ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის რეგისტრაციისთვის სამოქალაქო რეესტრს უნდა წარედგინოს ხელოვნურ განაყოფიერებამდე დადებული სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორს შორის. სპეციალისტების შეფასებით, ეს ცვლილება, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის #18 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა, ანონიმურობას გამორიცხავს. ამასთანავე, წყვილს და სუროგატ დედას შორის სამოქალაქო რეესტრში წარსადგენი, განაყოფიერებამდე დადებული სანოტარო ხელშეკრულება წყვილს დამატებით ხარჯებს აკისრებს.
ცვლილებების განხორციელებამდე ხელშეკრულებას კერძო სააგენტო აფორმებდა, ერთი მხრივ, წყვილთან და მეორე მხრივ – დონორთან. ასეთი ტიპის ხელშეკრულებაში, ძირითადად, წამოყენებული იყო ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ დონორი თანახმაა ჩაიტაროს გამოკვლევა, არ დალიოს, არ მოწიოს და სხვა; ან წყვილი ითხოვს, მაგალითად, ქერათმიან, უმაღლესი განათლების მქონე დონორს და ა.შ.
საქართველოში დონორებს, წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით 3 ორგანიზაცია მუშაობს, ესენია: Human Georgia, New Life Georgia და საქართველოს სამედიცინო ტურიზმის კომპანია.
Human Georgia-ს ხელმძღვანელის, თამარ ხაჭაპურიძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება შეამცირებს დონაციას საქართველოში, რადგან არც ერთ დონორს არ უნდა წყვილთან ერთად ნოტარიუსში დაჯდეს და მისი საპასპორტო მონაცემები გაუმხილოს. შესაბამისი სურვილი არც წყვილებს აქვთ:
“ეს ცვლილება ქართველი წყვილებისთვის დონაციას მოსპობს. იმ დონორებიდან, ვისაც მე ცვლილებები გავაცანი, ყველა აღნიშნავს, რომ ქართველი წყვილებისთვის დონაციაზე უარს იტყვიან, უცხოელებისთვის დონაციაზე კი, შესაძლოა, თანხმობა განაცხადონ”.
იმავეს ამბობს “საქართველოს სამედიცინო ტურიზმის კომპანიის” ხელმძღვანელი ქეთევან რობაქიძეც:
“მიუხედავად იმისა, რომ სუროგაციაც და დონაციაც კომერციული საქმიანობაა, არავინაა დაზღვეული, როდის გაიღვიძებს დონორში მშობლის ინსტინქტი, ამიტომ წყვილების მთავარი მოთხოვანაა, დაცული იყოს მათი ანონიმურობა დონორისთვის. ამ შემთხვევაში დონაცია, ჩემი აზრით, მოკვდება საქართველოში და ისედაც გაწამებული წყვილები კიდევ უფრო დაიტანჯებიან”.
New Life Georgia–ს პაციენტების კოორდიანტორის სოფო უკლებას განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვან პრობლემას არ ქმნის. მისი განმარტებით, New Life Georgia–ს პრაქტიკიდან გამომდინარე, მშობლებს ყოველთვის აინტერესებთ, ვინ არის დონორი და საკმაოდ ხშირად წყვილსა და დონორს შორის ურთიერთობა ისედაც დგება:
“ეს ინდივიდუალურია. რაც შეეხება იმას, რომ დონორს შეუძლია მომავალში წყვილს პრობლემები შეუქმნას, ასე მარტივადაც არ არის საქმე. პირველ რიგში, არ გვქონია ისეთი შემთხვევა, როცა განაყოფიერების შემთხვევაში სპერმაც და კვერცხუჯრედიც დონორია. ასე ყველას შეუძლია, მივიდეს ბავშვთან და უთხრას, მე შენი მშობელი ვარო”.
წყვილს, რომელიც დონორით ან სუროგატი დედით სარგებლობს, კანონმდებლობა იცავს: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში წერია, რომ ბავშვის დაბადების შემთხვევაში, მშობლად წყვილი ითვლება. აქედან გამომდინარე, დონორს ან სუროგატ დედას არ აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.
თუმცა სპეციალისტები კანონს მიღმა წარმორჩენილ პრობლემებზე საუბრობენ. ინვიტრო განაყოფიერების ცენტრში არსებობს სპერმის ბანკი. ცენტრის დირექტორის გოგიტა კარანაძის განცხადებით, ცვლილებების გამო პროგრამა შეჩერებულია. სპერმის დონაცია დონორის მხრიდან კომერციული საქმიანობაა და თითო დონაციაში მამაკაცი 100 ლარს იღებს. კარანაძის თქმით, ეს ცვლილება, დონორზე მეტად, წყვილისთვისაა პრობლემა:
“ეს ცვლილება წყვილისთვის უფრო მეტი პრობლემაა, თუმცა დონორისთვისაც არასასურველია. დონორი ფულს იღებს, ახალგაზრდები არიან… 10 წლის მერე რა ჭკუაზე დადგება, არავინ იცის. როცა იცის, ვისთან არის მისი გენეტიკური შვილი, შესაძლოა, ოჯახში მივიდეს, შანტაჟი დაუწყოს, ამისგან დაზღვეული უნდა იყოს წყვილი”.
