწას თესავენ” და ა.შ.

ვიდეორგოლს სოციალურ ქსელებში ათასობით კომენტარი გამოუჩნდა, ყველა სვეტას დასცინოდა, ზომბად მოიხსენიებდნენ და ათასობით შეურაცხმყოფელ კომენტარს წერდნენ. მისი ფოტოები გამოიფინა ბოლოტნაიას მოედანზე და სახაროვის პროსპექტზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლების მიტინგები იმართებოდა. ამის შემდეგ გოგონას პრობლემები შეექმნა ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც სწავლობდა, მას მეგობრებიც განუდგნენ და ის საკუთარ თავში ჩაიკეტა.

მოგვიანებით ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ სვეტას შესახებ კიდევ ერთი სიუჟეტი მოამზადა და შეკითხვაზე, თუ რას იზამდა ის, თუკი იმ ვიდეოს ავტორს სადმე კიდევ ერთხელ შეხვდებოდა, სვეტამ უპასუხა: “თვალებში შევაფურთხებ”.

“რატომ არ ვაჩვენე მას ეს ვიდეო? რატომ არ გავაფრთხილე, რომ სისულეებს საუბრობდა და ამ ყველაფერს სავალალო შედეგები მოყვებოდა? იმის შეგრძნება არ მტოვებდა, რომ მე ის უბრალოდ  ჩემი გამოცემის წინსვლისთვის გამოვიყენე,” – წერს ევგენი გლადინი საავტორო სვეტში. ბოლოს კი სვეტას მიმართავს:

“სვეტა, როცა მოსკოვში მოხვდები, აუცილებლად მოდი ჩემთან, “მოსკოვსკიე ნოვოსტის” რედაქციაში, შემაფურთხე სახეში და მერე ერთად წავიდეთ ყავის დასალევად”.

“ხდება ისეთი სასიამოვნო მომენტებიც, როდესაც თვითონ ჟურნალისტები, ყოველგვარი თვითრეგულირების ორგანოს ჩარევის გარეშე, ახდენენ რეაგირებას პროფესიული ეთიკური ნორმების საკითხებზე,” – აცხადებს ევგენი აბოვი, რუსეთის პრესის საჩივრების საზოგადოებრივი კოლეგიის თანათავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად “გაზეთების მსოფლიო ასოციაციისა” (WAN) და “პერიოდული ბეჭდური გამომცემლების გილდიის” წარმომადგენელიცაა.

რუსეთის მედიასექტორში დღეს ყველაზე აქტიური განხილვის საგანია ტელეკომპანია “НТВ”-ს ეთერში 15 მარტს გასული ფილმი “პროტესტის ანატომია”, რომელიც რუსეთში დუმისა (2011 წლის ბოლო ჩატარდა) და საპრეზიდენტო (2012 წლის მარტში ჩატარდა) არჩევნების შედეგად ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგების დისკრედიტაციას მიეძღვნა. კერძოდ, ფილმში ნაჩვენები იყო კადრები, თუ როგორ ურიგებენ ფულს მიტინგის მონაწილეებს:

“ამ ფილმში იყო მანიპულაციის უმაღლესი დონე, გაჯერებული იყო დამონტაჟებული და დადგმული სცენებით, თუნდაც ფულის დარიგების პროცესი,” – ამბობს ევგენი აბოვი.

კვირას, 17 მარტს, ამ ფილმის წინააღმდეგ ტელეცენტრ “ოსტანკინოსთან” არასანქცირებული საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც 100-მდე ადამიანი დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს.

ზოგიერთმა ჟურნალისტმა, მათ შორის არა მხოლოლ ოპოზიციურად განწყობილი ან ლიბერალური მედიის წარმომადგენლებმა, ღიად განაცხადეს, რომ წყვეტენ ყოველგვარ ურთიერთობასა და თანამშრომლობას “НТВ”-სთან პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევით მომზადებული ფილმის, “პროტესტის ანატომიის” გამო.

“ჩვენი კოლეგია მხოლოდ იმ საქმეებს განიხილავს, რომელზეც შემოდის საჩივარი მკითხველის/მაყურებლის მხრიდან. საჩივარი НТВ-ს ამ ფილმთან დაკავშირებით ჩვენთან ჯერ არ შემოსულა და ამდენად, ამ ეტაპზე ჩვენ ეს საკითხი არ შეგვიფასებია,” – აცხადებს ევგენი აბოვი.

ვიქტორ მონახოვი, რუსეთის პრესის საჩივრების საზოგადოებრივი კოლეგიის თანათავმჯდომარე ამბობს, რომ НТВ-ს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომელთა დისკრედიტაციასაც ისახავდა მიზნად ეს ფილმი.

“თუმცა სასამართლოში მათ ალბათ ნაკლები შანსები ექნებათ, ჩვენი კოლეგიის შემთხვევაში კი სიტუაცია უფრო სხვაგვარი იქნებოდა. ამ ეტაპზე მე რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაძლოა, საჩივარი ჩვენთანაც შემოვიდეს,” – აცხადებს მონახოვი.

საჩივარი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას ეხება, რუსეთის პრესის საჩივრების საზოგადოებრივ კოლეგიაში სულ ახლახან შევიდა.

“ეს არის ჩვენი კოლეგიის მუშაობის პრაქტიკაში პირველი შემთხვევა, როდესაც საჩივარი შემოვიდა არა მოქალაქის, არამედ მედიაორგანიზაციის მხრიდან ყოფილი ჟურნალისტის წინააღმდეგ,” – აცხადებს ევგენი აბოვი.

