საზოგადოება

ვაკის საცურაო აუზის მიერ მენსტრუაციის გამო დისკრიმინირებული ქალები

9 აგვისტო, 2016 • 5360
ვაკის საცურაო აუზის მიერ მენსტრუაციის გამო დისკრიმინირებული ქალები

ვაკის საცურაო აუზში გამოკრული წარწერა, რომელიც ქალებს მენსტრუაციის დროს აუზით სარგებლობას უკრძალავს, დისკრიმინაციულად მიაჩნიათ. სახალხო დამცველი კი აპირებს, რომ აღნიშნული საკითხი შეისწავლოს.

“ძვირფასო ქალბატონებო, კრიტიკულ დღეებში აუზში ჩასვლა აკრძალულია”- ვკითხულობთ იმ ფოტოზე, რომელიც “ფეისბუკში” სოფო ტაბატაძემ გაავრცელა. სოფო გვეუბნება, რომ “ვაკის საცურაო აუზზე” ახლახან დაიწყო სიარული, დღეს დილით კი ეს წარწერა შეამჩნია. სოფო ამბობს, რომ აპირებს ვაკის საცურაო აუზს ოფიციალურად მისწეროს. იმ შემთხვევაში, თუ აუზის ადმინისტრაცია ამ აკრძალვაზე უარს არ იტყვის, სოფო ვაკის საცურაო აუზის მომსახურეობით აღარ ისარგებლებს:

“ხშირად გამიკეთებია ასეთი ეთიკური არჩევანი, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი ამ სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან. ისეთ სექსისტურ გარემოში ვცხოვრობთ, ერთი შეცდომა მესმის, მაგრამ როდესაც მიგითითებენ ამ შეცდომაზე, იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან”,- ამბობს სოფო “ნეტგაზეთთან” საუბრისას. მისივე თქმით, უკვე 10 წელია რეგულარულად ცურავს და მსგავსი აკრძალვა აქამდე არსად უნახავს.

ვაკის საცურაო აუზს აღნიშნულ აკრძალვასთან დაკავშირებით განმარტებები არ გაუკეთებია, შესაბამისად, უცნობია, რა მიზეზით მიიღო აუზის ადმინისტრაციამ შეზღუდვის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება. კომპანიას “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა, თუმცა შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.

მიუხედავად იმისა, რომ მოტივაცია უცნობია, ფემინისტი და აქტივისტი იდა ბახტურიძე ამბობს, რომ მათი სავარაუდო არგუმენტი ჰიგიენასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა იდასთვის ეს არგუმენტი რელევანტური არ არის. იგი მიიჩნევს, რომ აკრძალვა იმ კულტურული სტერეოტიპების გამოძახილია, რომელიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული:

“კულტურული ნარატივის მიხედვით, მენსტრუაციის დროს ქალი არის ბინძური, უწმინდური და ამ დროს ქალების შეშვება საჯარო სივრცეებში ნიშნავს, რომ იქაურობაც იბილწება. არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისა, თუ რატომ არ შეიძლება შეუშვა ადამიანი, მით უმეტს, 21-ე საუკუნეში უამრავი საშუალება არსებობს, რომ ქალებისთის ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობა აღარ იყოს ბარიერი. ეს უბრალოდ  სტერეოტიპული წარმოსახვაა იმიტომ, რომ ასე წარმოგიდგენია, მაგალითად, მენსტრუაციის დროს ქალი ეკლესიაში არ უნდა შევიდეს, რადგან ამ დროს უწმინდურია, აუზში არ უნდა ჩავიდეს იმიტომ, რომ ბინძურია. ეს, ცხადია, იმთავითვე ნიშნავს, რომ ფობია და მიზოგინია არსებობს კულტურაში”,- ამბობს იდა.