ნოტარიულად დამტკიცების შემთხვევაში, არსებობს იმის შანსი, რომ წყვილმა და დონორმა ერთმანეთი არ გაიცნონ და დოკუმენტს ხელი ცალ-ცალკე მოაწერონ, თუმცა ხელშეკრულება ორმხრივი სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა:
“ყველა ვარიანტში, დონორის ნაცვლად მისმა წარმომადგენლმა რომც მოაწეროს ხელი, მინდობილობაც რომ ჰქონდეს, მინდობილობის გამცემს აქვს ვალდებულება, ხელშეკრულების ეგზემპლარი მისცეს. იქ ხომ წერია, ვინ არის მეორე მხარე, ამის არჩაწერა არ შეიძლება ხელშეკრულებაში. ის მაინც გაიგებს, როცა მოუნდება, ვინ არის კონტრაგენტი ამ ხელშეკრულების,” – აღნიშნავს გოგიტა კარანაძე.
“ნეტგაზეთმა” შეკითხვით მიმართა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, თუ რატომ გახდა აუცილებელი ცვლილებების შეტანა, იმის გათალისწინებით, რომ იგი საფრთხეს უქმნის ანონიმურობას. სააგენტოში აცხადებენ, რომ ექსტრაკორპორული განაყოფიერება მხარეთა ნების გამოხატვის საფუძველზე ხორციელდება, დონორი კი აღნიშნნული სამართალურთიერთობის ერთ–ერთი მონაწილეა:
“შესაბამისად, მის მიერ ნების გამოხატვა კანონმდებლობით დადგენილი სანოტარო წესით უნდა დამოწმედეს,” – განმარტავენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.
რაც შეეხება სუროგატ დედასა და წყვილს შორის ხელოვნურ განაყოფიერებამდე ხელშეკრულების გაფორმებას, სპეციალისტების განცხადებით, კანონის ეს მოთხოვნა დამატებით ხარჯებს გამოიწვევს წყვილისთვის და დისკომფორტს შექმნის უცხოელი წყვილებისთვის.
ძველი კანონმდებლობით, წყვილს, რომელიც სუროგატი დედის დახმარებით აჩენდა შვილს, დაბადებული ბავშვის რეგისტრაციისას უნდა წარედგინა სუროგატ დედასა და გენეტიკურ მშობლებს შორის ნოტარიული წესით დადებული ხელშეკრულება. კანონში არ იყო მითითება ხელშეკრულების გაფორმების დროზე. ახალი რედაქციით კი, ხელშეკრულება განაყოფიერებამდე უნდა დაიდოს და იგი ნოტარიულადაც განაყოფიერებამდე უნდა დამოწმდეს.
გოგიტა კარანაძის განცხადებით, სწორია, როდესაც ხელშეკრულება განაყოფიერებამდე იდება და მათი პრაქტიკიდან გამომდინარე, კანონის მხრიდან შეუზღუდავობის მიუხედავად, ასეც ხდებოდა, რადგან ორივე მხარისთვის უკეთესია იცოდნენ და ესმოდეთ მათი მოვალეობები. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ხელშეკრულება ნოტარიულად მას შემდეგ მოწმდებოდა, როცა ორსულობას იღებდნენ.
ხელოვნურად განაყოფიერებული ემბრიონის სხეულში გადატანის შემდეგ, პირველ ცდაზე, ორსულობის მიღების 35-40%-იანი ალბათობა არსებობს. სპეციალისტების განცხადებით, ეს არცთუ მაღალი მაჩვენებელია. წყვილი ხშირად ცვლის სუროგატ დედას, ახალი ცვლილებების გამო ყოველ შეცვლილ დედაზე წყვილს ნოტარიულად დამოწმებისთვის ხელახლა მოუწევს თანხის გადახდა. ეს ციფრი ინდივიდუალურია, ხელშეკრულების ღირებულებიდან გამომდინარე, თუმცა საშუალოდ 150-დან 200 ლარამდე მერყეობს.
სუროგატი დედის აყვანა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, სუროგაციის კომპენსაციის თანხა 11 000-დან 12 000 დოლარამდე მერყეობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის ფონზე ზედმეტად დახარჯული, შესაძლოა, რამდენიმე 200 ლარი წყვილისთვის დამატებითი დისკომფორტია.
თამარ ხაჭაპურიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ცვლილება უცხოელებისთვის უფრო ქმნის უხერხულობას, რადგან მათ შესაძლოა, რამდენჯერმე მოუწიოთ საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ყოველი წარუმატებელი შედეგისას, სუროგატი დედის შეცვლის შემდეგ, ხელახლა უნდა გააფორმონ კონტრაქტები და ნოტარიულადაც დაამოწმონ.
საკითხს პრობლემურად არ მიიჩნევს სოფო უკლება. მისი თქმით, ისეთი წყვილისთვის, ვისაც შვილი 10-15 წლის მანძილზე არ ჰყავს, არაფერი ქმნის დისკომფორტს, რაც კანონის ფარგლებში ხდება და მათთვის მთავარი შედეგია.
საქართველოში ამ ეტაპზე სამი სააგენტოა, სადაც დონორებისა და სუროგატების ბაზები არსებობს; 6 კლინიკა, სადაც ხელოვნური განაყოფიერება ტარდება, სპერმის დონაციის ფასი 80 ლარიდან იწყება და მაქსიმუმი 300 ლარია, ხოლო კვერცხუჯრედის დონაციისთვის მაქსიმალური თანხა 1500-დან 2000 ლარამდე მერყეობს.
იუსტიციის მინისტრის #18 ბრძანება ძალაში მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან შევიდა.