საქმე ეხება “რია ნოვოსტის” მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქების საკითხს. აღნიშნული გამოცემის ერთ-ერთ რუბრიკაში ცენზურისა და რედაქტირების გარეშე ქვეყნდება ყველა ის მასალა, რომელსაც აშუქებს უცხოური მედია რუსეთის შესახებ და რომელიც ითარგმნება რედაქციის მიერ რუსულ ენაზე.

“რია ნოვოსტის” რედაქციამ გაფრთხილება მიიღო რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ბალანსის დარღვევის გამო. საქმე ის არის, რომ აღნიშნული მედიაორგანიზაციის ვებ-გვერდზე პუტინისადმი კრიტიკული მასალები მკვეთრად აჭარბებდა სხვა მასალებს არჩევნებთან დაკავშირებით და ეს მოხდა სწორედ უცხოური მედიიდან თარგმნილი მასალების ხარჯზე, რადგან უცხოური მედია, მოგეხსენებათ, რა კრიტიკულად აშუქებდა საპრეზიდენტო კანდიდატის ვლადიმერ პუტინის შესახებ მოვლენებს,” – აცხადებს ევგენი აბოვი.

ამის გამო “რია ნოვოსტის” უცხოური მედიის განყოფილების რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელმა იმ ჟურნალისტს, რომელიც უცხოური მედიის განყოფილებაში მუშაობდა, მისცა მითითება, შეემცირებინა კრიტიკული მასალების განთავსების ინტენსივობა, რაც ამ ჟურნალისტმა ცენზურად მიიჩნია და ამის თაობაზე ხმამაღლა განაცხადა. “რია ნოვოსტის” საჩივარი სწორედ ჟურნალისტის ასეთმა განცხადებამ განაპირობა.

მედიის თვითრეგულირების ორგანოთა ქსელის შეხვედრა თბილისში
მედიის თვითრეგულირების ორგანოთა ქსელის შეხვედრა თბილისში

სომხეთში, სადაც მაისში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მედიის თვითრეგულირების ორგანოს უკვე დაწყებული აქვს ტელევიზიების მონიტორინგი, რადგან მაუწყებლები ინფორმაციის ძირითადი წყაროა ადგილობრივი მოსახლეობის 85-95%-ისთვის.

“სომხეთში ეთიკური ნორმების ყველაზე გავრცელებული სამი ფორმა გვხვდება: ფარული პოლიტიკური რეკლამა, ჟურნალისტების გადასვლა პოლიტიკურ პარტიებში და არათანაბარი პირობები პოლიტიკური პარტიებისთვის,” – ამბობს ბორის ნავასარდიანი, “ერევნის პრეს კლუბის” ხელმძღვანელი.

ნავასარდიანის თქმით, ფარული პოლიტიკური რეკლამის მაგალითია ის გავრცელებული მეთოდი, როდესაც ყველა არხზე გადის ძირითადად მმართველი ძალის აქტივობების ამსახველი ერთი და იგივე მასალები:

“მასალებს იღებენ პრეს-სამსახურები და აწვდიან ტელევიზიებს, რომლებიც სრულად კონტროლდებიან ხელისუფლებისგან. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ყველა არხზე გვხვდება ერთი და იგივე სიუჟეტი, ერთი და იგივე კადრებით, ერთი და იგივე ტექსტით,” – ამბობს ბორის ნავასარდიანი.

მისივე თქმით, საარჩევნო პერიოდში ძირითადად შუქდება მმართველი ძალის (მმართველი კოალიცია სამ პარტიას აერთიანებს) აქტივობები და თითქმის არ გვხვდება სხვა პოლიტიკური პარტიები.

“მნიშვნელოვანი პრობლემა იქმნება, როდესაც ჟურნალისტები ეწევიან ჟურნალისტურ საქმიანობას და იმავდროულად ან მოგვიანებით აღმოჩნდებიან ხოლმე რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიაში,” – ამბობს ნავასარდიანი.

სომხეთის მსგავსად, ფარული პოლიტიკური რეკლამა მიაჩნია მთავარ პრობლემად “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭოს თავმჯდომარეს ზვიად ქორიძეს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.

“საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროდ კვლავ რჩება ტელევიზია და ეს არის სამი ძირითადი საერთოეროვნული მაუწყებელი – “რუსთავი 2”, “იმედი” და “საზოგადოებრივი მაუწყებელი”. სამივე არხზე, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე და, ფაქტობრივად, დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, ყოველდღიურად თითქმის 45-წუთიანი პირდაპირი ჩართვები გვხვდება პრეზიდენტის. ამ ჩართვებში ძირითადად არის პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირებები. ეს, ცხადია, არის ფარული პოლიტიკური რეკლამა,” – აცხადებს ზვიად ქორიძე.

ფარული პოლიტიკური რეკლამის ნაწილად მიიჩნევს ზვიად ქორიძე სხვადასხვა სამინისტროების მიერ მომზადებულ რეკლამებს, რომლებიც ეროვნული მაუწყებლების ეთერში ტრიალებს, რეკლამები, როგორიცაა “15 ჰესის შესახებ”, “ხელმისაწვდომი ჯანდაცვის დაზღვევის შესახებ”, პოლიციის, თავდაცვის სამინისტროს პროექტების შესახებ და ა.შ.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის”, რომელიც 2 წლის წინ შეიქმნა, ეს იქნება პირველი არჩევნები, რომლის დროსაც ის გასწევს წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში მედიამონიტორინგს,” – აცხადებს ზვიად ქორიძე.

ამავე თემაზე:

რეკომენდაციები მედიაში დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის შესაჩერებლად

მასალების გადაბეჭდვის წესი