საზოგადოება

ახალი ჰესები და 225 ჰექტარი წყლის ქვეშ

17 იანვარი, 2012 • 1775
ახალი ჰესები და 225 ჰექტარი წყლის ქვეშ

მდინარე ჭოროხზე კალაპოტური ტიპის ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე თურქულმა კომპანიამ “აჭარ ენერჯი 2007”-მა გარემოს დაცვის სამინისტროსგან ნებართვა მიიღო. გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის მიხედვით, რომელზე დაყრდნობითაც სამინისტრომ ნებართვა გასცა, პროექტის განხორციელების შემთხვევაში წყლით დაიფარება 225 ჰექტარი მიწის ფართობი, აქედან 181 000 კვ/მ სოფლების: მახოს, ერგეს აჭარისწყლის, მირვეთის, კირნათისა და მარადიდის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, არსებული საძოვრები და ტყის კორომები იქნება.

სოფელ მაჭახლისპირში, ჭოროხის მარჯვენა მხარეს, უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა. სოფლის ცენტრში, დასახლებასთან ახლოს კი, კომპანიამ კოტეჯის ტიპის სახლები განათავსა, სადაც თურქი სპეციალისტები იცხოვრებენ.

პროექტის განხორციელებას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება, ისინი „ბათუმელებთან“ იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც მოსახლეობას, მათი თქმით, პროექტის განხორციელების შემდეგ ელოდება.

„რაც მდინარე ჩაკეტეს, კლიმატი შეიცვალა, ბაყაყები მოისპო და კოღო გაჩნდა, ამ ჰესების აშენების შემდეგ კი ალბათ ჩვენც მოვისპობით და ეს იქნება შედეგი. ტელევიზორში სპეციალისტი ამბობდა, შვიდი პროცენტით მოიმატებს ტენიანობაო; როგორც ვიცი, 65 პროცენტი ნესტია ჰაერში, ახლა კიდევ შვიდი პროცენტიც თუ დაემატა, აქ როგორ ვიცხოვრებთ, არ ვიცი.“  – ამბობს სოფელ მარადიდში მცხოვრები ახმედ დიასამიძე. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ მაჭახლისპირში ინვესტორმა მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დათმობის სანაცვლოდ 1 კვ/მ-ზე 8-დან 12 ლარამდე შესთავაზა. “მოსულები იყვნენ, კითხვების დასმის საშუალება მოგვეცა, მაგრამ რა გამოვიდა ამით? – ვკითხე, მინდორი ხომ არ დაიტბორება-მეთქი და შეიძლება დაიტბოროსო მიპასუხეს. თურქ ინვესტორს კაპიკის დახარჯვა არ უნდა, აქ ძალიან დიდი დავა იქნება. რვა ლარად რომელი ჭკუათმყოფელი მისცემს ერთ კვადრატულ მიწას, ამ მიწაზე ტყე და ჩანჩქერი გვაქვს. გადაგასახლებთო არ უთქვამთ, მოსახლეობას არ ვეხებითო, მაგრამ სახლთან წყალს რომ დაგიგუბებენ, იქ როგორ უნდა იცხოვრო. ვუთხარი, როგორც თქვენ გინდათ და გაგიხარდებათ, ისე არ გამოვა-მეთქი; გავაფრთხილე, რომ სოფელ მირვეთის მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე იქ ჰესს ვერ ააშენებენ.“ – ამბობს ზურაბ ჭელიძე.

გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტში, რომელიც ქართულმა საკონსულტაციო კომპანიამ „გამა-კონსალტინგმა“  მოამზადა, ერთი თავი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე პროექტის შესაძლო ზემოქმედების განხილვას ეთმობა, სადაც ნათქვამია, რომ 2015 წლისთვის თურქეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შემდეგ შავ ზღვაში მდინარე ჭოროხის საშუალებით ნატანის ტრანსპორტირება 83 პროცენტით შემცირდება, შესაბამისად, კონსულტანტებმა დასაშვებად მიიჩნიეს, რომ დამატებით კაშხლების მშენებლობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა დაგეგმილი, მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას ვეღარ მოახდენს, თუმცა სანაპიროს შენარჩუნების მიზნით შავი ზღვის სანაპირო ზოლში გარკვეული რაოდენობის ინერტული მასალის ყოველწლიურად შეტანა კვლავაც აუცილებელი იქნება.
ანგარიშში ნათქვამია ასევე, რომ მდინარეების – მაჭახელასა და აჭარისწყლის –პლაჟშემქმნელი ნატანის ჯამური მოცულობა 80 000მ3-ს შეადგენს, რაც პლაჟწარმომქმნელი ნატანის ბუნებრივად არსებული მდგომარეობის 20 პროცენტია. დავით ჭიპაშვილის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შემთხვევაში შავ ზღვაში პრაქტიკულად აღარც არსებული ნატანის ჩატანა მოხდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის პირდაპირი და ირიბი ზემოქმედების მაჩვენებლებს შავი ზღვის სანაპიროზე.“

დოკუმენტში არც 2007 წელს ჰოლანდიელი ექსპერტების მიერ მომზადებული რეკომენდაციებია ნახსენები, რომლის მიხედვითაც ადლიის სანაპირო ზოლში 2000 მ სიგრძის მონაკვეთზე 100 000მ3 მოცულობის ჩაყრის განხორციელებას დროებითი სახე უნდა ჰქონოდა, სანამ უფრო მდგრადი გადაწყვეტილების მონახვა არ მოხერხდებოდა.

„დროებითმა“  ღონისძიებამ არა მარტო რეგულარული სახე მიიღო, გარემოზე ზემოქმედების (გზშ) ანგარიშის მიხედვით, ეს ღონისძიებები შავი ზღვის სანაპირო ზოლის შესანარჩუნებლად საუკეთესო გამოსავლადაა მიჩნეული.

ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი იაშა დისამიძე, რომელიც სოფელ მარადიდის მკვიდრია, შიშობს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში სოფლის დაბლობის იმ ნაწილს, სადაც სასაფლაო მდებარეობს, წყალი დაფარავს, რაც პირადად მისთვის და სოფლის მოსახლეობისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. გარდა ამისა, მისი მოსაზრებით, ვიბრაცია, რასაც ჰესების მუშაობა იწვევს, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში სამომავლოდ მოსახლეობისგან სოფლების დაცლას ვარაუდობს „მწვანე ალტერნატივას“ კოორდინატორი დავით ჭიპაშვილი. მისი თქმით „შემოსავლის ძირითადი წყაროს დაკარგვა სასოფლო-სამეურნეო მიწების სახით და კლიმატის ცვლილება, რაც ჯანმრთელობისთვის არასახარბიელო გარემოს შექმნის, მოსახლეობას ამ სოფლების დატოვებას აიძულებს.“

2012 წლის 12 იანვარს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ტენდერი მდინარე მაჭახლისწყალზეც გამოაცხადა. სატენდერო განცხადების მიხედვით, მდინარე მაჭახელაზე ორი ჰესის მშენებლობა იგეგმება, რომელთა ჯამური სიმძლავრე 42 მგვტ-ი იქნება. პროექტზე დაწვრილებით ინფორმაციას „ბათუმელები“  მომდევნო ნომერში გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი