საზოგადოება

რეპატრირებული მესხები სკოლის მიღმა რჩებიან

24 იანვარი, 2012 • 1992
რეპატრირებული მესხები სკოლის მიღმა რჩებიან

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 16 მესხი ბავშვი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების გამო შესაძლოა, სკოლის გარეთ დარჩეს.

შაშკინის ბრძანებაში, რომელიც 6 იანვარს გამოიცა, აღნიშნულია, რომ მოსწავლის სტატუსი შეუჩერდება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს (გარდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისა), რომელიც სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.

მამა–შვილი მანზულოვები 2008 წელს ჩამოვიდნენ საქართველოში ყარაჩაი–ჩერქეზეთიდან და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში დასახლდნენ. მამა-შვილი საქართველოს მოქალაქები არ არიან, თუმცა დოკუმენტები რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად შეტანილი აქვთ.

ოჯახის შემოსავალი მამის, 79 წლის რეიზ მანზულოვის,  პენსიაა, ამიტომაც შვილისთვის სკოლის ვაუჩერის თანხის – 420 ლარის გადახდა არ შეუძლია:

,,ვერაფრით  გადავიხდი ვაუჩერის ფულს. არ მაქვს“, – ამბობს რეიზ მანსულოვი.

მისი შვილი, 14 წლის გიორგი მანზულოვი, სოფელ კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეა. სკოლის დირექტორი მალხაზ ბლუაშვილი ამბობს, რომ, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ვალდებულია, გიორგის მოსწავლის სტატუსი შეუჩეროს. შაშკინის ბრძანებით, სწორედ სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით ხდება მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერება/აღდგენა.

“სტატუსს რომ შევუჩერებ, ბაზიდან უნდა ამოვიღო და შემდგომ უკვე უფლება აღარ აქვს, ისწავლოს“, – ამბობს მალხაზ ბლუაშვილი.

გიორგის მანზულოვის მსგავსი პრობლემა აქვს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ 16 რეპატრირებულ მესხ ბავშვს, რადგან მათ ოჯახებსაც არ აქვთ საშუალება, გადაიხადონ სკოლის ვაუჩერი.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტი”, რომელიც მესხების საკითხებზე მუშაობს, წერილებს ამზადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სახალხო დამცველის სახელზე, რათა დროულად მოგვარდეს ამ ბავშვების პრობლემა.

“ეს ადამიანები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ უკვე აქვთ საბუთები შეტანილი სტატუსზე, ამიტომაც შესაძლოა დაშვებული იქნას რაიმე შეღავათი, რათა ბავშვებს მიეცეთ სკოლაში სწავლის უფლება“, – ამბობს ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

საქართველოს კონსტიტუციის 35–ე მუხლის  პირველი ნაწილის თანახმად,  ყველას აქვს  განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

ამავე თემაზე:

ბრძანება, რომელიც კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს

რას ემსახურება შაშკინის ბრძანება მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი