საზოგადოება

ეკუმენური ლოცვის კვირა ქრისტიანულ ეკლესიებში

26 იანვარი, 2012 •
ეკუმენური ლოცვის კვირა ქრისტიანულ ეკლესიებში

ეკუმენური ლოცვა
ეკუმენური ლოცვა

ბათუმში, წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში, რომის კათოლიკურმა, სომხურმა სამოციქულო და ევანგელურმა ეკლესიებმა ერთობლივი წირვა აღავლინეს. ეკლესიის წარმომადგენელთა განცხადებით, ეკუმენური ლოცვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქრისტიანული ეკლესიების ერთიანობისთვის. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთობლივი ლოცვითი მსახურება თბილისში, ქუთაისში, ახალციხესა და ბათუმში გაიმართა.

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის მოძღვარის, მამა გაბრიელ ბრაგანტინის თქმით, ეკუმენური ლოცვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქრისტიანული ეკლესიებისთვის. მისი განცხადებით, ეკლესიას ყოველთვის სჭირდება რეფორმა, მოქცევა და სინანული: “ეს პროცესი კი სწორედ ერთობლივი მსახურებებიდან უნდა დავიწყოთ. სახარებაში ჩვენ ვაწყდებით მომენტს, როდესაც იესო თესვაზე და მარცვალზე საუბრობს. მარცვალში დიდი ძალაა, მაგრამ ის დარჩება მიწაში და ვერასდროს აღმოცენდება, თუკი არ დალპა. ამიტომ ეკლესია ჯერ უნდა მოკვდეს ქრისტეში, რომ შემდეგ აღდგეს მასთან ერთად”.

“როცა ქრისტიანთა შორის ერთობაზე ვლაპარაკობთ, უნებურად გვახსენდება მოციქულ იოანეს სიტყვები, როდესაც ის იესოსთან მივიდა და უთხრა: უფალო ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით მოქმედებს, მაგრამ ჩვენ არ დაგვყვება, ამიტომ ჩვენ, მოციქულებმა, ავუკრძალეთ მას შენი სახელით ეშმაკების განდევნა და კეთილი საქმეების კეთება. ამ ისტორიიდან კარგად ჩანს, რომ ერთობის პრობლემა ეკლესიის არსებობის დასაწყისშიც კი იდგა. მოციქულთა რეაქცია მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სიამოვნებდათ იმ ადამიანის მსახურება, რომელიც მათთან არ იდგა.  ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია არა მარტო ეკლესიის წიაღში, ზოგადად, ადმიანის ცნობიერებაშიც, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სტერეოტიპები, ჩვენი მიდგომები და ხშირად, როდესაც სხვა აკეთებს იმას, რასაც არ ვაკეთებთ ჩვენ, ან არ დადის იმ ეკლესიაში, სადაც არ ვართ ჩვენ, ასეთი ადამიანების მიმართ ანტაგონიზმი გვიჩნდება”-ამბობს პროტესტანტული ეკლესიის პასტორი, ვარლამ რამიშვილი. მისი თქმით, ადამიანის ბუნებაა, რომ ის თავისგან განსხვავებულს მტრად მიიჩნევს. “ჩვენც არ ვართ მოციქულებზე დიდი და ჩვენც გამოვირჩევით მსგავსი დამოკიდებულებებით, მაგრამ ამ ისტორიაში სანუგეშოა იესოს დამოკიდებულება, მისი პასუხი: “ვინც ჩემ წინააღმდეგ არ არის, ჩემთან არის”. მადლობა, რომ ქრისტე არსებობს და ის არის ეკლესიის თავი და საძირკველი”. პასტორის თქმით, ეკუმენური ლოცვის მიზანი ეკლესიებში ქრისტეს ბუნებისა და სწავლების დამკვიდრებაა: “მიუხედავად ჩვენი ეკლესიური, დენომინაციური და  ცნობიერი განსხვავებისა”.

ელგუჯა ინაიშვილი, ევანგელური ეკლესია, – “სიცოცხლის სიტყვა”-ს პასტორი: “ადამიანების მიერ მართული ეკლესია ხშირად ხდება გაყოფის, დანაწევრების, მტრობის და შუღლის ობიექტი. მაგრამ ბოლო ასი წელი ქრისტიანობის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უფალმა ეკლესიებს შორის ერთად ყოფნის სურვილი მოამწიფა. ჩვენ ვიცით, როგორი მტრული დამოკიდებულება არსებობდა  პროტესტანტულ და კათოლიკურ ეკლესიებს შორისაც, მაგრამ ეს ყინული გალღვა. ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ჩვენ შორის არ დგას ბევრი სხვა ქრისტიანული თემი, მათ შორის მართლმადიდებლური. იმედი გვაქვს, უფალი შეცვლის მათ დამოკიდებულებასაც”.

სომხური სამოციქულო ეკლესიის მოძღვარი, მამა არარატ გუმბალიანი: “ლოცვა არის  სულიერი კავშირი ღმერთთან, როცა უფალი მოდის და დგას ჩვენ წინ, ჩვენ უნდა ვუსმინოთ მას”.

ეკუმენური ანუ ქრისტიანული ეკლესიების ერთობლივი მსახურების პრეცედენტი პირველად ანგლიკანურ ეკლესიაში შეიქმნა, რამაც ორ მტრულად განწყობილ ქრისტიანულ მიმდინარეობას, კათოლიკურსა და პროტესტანტულ ეკლესიებს შორის ურთიერთობები დაათბო.

მასალების გადაბეჭდვის წესი