13873092_1062107107214486_6141473933721729177_n

წარწერა “ვაკის საცურაო აუზზე” ფოტო: სოფო ტაბატაძე

მენსტრუაციის დროს საცურაო აუზით სარგებლობა პრობლემას რომ აღარ წარმოადგენს, ამას ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელი კომპანიებიც ხაზს უსვამენ. ზოგიერთი კომპანია სპეციალურად ქმნის ისეთ ტამპონებს, რომელთა გამოყენება ცურვის დროს უფრო კომფორტულია მაღალი შეწოვადობის და სხვა მიზეზების გამო. უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს დაცული იყოს ტამპონის გამოყენების ხანგრძლივობა და დრო 8 საათს არ აღემატებოდეს.

ვაკის საცურაო აუზის მომსახურეობა ერთ-ერთი ძვირადღირებულია თბილისის მასშტაბით. სოფო ტაბატაძე ულიმიტო პაკეტში 400 ლარს იხდის. როგორც თავად გვეუბნება, ფასი სტანდარტულია და იმის გამო, რომ ერთვიანი პაკეტიდან ამ აკრძალვის გამო კლიენტი ქალი რამდენიმე დღეს კარგავს, აბონომენტში ნაკლებ თანხას არ იხდის. აღნიშნული აკრძალვის გამო ფასში სხვაობა რომც იყოს, იდა ბახტურიძე მიიჩნევს, რომ ეს ვერ შეამსუბუქებს იმ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, რომელიც აუზს ქალების მიმართ უკვე აქვს:

“ასეთი შეღავათი რომ არსებობდეს, ცხადია, ეს არაფერს შეცვლიდა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ქალები არიან შეურაცხყოფილი და დისკრიმინირებული, თან ამაში იხდიან იმაზე მეტს, ვიდრე იხდის კაცი. ფინანსური დანახარჯი მეტი აქვს დისკრიმინაციასთან ერთად”,- ამბობს იდა.

დღეს გავრცელებული ფოტოთი დაინტერესდა სახალხო დამცველის აპარატიც. თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის, ქეთევან შუბაშვილის განცხადებით, მიიჩნევენ, რომ წარწერა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ხელშემწყობია, რადგან მენსტრუაცია არის უნიკალური მდგომარეობა, რომელიც  დამახასიათებელია მხოლოდ ქალებისთვის. ქეთევან შუბაშვილი მიიჩნევს, რომ უფრო მისაღები იქნებოდა ნეიტრალური წესის დაწესება.

“თუ [წესი] ნეიტრალური იქნებოდა, ნეიტრალურში ვგულისხმობ ორივე სქესს, რომ თანაბრად მიმემართება, მაგალითად, გთხოვთ,  დაიცვათ ჰიგიენის ნორმები. ჰიგიენის ნორმებში ჩაითვლება, როგორც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ასევე მენსტრუაციაც. სავარაუდოდ, რა პასუხსაც გაგვცემს ვაკის აუზი, იქნება ჰიგიენური ნორმების დაცვის ლეგიტიმური მიზანი, თუმცა ამ შემთხვევაში წარწერის ასეთი ფორმულირება ამ მიზნის პროპორციული არაა”,- ამბობს შუბაშვილი.

ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში სახალხო დამცველი  თუ დაადგენს, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციას ან დისკრიმინაციის ხელშეწყობას, ორგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალება აქვს – რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველი ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციის ფაქტს, და ზოგადი წინადადება, რომელიც ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციის ხელშეწყობას, ამ შემთხვევაში გენდერული ნიშნით.

სამათლებრივი ძალით ეს ორი გადაწყვეტილება ერთმანეთისგან არ განსხვავდება. კანონმდებლობით კერძო პირები არ არიან ვალდებული შეასრულონ სახალხო დამცველის მიმართვა, იქნება ეს ზოგადი წინადადება თუ რეკომენდაცია. თუმცა, როგორც ქეთევან შუბაშვილი გვეუბნება, იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველი ასეთ გადაწყვეტილებას გამოსცემს  და კომპანიას მიმართავს, დროის გასვლის შემდეგ შეუძლიათ გამოითხოვონ ინფორმაცია რეკომენდაციის ან წინადადების აღსრულების შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი