საზოგადოება

თავის ტკივილის წინააღმდეგ

20 იანვარი, 2012 • 1525
თავის ტკივილის წინააღმდეგ

საქველმოქმედო პროექტი „გლობალური კამპანია თავის ტკივილის წინააღმდეგ” საქართველოში შაკიკის და თავის ტკივილის სხვა ფორმების ადეკვატური მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მეთოდების დანერგვას იწყებს. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ანდრია ურუშაძემ და ესენის უნივერსიტეტის პროფესორმა, ზაზა ქაცარავამ, ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორ ტიმოტი სტაინერთან ერთად, საქართველოში თავის ტკივილის თანამედროვე მეთოდებით მკურნალობის დანერგვაზე ისაუბრეს.

“საქველმოქმედო პროექტის „გლობალური კამპანია თავის ტკივილის წინააღმდეგ” მიზანია, საქართველოში შაკიკის და თავის ტკივილის სხვა ფორმების ადეკვატური მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მეთოდები.

მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, რომ აღნიშნული დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია. ამ პრობლემის მქონე პაციენტებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ შეტევების რაოდენობა და საგრძნობლად გაუმჯობესდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა,”–ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველ ეტაპზე თითოეული პაციენტი, რომელიც თავის ტკივილის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ქართულ-ევროპულ ცენტრს მიმართავს საჭირო სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებს მიმართვიდან პირველი 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღებს. ხოლო შემდეგ მკურნალობის კურსის გავლა შეღავათიან ფასებში იქნება შესაძლებელი. ტელემედიცინის საშუალებით პროფესორი ზაზა ქაცარავა რეგულარულად ჩაატარებს კონსულტაციებს, რაც როგორც პირველი 3 თვის განმავლობაში, ისე შემდგომშიც, უფასო იქნება.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გლობალური კამპანიის დაწყება, რომელიც თავის ტკივილისა და შაკიკის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ხარისხიანი სამედიცინო სერვისები მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ.”- აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შაკიკი დაავადებათა შორის მე-10 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა ამ პრობლემის მქონე პაციენტებს შეტევების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეუმცირებს. ჩვენი ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს არის. ძალიან მალე ამ შაკიკის პრევენცია და შემდგომი განკურნება გახდება შესაძლებელი.”- განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორმა ტიმოტი სტაინერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი