მინისტრთა კაბინეტის ახალ სახეს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მომავალ მინისტრს, რომელსაც პარლამენტმა ნდობა ხვალ, 20 მარტს უნდა გამოუცხადოს, დღეს პარლამენტში ელოდნენ. მას იმ გეგმების შესახებ უნდა ესაუბრა, რომლებსაც ის თავისი მინისტრობის პერიოდში განახორცილებს.
ჯანდაცვის საპარლამენტო სხდომამდე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი მინისტრის დანიშვნით განსაკუთრებულ ცვლილებს ჯანდაცვის სისტემაში არ მოელის და მისი დანიშვნის მოტივაციაც მისთვის ჯერჯერობით გაუგებარია.
„პრემიერის განაცხადი, რომ ჭიაბერაშვილი, რომელსაც ბოლო დრომდე დიპლომატად ვიცნობდით, ჯანდაცვის სფეროში რეფორმატორად უნდა მოვიდეს, უცნაურია, ვინაიდან უკვე ყოფილ მინისტრს, ანდრია ურუშაძესაც, დიდ რეფორმატორად ვიცნობდით, რომელიც მოსვლის დღიდან აქტიურად ახორციელებდა რეფორმებს და მეტიც, თანამდებობის დატოვების დროსაც ის პარლამენტში საკონსტიტუციო რეფორმას წარადგენდა. ასეთ მომენტში მინისტრის შეცვლა ჩემთვის გაუგებარია,“ – აცხადებს ანიკაშვილი.
არსებული კურსიდან გადახვევას რომ არ აპირებს, ამის შესახებ საკომიტეტო სხდომაზე ჭიაბერაშვილმა თავადაც განაცხადა.
„ახალი ინფრასტრუქტურის პირობებში პაციენტებისთვის უკვე უზრუნველყოფილია ჯანდაცვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, დღის წესრიგში უკვე ხარისხიანი და ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხი დგება,“- ამბობს ჭიაბერაშვილი.
მოქალაქეთა ჯანდაცვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას მომავალი მინისტრი პირველ რიგში კვალიფიციური პერსონალის არსებობაში და მათთვის უწყვეტი განათლების უზრუნველყოფაში ხედავს. თუმცა ყოფილი მინისტრის, ანდრია ურუშაძის მინისტრობის დროს ჯანდაცვის 2012-2015 წლებისთვის გაწერილ სტრატეგიაში ეს საკითხი დღის წესრიგში ისედაც იდგა.
თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც, ჭიაბერაშვილის თქმით, დახვეწას მაინც საჭიროებს. პირველ რიგში ცვლილებები სახელმწიფო სადაზღვევო სისტემაში განხორციელდება.
მომავალი მინისტრის განმარტებით, აუცილებლად გადაიხედება იმ მოქალაქეთა სია, ვინც რეალურად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო დახმარებას.
სახელმწიფომ კი, მისი განაცხადით, მედიაციის სამსახურის გაძლიერებით სადაზღვევო კომპანიების მონიტორინგი უნდა გააძლიეროს.
„ქვეყნის კეთილდღეობა და მათ შორის ჯანდაცვის სფეროს კეთილდღეობა კერძო სექტორზეა დამოკიდებული. თუმცა კარგად უნდა ესმოდეს სადაზღვევო სექტორს, რომ ჩვენი თვითშეფასების მთავარი კრიტერიუმი მოქალაქის ჯანმრთელობაა,“-ამბობს მინისტრობის კანდიდატი.
მათ კი, ვისაც თავად შეუძლია საკუთარი სამედიცინო დაზღვევის ღირებულების გადახდა, მინისტრის განაცხადით, სახელმწიფო მაქსიმალურად კარგად გააგებინებს, რატომ უნდა ისარგებლონ სადაზღვევო პაკეტით.
„როდესაც საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, სისტემატურად კალკულაციას ვაკეთებდი ხოლმე, რამდენს ვიხდიდი ოჯახის დაზღვევაში და შემდეგ ვიღებდი თუ არა იმავე ღირებულების სამედიცინო დახმარებას. შემდეგ მივხვდი, რომ ეს არასწორი მიდოგომაა, რეალურად ამით ვაზღვევთ იმ რისკებს, რომლის წინაშეც შეიძლება ნებისმიერი დადგეს,“ – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მომავალმა მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომლებიც ზოგიერთი დაავადების თავიდან აცილებაში მოქალაქეებს დაეხმარება. ეს ღონისძიებები ჯანსაღი ცხოვრების წესი და ხშირად ჩატარებული სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევა უნდა იყოს. ეს კი, მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიებმა უნდა ურზუნველყონ.
ჭიაბერაშვილის განაცხადით, დაინერგება ელექტრონული ანკეტები, სადაც მოქალაქის სრული სამედიცინო ინფორმაცია შეინახება.
„დღეს ჩვენ არც ვიცით, სად ინახება ჩვენი სამედიცინო ისტორიები. ელექტრონული ანკეტების დანერგვით კი შესაძლებელი გახდება ისეთი სახის ინფორმაციების ერთად თავმოყრა, როგორიცაა, მაგალითად, რა დიაგნოზის დროს რა წამალი დაუნიშნა ექიმმა პაციენტს ერთი წლის წინ, ვინ იყო მისი ექიმი, რაზე აქვს ალერგია. ეს არის ძალიან დახვეწილი სისტემა, რომელიც საბოლოოდ ეფექტური იქნება,“- აცხადებს იგი.
ჯანდაცვის სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, მაგდა ანიკაშვილი ესწრებოდა, ჯანდაცვის ახალი მინისტრის მიმართ შეკითხვები და შენიშვნა ბევრი არ ყოფილა, თუმცა ზურაბ ჭიაბერაშვილმა თითოეული მათგანი ჩაინიშნა.
„აპირებს თუ არა სახელმწიფო, დააფინანსოს ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მკურნალობა ასაკობრივი შეზღუდვების გარეშე?“ „უზრუნველყოფს თუ არა სადაზღვევო პოლისები სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებებს?“ და „აპირებს თუ არა სახელმწიფო, უზრუნველყოს C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობის ხარჯები?“ -ამ შეკითხვებზე მომავალ მინისტრს შეხვედრაზე არ უპასუხია.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრიდონ თოდუამ, ჭიაბერაშვილს სადაზღვევო კომპანიების დავალიანებების საკითხის შესწავლა სთხოვა.
თოდუას თქმით, სხვადსხვა კლინიკაში სადაზღვევო კომპანიებს სოლიდური დავალიანებები აქვთ.
როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ის სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში გეგმავს და აღნიშნულ საკითხსაც გაარკვევს.