საზოგადოება

სოფლები საძოვრების გარეშე რჩებიან

21 მარტი, 2012 •
სოფლები საძოვრების გარეშე რჩებიან

საქართველოში არსებული საძოვრების დიდი ნაწილი ეკლებითა და ჭაობით არის დაფარული. იმ ნაკვეთებზე, სადაც სოფლის ნახირი დადის, გადაძოვების გამო ეროზია ვითარდება. მოსახლეობა კუთვნილი საძოვრების მოვლასა და მართვას ვერ ახერხებს.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტის, ამირან კოჩალაძის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ცხვრის რაოდენობა განახევრდა. ქართველ წყემსებს აღარ აქვთ საშუალება, ცხვარი აზერბაიჯანის საძოვრებზე გადაიყვანონ. მოუვლელია თვით საქართველოში არსებული საძოვრებიც, რაც მესაქონლეობის განვითარებაზე უარყოფითად აისახება. საძოვრებზე გაჩნდა ტოქსიკური ბალახი. ხშირად იწამლებიან ცხოველები. ინტოქსიკაციის შემთხვევები, ძირითადად, ადრე გაზაფხულზე და შემოდგომაზე ფიქსირდება.

საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავის მოსახლეობა თავს მესაქონლეობით ირჩენს, თუმცა სოფლის საძოვრების დიდი ნაწილი შამბნარითაა დაფარული.

„სამი ძროხა და სამი ხარი მყავს. სოფლის საძოვრები არ გვყოფნის. გაშამბნარებული საძოვრები რომ გასუფთავდეს, ცხვარსაც გავიჩენდი, მაგრამ მაგაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ძალიან დიდი თანხა უნდა“, – ამბობს წყაროსთავის მოსახლე დათო გაგნიაშვილი.

იგივეს იმეორებს  წყაროსთავის კიდევ ერთი მცხოვრები ნუკრი დათუნაშვილი. ის უკვე მესაქონლეობას აღარ მისდევს:

„ისეთი ბალახია ამოსული, რომელიც საქონლისთვის არ ვარგა. გასუფთავება უნდა, ამოძირკვა“.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) ჩაატარა კვლევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. გაირკვა, რომ გლობალური დათბობა ისედაც ეროზირებულ საძოვრებს კიდევ უარეს მდგომარეოაბში აყენებს. ამჯერად CENN-ი ახორციელებს საპილოტე პროექტს საძოვრებთან დაკავშირებით. პროექტის მიზანი ერთ რომელიმე სოფელში საძოვრის აღდგენა და მოსახლეობის დახმარებაა, რათა მათ ამ საძოვრების სწორად მართვა შეძლონ.

„რაც  ჩვენ საძოვრები ვნახეთ, უკვე უდაბნოსთვის მახასიათებელი მცენარეებია ამოსული. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ამ მიწების გაუდაბნოება დაიწყოს, ამიტომ ჩარევაა საჭირო“, – ამბობს ექსპერტი ამირან კოჩალაძე.

მისივე თქმით, საძოვრების მართვა ისევ მოსახლეობამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. აუცილებელია ნაკვეთმონაცვლეობის დანერგვა. ერთი კვირის  განმავლობაში ერთ ნაკვეთზე უნდა აძოვონ საქონელი, მეორე კვირის განმავლობაში – მეორეზე. თითოეული ნაკვეთი ერთი თვის განმავლობაში უნდა „ისვენებდეს“.

„ახლა ასე არ ხდება, გაუშვებენ საქონელს და მორჩა. სწორედ ამან  გამოიწვია საძოვრების გაუარესება. მთავრობისგან დახმარება შეიძლება ის იყოს, რომ ინფრასტრუქტურა გააუმჯობესოს. აი, გვინდოდა  საძოვრამდე მისვლა და ვერ მივედით, რადგან გზა არ არის“, – ამბობს ამირან კოჩალაძე.

სოფლის მეუნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტი მეცხოველეობის დარგში, ელიოზ ხაჭაპურიძე ამბობს, რომ თუ საძოვარი დაჭაობებულია, აუცილებელია საწრეტი არხების გაკეთება, შემდეგ ნაკვეთი ყველაფერი ზედმეტისგან უნდა გათავისუფლდეს, იქნება ეს ბუჩქი თუ ქვა. ასევე, უნდა გამდიდრდეს ნიადაგი სასუქებით. თუ ბალახი მეჩხერია, უნდა დაითესოს, ამასთან, ზუსტად უნდა შეირჩეს ბალახის თესლიც.

„დღეს რომ საზაფხულო საძოვრებს გადახედო, გინდა ახალქალაქისას, გინდა ნინოწმინდისას, სულ შხამას მიაქვს იქაურობა. ერთ ფარასაც ვერ გამოაზამთრებენ“, – ამბობს ელიოზ ხაჭაპურიძე.

„ბუნება და საძოვრების რაოდენობაც ხელს გვიწყობს, რომ აქ მესაქონლეობა განვითარდეს, მაგრამ მრავალი პრობლემაა. 200 ჰა საძოვარია და მესამედი ჭაობი. ადრე საქაჩები იდგა, მაგრამ მერე მოიშალა. ჩვენი სახსრებით მაგის გაკეთება არც მიფიქრია, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი“,  – ამბობს საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურის მკვიდრი ნოდარ ჯავახიშვილი.

წყაროსთავის სოფლის რწმუნებული ნიკოლოზ ბეჟიტაშვილი ადასტურებს, რომ საძოვრები უპატრონოდაა მიტოვებული: „ჯანგნარითაა დაფარული, ზოგან უკვე მეწყერიც ჩამოწვა, ზოგან მისასვლელი გზაც არ არის. ალაგ–ალაგ რაღაც მონაკვეთებია დარჩენილი და მოსახლეობა საქონელს მანდ აძოვებს“.

როგორც წყაროსთვალის, ასევე, სოფელ ნინოწმინდის რწმუნებული ოთარ როჩიკაშვილი ამბობს, რომ საძოვრების მოვლა–პატრონობისთვის თანხა ბიუჯეტში არასოდეს გამოყოფილა, მათ შორის არც სოფლის პროგრამის ფარგლებში.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი