საზოგადოება

რატომ ვერ სარგებლობენ ქართული ენის სახლებით [Video]

9 იანვარი, 2012 • 3012
რატომ ვერ სარგებლობენ ქართული ენის სახლებით [Video]

ბოლნისის ქართული ენის სახლში
ბოლნისის ქართული ენის სახლში

ქართული ენის სახლი, რომელიც ბოლნისში, რაიონულ ცენტრში უკვე სამი წელია ფუნქციონირებს, დღემდე ხელმიუწვდომელია ცენტრიდან მოშორობულ სოფლებში მცხოვრები აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის.

38 წლის ამინა გუსეინოვა სოფელ ფარიზში ცხოვრობს, რომელიც დაახლოებით 25 კილომეტრით არის დაშორებული ბოლნისის რაიონული ცენტრიდან. როგორც გაირკვა, მან არაფერი იცის იმის თაობაზე, რომ ბოლნისში ქართული ენის სახლი არსებობს, სადაც მას სახელმწიფო ენის უფასოდ სწავლა შეუძლია.

ამინას მსგავსად, ბოლნისში ქართული ენის სახლის არსებობის თაობაზე არაფერი იცის არც მისმა თანასოფლელმა ეკატერინე ორჯოვამ, რომელიც ფარიზის საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლის; 20 წლის ემზარ რუსტამოვმა, 50–ს გადაცილებულმა საბირ მამედოვმა, 30 წლის ვიუსალა ბაირამოვამ, 16 წლის თერლალე ბაირამოვამ. ინფორმაცია ამის თაობაზე არც სოფლის „ბირჟაზე“ თუ ჩაიხანაში შეკრებილ მამაკაცებს აღმოაჩნდათ.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეთი ენის სახლი არსებობს, ბევრ სოფელში არ ჩადის. იქ, სადაც იციან, იციან ზედაპირულად, ანუ არ უვლიათ, არ სწავლობენ, უშუალო კონტაქტი არ აქვთ,“ – ამბობს ასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა კავშირის“ თავმჯდომარე სამირა ისმაილოვა.

„ძალიან მინდა ქართულის სწავლა. თუ საქართველოში ცხოვრობ, ქართული ხომ უნდა იცოდე?! თანაც, მომწონს ქართული ენა, მაგრამ აქედან ბოლნისი შორია, მისვლა-მოსვლაში დიდი დრო გინდა, მგზავრობაც ძვირია,“ – ამბობს ამინა გუსეინოვა.

„ხარჯი უნდა. „მარშუტკა“ მანეთნახევარი ღირს: მანეთნახევარი იქით, მანეთნახევარი აქეთ, ეს სამი ლარია; სამი ლარი კიდევ ათი კილო პურია, გენაცვალე,“ – ამბობს ფარსხან ალიევი, ფარიზის საჯარო სკოლის რუსული ენისა და დაწყებითი კლასის მასწავლებელი.

„სოფელში რომ ენის კურსები გაგვიხსნან, გეფიცებით, 38 წლის ვარ და მაინც ვივლიდი. ქართულად წერას ვისწავლიდი, კითხვას ვისწავლიდი და რაც მთავარია, შვილს მივიყვანდი, რომელმაც ქართული აუცილებლად უნდა ისწავლოს,“ – ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამინა გუსეინოვა.

ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რაიონული ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში ენის ცენტრების ხელმისაწვდომობის პრობლემა არსებობს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც ადასტურებს:

„მე მესმის, რომ არის სოფლები, რომლებიც არის მოშორებული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სოფლებში ახლაც მუშაობენ ჩვენი მოხალისეები. ისინი მიდიან იმ სოფლებში და ცხოვრობენ ოჯახებში. დამიჯერეთ, რომ  ეს არის ძალიან რთული, როდესაც შენ დაიბადე, გაიზარდე თბილისში და მიდიხარ თბილისდან 3-4 საათის სავალ გზაზე, ქალაქში ან სოფელში და იქ ცხოვრობ, რთულია. თუმცა იქ ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ბავშვებს მისცენ განათლება. ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ ისწავლონ ქართული ენა, ჩვენ ამ შესაძლებლობას მივცემთ,“ – აცხადებს შაშკინი.

ფარიზელები ამბობენ, რომ მათ სოფელში ასეთი მოხალისე, რომელზეც განათლების მინისტრი საუბრობს, არ უნახავთ.

