საქართველოში ახალი, თანამედროვე საავადმყოფოების მშენებლობის მიუხედავად, პაციენტებისთვის, რიგ შემთხვევებში, ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა, შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების არქონის ან დაავადებების სირთულის გამო, შეუძლებელი ხდება. პაციენტები და მათი ახლობლები გამოსავალს საზღვარგარეთ მკურნალობაში ხედავენ.
„მე თვითონ ექიმი ვარ. ჩემი დიაგნოზი ავთვისებიანი სიმსივნეა. წყალწაღებულივით ვეჭიდები ყველა შესაძლებლობას. ამიტომ მინდა განვითარებულ ქვეყანაში წასვლა და მკურნალობა,“-ამბობს ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრში რამდენიმე დღით ჩამოსულ უცხოელ სპეციალისტებთან კონსულტაციისთვის რიგში დგას.
პაციენტებისა და მათი ახლობლების, დაახლოებით, 30-კაციანი რიგი ამჯერად იაპონელ პროფესორთან, ონკოლოგთან, მძიმე პროტონული ნაწილაკებით დაბომბვის სპეციალისტთან, იროიკო ცუჯისთან და ღვიძლის გადანერგვის სპეციალისტთან, კიოჩი ტანაკასთან დგას.
კიოჩი ტანაკა პირველი ქირურგია, რომელმაც ღვიძლი წარმატებით გადანერგა.
„თავად იაპონელებს მათთან კონსულტაცია 1500 აშშ დოლარი უჯდებათ. დღეს ისინი თბილისში სრულიად უფასოდ უწევენ საქართველოს მოქალაქეებს კონსულტაციებს. თუ მიიჩნევენ საჭიროდ, რომ პაციენტი მათ ქვეყანაში მკურნალობას დაექვემდებარება, ის პაციენტი იაპონიაში გაემგზავრება,“ – ამბობს საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ცინცაძე.
იაპონელი სპეციალისტები თბილისში არსებული საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის მოწვევით იმყოფებიან.
აღნიშნული ცენტრი ერთადერთია, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უწევს მსოფლიოში ცნობილ კლინიკებთან შუამავლობას – თბილისში არსებულ ცენტრს მეზობელი ქვეყნების პაციენტებიც მიმართავენ.
პაციენტები, ძირითადად, ამერიკაში, გერმანიაში, ისრაელსა და იაპონიაში მიდიან.
“ასევე, ჩვენი მეზობელი თურქეთი, სადაც ბოლო წლებში შესამჩნევად განვითარდა მედიცინა. ხარისხი საკმაოდ მაღალია სტამბულში, მათ მედიკოსებს დასავლეთის წამყვან კლინიკებში აქვთ კვალიფიკაცია მიღებული. ამასთან, ფინანსური და გეოგრაფიული თვალსაზრისით, თურქეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო ხელსაყრელია ჩვენი პაციენტებისთვის,” – ამბობს ცინცაძე.
ონკოლოგია, ნეიროქირურგია, კარდიოქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, გასტროენტეროლოგია, ორთოპედია, ხელოვნური განაყოფიერება, პედიატრია, დერმატოლოგია, გინეკოლოგია, ჰეპატოლოგია, იმუნოლოგია, უშვილობის მკურნალობა, ნეიროონკოლოგია, დიალიზი, ოტოლარინგოლოგია, ოფთალმოლოგია, პლასტიკური ქირურგია, რადიოლოგია, ფიზიოთერაპია, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ენდოკრინოლოგია – ცენტრი ძირითადად ამ მიმართულებებით ეხმარება პაციენტებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის დროს.
თუმცა პაციენტების საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის ყველაზე ხშირი მიზეზი მაინც ონკოლოგიური დაავადებები და ღვიძლის გადანერგვაა.
„ძირითად შემთხვევებში, საქართველოშივე ამ ადამიანებს უკვე ბევრი სამედიცინო მანიპულაცია აქვთ გაკეთებული და ამ გზით ეძებენ ბოლო იმედს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეეცვლებათ,” – ამბობს ცენტრის ექიმი გელა ყურაშვილი.
როდესაც პაციენტი საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრს მიმართავს, უკვე თან უნდა ჰქონდეს გამოკვლევების შედეგები და საქართველოში დასმული პირველადი დიაგნოზი, რომელსაც საკონსულტაციო განყოფილება შეისწავლის და დაამუშავებს მას ევროპული სტანდარტების შესაბამისად. შემდეგ უკვე დიაგნოზი ითარგმნება და იმ ქვეყნების კლინიკებში იგზავნება, სადაც არის შესაბამისი განყოფილებები. გათვალისწინებულია პაციენტის სურვილი ქვეყნის არჩევის დროს.
მონაცემების გაგზავნის შემდეგ კლინიკიდან მოდის პასუხი მკურნალობის მეთოდების და სავარაუდო ღირებულების შესახებ.
როგორც წესი, საზღვარგარეთ მკურნალობა პაციენტებს, დაახლოებით, ორჯერ მეტი უჯდებათ, ვიდრე საქართველოში.
მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების დროს იაპონიაში კარბონის იონით დასხივება, ტრასპორტირების ხარჯების გარდა, პაციენტს 40 000 აშშ დოლარი უჯდება.
თუმცა, ცენტრის თანამშრომელთა თქმით, ჰყოლიათ ისეთი პაციენტებიც, რომელთა მკურნალობაც პრეზიდენტის და პირველი ლედის ფონდებიდან, ან სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურიდანაც დაფინანსებულა.