საზოგადოება

რა ბედი ელის ბიბლიოთეკას გუდიაშვილის სკვერში

20 იანვარი, 2012 • 2150
რა ბედი ელის ბიბლიოთეკას გუდიაშვილის სკვერში

რა ბედი ელის გუდიაშვილის სკვერში მდებარე ბიბლიოთეკას მოედანზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად?

ორსართულიანი შენობა, რომელშიც ბიბლიოთეკამ 1944 წლიდან დაიდო ბინა, ექიმის და ვაჭრის, დავით ხუდადიანის საკუთრება იყო. 1881 წელს ხუდადიანმა ეს სახლი კავკასიის სომეხ ვაჭართა საზოგადოებას დაუთმო. 1897 წელს, ხუდადიანის გარდაცვალების შედეგ, შენობის მეორე სართული, ანდერძის თანახმად, მისივე სახელობის ობოლ ბავშვთა სახლს გადაეცა, პირველ სართულზე კი თეატრი ფუნქციონირებდა. 1944 წლიდან თეატრი გაუქმდა და მის ნაცვლად ბიბლიოთეკა ამოქმედდა, მეორე სართულზე კი მობინადრეები დასახლდნენ და დღემდე ცხოვრობენ.

დაფინანსების სიმცირის გამო ახალი და თანამედროვე წიგნები ბიბილიოთეკისთვის იშვიათი სიამოვნებაა, შესაბამისად, დღეში საშუალოდ 12–დან 20–მდე მკითხველი ჰყავს.

ბიბლიოთეკის ხუთი ოთახიდან ერთ–ერთი მათგანი საბავშვო ბიბლიოთეკას ეთმობა, რომელიც სასწავლო პერიოდში, თანამშრომლების თქმით, მოსწავლეთა ნაკლებობას არ განიცდის.

ბიბილიოთეკის წიგნსაცავში 27 ათასი ქართული, რუსული, ფრანგული და სომხურენოვანი წიგნი ინახება, თუმცა, შენობის სიძველის გამო წიგნები საფრთხეშია.

ბიბლიოთეკის გამგე როგნეტა კუჭავა ამბობს, რომ შენობა რეკონსტრუქციასა და გადაუდებელ გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს. მისივე თქმით, თბილისის მერიამ მათ პირობა მისცა, რომ ბიბლიოთეკისთვის ქალაქში სხვა ადგილი გამოიყოფა, თუკი შენობას გამაგრებითი სამუშოები არ ჩაუტარდება.

თბილისის მერიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ბიბლიოთეკა დროებით სხვა ადგილზე გადაინაცვლებს და სამუშაოების დასრულების შემდეგ ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდება.

გუდიაშვილის სკვერში მდებარე ნომერ მეოთხე ბიბლიოთეკის ისტორიულ შენობაში გადაღებულია ფილმების– „კუკარაჩასა“ და „ქაღალდის ტყვიის“– ეპიზოდები.

მასალების გადაბეჭდვის წესი