ფარიზის გარდა,  ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომელიც 49 სოფლისგან შედგება, კიდევ 38 აზერბაიჯანულენოვანი სოფელია.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ ბოლნისზე მეტად, სადაც აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლები, ძირითადად, ცენტრიდან მოწყვეტილია, გაცილებით უპრიანი იქნებოდა, ენის სახლები უფრო ლოკალურად – დიდ სოფლებში ყოფილიყო:

„თვითონ ქალაქი ბოლნისი, ძირითადად, ქართულენოვანია. გამოდის, რომ  აზერბაიჯანულენოვანმა მოსახლეობამ უნდა იაროს რაიონულ ცენტრში, ამიტომ ხელმისაწვდომობა, ამ თვალსაზრისდით, მცირდება. ჩემთვის გაცილებით მისაღები იქნებოდა, ეს ენის სახლი ყოფილიყო რომელიმე დიდ აზერბაიჯანულ სოფელში, რომ გარშემო მყოფ აზერბაიჯანულ სოფლებს მასზე ხელმისაწვდომობა ჰქონოდათ.“

მისივე თქმით, სოფლებში შეიძლება გაჩნდეს საკადრო რესურსის პრობლემა – მასწავლებელი, რომელიც სათანადოდ ასწავლის: „თუმცა, ვფიქრობ, რომ უფრო უპრიანია  ერთმა მასწავლებელმა იაროს ბოლნისიდან იმ სოფელში, ვიდრე მთელმა თემმა იაროს ცენტრში,“ – ამბობს შალვა ტაბატაძე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, ქართული ენის სახლებში მუშაობენ პროფესიონალი პედაგოგებიც, რომელთაც იქ მუშაობისთვის დამატებით ეძლევათ 1000 ლარი. მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანის ხელფასი 2 170 ლარია.

ბოლნისის ქართული ენის სახლში სამი პედაგოგი მუშაობს და როგორც ამ სახლის ქართული ენის მასწავლებელი ლალი დალაქიშვილი ამბობს, ენის შესასწავლად სხვადასხვა ასაკის მოქალაქეები, ძირითადად, სოფლებიდან დადიან. გაკვეთილები კი ყოველდღიურადაა გაწერილი. შაშკინის თქმით,  ენის სახლებში გაკვეთილები დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდეა გაწერილი.

„ნეტგაზეთი“ ბოლნისის ქართული ენის სახლში პარასკევს, სამუშაო საათების დროს ჩავიდა, თუმცა შენობა ცარიელი დაგვხვდა.

ვინ და რა სიხშირით დადის ბოლნისის ქართული ენის სახლში, ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი „ნეტგაზეთმა“ ვერ მოიპოვა: ბოლნისის ქართული ენის სახლის ხელმძღვანელმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა (სწორედ ამ სკოლის მმართველობაში არიან გადაცემულნი ქართული ენის სახლები) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურთან გადაგვამისამართეს, საიდანაც პასუხები ამ დრომდე ვერ მივიღეთ. დიმიტრი შაშკინმა კი ამ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ის ორგანიზაციაა, რომელმაც 2003-2004 წლებში  ქართული ენის პირველი სახლები ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დააარსა. პროექტს მაშინ ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისრის ოფისი აფინანსებდა. ქართული ენის სახლები, როგორც წარმატებული პროექტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007 წლიდან ჩაიბარა.

განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ „ქართული ენის სახლებში რაიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან. სახელმწიფო ენის დაუფლება აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება.“

ერთ–ერთი ბოლო ასეთი ცენტრი დიმიტრი შაშკინმა გასული წლის 23 დეკემბერს მარნეულში გახსნა.

მარნეულის ქართული ენის სახლი
მარნეულის ქართული ენის სახლი

„ყველა რაიონში გაიხსნება ”ენის სახლი”. სახლების 50% უკვე გახსნილია და მომავალ წელს ეს პროცესი დასრულდება მთლიანად,“ – განუცხადა „ნეტგაზეთს“ დიმიტრი შაშკინმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სახლების გახსნას სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რაიონებშიც აპირებს, თუმცა კვლავაც რაიონულ ცენტრებში, თუ რაიონის იმ სოფლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, ამ ინფორმაციას არ აკონკრეტებენ.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი