იქნება თუ არა ეფექტური საქართველოს ეროვნული სტრატეგია “გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის”? რა კომპონენტებს გულისხმობს აღნიშნული სტრატეგია და რა არის მისი მიზანი?
სტრატეგია სასკოლო განათლების სექტორში საბუნებისმეტყველო მეცნიერების პედაგოგებისთვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს, ასევე, გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო მასალების შემუშავებას და გავრცელებას, გარემოსდაცვითი განათლების ქმედებების ფორმალური და არაფორმალური სექტორის კოორდინაციას და სხვა.
ორჰუსის ცენტრის წარმომადგენლის, ნინო გვაზავას განცხადებით, სასკოლო განათლების კუთხით სტრატეგიაში მითითებულია, რომ მოხდება საგანმანათლლებლო მასალების მომზადება, თუმცა არსადაა ნახსენები კურიკულუმების შემუშავება:
“ეს ყველაფერი თუ გავაკეთეთ და კურიკულუმებში არ იქნა შეტანილი შესაბამისი მოთხოვნები, რა ბერკეტები გვაქვს ამის განხორციელების?”
ეროვნული სასწავლო გეგმა (შესაბამისად, კურიკულუმები) 2011–2016 წლებისთვის უკვე დამტკიცებულია, აღნიშნული სტრატეგია კი მასში ცვლილებებს არ ითვალისწინებს.
“მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, სწორედ არსებული ეროვნული სასწავლო გეგმის გადახედვა იქნება პირველი წინგადადგმული ნაბიჯი გარემოსდაცვითი განათლების წარმატებულად დანერგვისთვის. ჩხობაძის განცხადებით, სახელმძღვანელოებში მნიშვნელოვანი ხარვეზებია:
“ხარვეზებია გეოგრაფიის, ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში. როცა მეცხრეკლასელს ასწავლიან პლაცენტას და არაფერია კონკრეტულად ახსნილი, საშინელებაა. თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ, უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც არსებული კურიკულუმებისა და სახელმძღვანელოების რევიზიას განახორციელებს, რომ ვიცოდეთ, რას ვასწავლით. ეს სტრატეგიაში უნდა იყოს გათვალისწინებული“.
გარემოსდაცვითი განათლების კონსულტანტი თეა სიფრაშვილი ამბობს, რომ სახელმძღვანელოების დამტკიცება გრიფის მინიჭების წესით ხდება, რაშიც ექსპერტთა მუშაობა იგულისხმება და, შესაბამისად, სტრატეგიაში დამატებით რაიმე ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობა არ არსებობს.
“რაც ამ სტრატეგიას ევალება, ეს არის გარემოსდაცვით განათლებაში მუშაობის კოორდინაცია. იქნება სპეციალური ფორმატის სამუშაო ჯგუფები, განხიხილავენ გარკვეულ საკითხებს. სახელმძღვანელოებზე მუშაობასთან დაკავშირებით უშუალოდ პასუხისმგებელია განათლების სამინისტრო, დამატებით პასუხისმგებლობებს განათლების საკითხებში გარემოსდაცვა ვერ აიღებს,” – აცხადებს სიფრაშვილი.
სტრატეგიის შემუშავება გარემოს დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. სტრატეგიის განხილვა მოეწყო 13 თებერვალს სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაში არ მონაწილეობდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი. შეხვედრისას აღინიშნა, რომ სასურველია, მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრა განათლების სამინისტროსთანაც გაიმართოს.
შემდეგი რეკომენდაცია სასკოლო განათლების კუთხით მშობელთა ჩართულობას უკავშირდება. სიფრაშვილის განცხადებით, ეს საკითხი ეკოკლუბების ფენომენშია გათვალისწინებული. ეკოკლუბების პრეცედენტი უკვე არსებობს:
“ეს იქნება პლატფორმა იმისათვის, რომ პროექტების საფუძველზე ჩავრთოთ საზოგადოებაც, მოსწავლეებიც, მშობლებიც და მასწავლებლებიც,” – განაცხადა გარემოსდაცვითი განათლების კონსულტანტმა.
სტრატეგიის ფარგლებში იგეგმება გარემოსდაცვითი კვლევების წახალისება, ასევე, აქტიური მედიაკამპანიების ჩატარება, განსაკუთრებით ბიზნესსექტორისთვის; ეროვნულული სამუშაო ჯგუფის შექმნა, ელექტრონული პლატფორმის ფორმირება, სადაც გარემოსდაცვითი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი.
ეროვნული სტრატეგია ჯერ არ დამტკიცებულა, შესაბამისად, 2012 წლის ბიუჯეტიდან თანხები გამოყოფილი არ არის. თუმცა არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მხარდაჭერა. დონორებთან შეხვედრა გუშინ გაიმართა. მონაწილეებმა ერთობლივი ღონისძიებები და თანამშრომლობის გზები დასახეს.