საზოგადოება

განათლების გაზრდილი ბიუჯეტი და მოსწავლეების დაბალი შედეგები

17 დეკემბერი, 2011 • 2083
განათლების გაზრდილი ბიუჯეტი და მოსწავლეების დაბალი შედეგები

საქართველოში ზოგადი განათლების ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად, 15 წლის მოსწავლეების კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში, საქართველო 74 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შედეგების მქონე ქვეყნებს შორისაა.

კვლევის შედეგები

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” უახლესი (2010) კვლევის შედეგების თანახმად, საქართველო, 15 წლის მოსწავლეების კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში შედეგების მიხედვით, მონაწილე 74 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შედეგების მქონე ქვეყნებს შორისაა.

განათლების რეფორმა და ზოგადი განათლების ბიუჯეტის ზრდა

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს მთავრობამ, სხვადასხვა რეფორმასთან ერთად, 2005 წლიდან განათლების სისტემის რეფორმაც დაიწყო. რეფორმის ერთ–ერთ მთავარ მიზნად სკოლებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა განისაზღვრა. შესაბამისად, განათლების რეფორმის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზარდა

თუ 2005 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 80 მილიონი ლარი იყო, 2006 წელს– 410, ხოლო 2011–ში 500 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით კი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებს, 560 მილიონი ლარი იქნება.

ამასთან, 2005 წლიდან იზრდება ზოგადი განათლების ბიუჯეტიც. თუ 2005 წელს ეს რიცხვი თითქმის19 მილიონი ლარი იყო, 2011 წელს 330 მილიონამდე გაიზარდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კონკრეტულად ზოგადი განათლების ბიუჯეტის ზრდამ, ჯერჯერობით, რეფორმის ერთ–ერთი მთავარი მიზანი – ხარისხიანი განათლება სკოლებში, ვერ უზრუნველყო. უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მსურველები– როგორც განათლების რეფორმამდე, ისე რეფორმიდან რამდენიმე წლის შემდეგაც– რეპეტიტორებთან დამატებით მეცადინეობებს საჭიროებენ.

საქართველოში ყოველწლიურად მე–12 კლასის მოსწავლეთა დაახლოებით ნახევარი – 30 ათასი აბიტურიენტი– აბარებს უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად მისაღებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. განათლების მკვლევართა გამოთვლებით, მათგან თითქმის 70% დამატებით რეპეტიტორებთან მეცადინეობს.

სკოლებშივე ხარისხიანი განათლებისთვის განათლების სამინისტრომ შემდეგ ნაბიჯებს მიმართა:

2005 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტში სამინისტროს რამდენიმე საქვეუწყებო ცენტრის დაფინანსების ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა. მათგან ყველაზე ბევრი ფული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისთვის გამოიყო.

აღნიშნული ცენტრი 2008 წლიდან შეიქმნა. 2008–დან 2012 წლამდე  მისი ბიუჯეტი ყოველწლიურად ორმაგდება. თუ 2008 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტში  მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის 1 523,4 მილიონი ლარი ჩაიდო, 2011 წელს ეს რიცხვი 15,856.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2012 წლის საბიუჯეტო გეგმის თანახმად, მომავალ წელს მასწავლებელთა კვალიფიკაციისთვის სახელმწიფომ 22,821.4  ლარი უნდა დახარჯოს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უმთავრესი მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით.

2008 წლიდან ცენტრი თავის საქმიანობას ორი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს. ერთია მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარება და მეორე–კვალიფიციური კადრების მოზიდვა, მათი მომზადებისა და პროფესიაში შენარჩუნების ხელშეწყობა.

2009-2010 წლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ვაუჩერული დაფინანსების პროგრამას.

ვაუჩერული დაფინანსების პროგრამის ფარგლებში მასწავლებელს მიეცა შესაძლებლობა, პროფესიული საჭიროებებიდან გამომდინარე, შეერჩია  პროგრამები და ეტაპობრივად, უფასოდ გაევლო პროგრამების კურსი.

თუმცა 2009 წლის მერე სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მასწავლებლებისთვის ტრენინგების ჩატარების უფლებამოსილება. მასწავლებლებს კი არჩევანის საშუალება მისცა – ან სახელმწიფოს „მასწავლებელთა სახლებში“ გაევლოთ ტრენინგები, ან კერძო პროვაიდერ ტრენერებთან. მასწავლებელთა უმრავლესობამ სახელმწიფოს სერვისი იყიდა.

იმისთვის, რომ მასწავლებელთა ტრენინგების ხარისხის მონიტორინგი მოხდეს, გამოდის, სახელმწიფომ საკუთარი თავი უნდა შეამოწმოს.

რას ფიქრობენ განათლების საკითხთა მკვლევარები

განათლების მკვლევარები მიიჩნევენ, რომ კონკურენციის არარსებობის შემთხვევაში, არც ტრენინგების ხარისხი იქნება მაღალი და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად სახელმწიფო დანახარჯებიც, შესაძლოა, არაეფექტურად იყოს გამოყენებული.

„„ბევრი ფული არ ნიშნავს კარგ შედეგს. თუ მეორე წელს ორჯერ მეტს ჩავდებთ განათლებაში, არ ნიშნავს იმას, რომ ორჯერ მეტ შედეგს მივიღებთ. მთავარია ხარჯვის ეფექტურობა. ხანდახან ისეთ რამეებს ასწავლიან მასწავლებლებს ტრენინგებზე, რაც არ ჭირდებათ. სისტემამ თუ მოითხოვა მასწავლებლისგან დააზეპირებინოს რაღაც, აზრი არ აქვს ტრენინგს იმის შესახებ, როგორ უნდა მისცეს მასწავლებელმა ბავშვს საშუალება, იაზროვნოს. ეს აცდენები საბოლოოდ არასწორ შედეგს იძლევა და წარმოიშვება ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოძრავი ელემენტების გროვა,“–ამბობს სიმონ ჯანაშია.

მეორე პრობლემა, რომელსაც განათლების საკითხთა სპეციალისტები მასწავლებელთა კვალიფიკაციაში ჩადებული ფულის ეფექტურობაში ხედავენ, განათლების სამინისტროს მიზნობრივი პოლიტიკაა.

„სახელმწიფოს ძალიან უჭირს მიზნობრივი პოლიტიკის შემუშავება. მაგალითად, არ არის სწორი, გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის ერთნაირად დავხარჯოთ ფული 30 წლამდე მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში და 60 წელს გადაცილებული მასწავლებლის კვალიფიკაციისთვის, რადგან მისი უახლოეს პერიოდში პენსიაზე გასვლის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფომ ტყუილად ჩადო ინვესტიცია“,–ამბობს სიმონ ჯანაშია.

განათლების სპეციალისტები, ასევე, მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ყველა სკოლაზე თანაბრად კი არა, იქ უნდა დახარჯოს ფული, სადაც ამის საჭიროებაა. ეს შეიძლება იყოს სოფლის სკოლები, სადაც მასწავლებელთა კვალიფიკაცია ქალაქის სკოლებში მომუშავე მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე დაბალია. მათი დასაბუთებით, მიზანმიმართული პროგრამების განხორციელება უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე საყოველთაო.

გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის გამოყოფილი ფული მასწავლებელთა 2014 წლამდე სავალდებულო სერტიფიცირებასაც ისახავს მიზნად. სერტიფიცირებული მასწავლებელი რომ იყო, ამისათვის ორი ტესტი, პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდა უნდა ჩააბარო. სერტიფიცირებულ მასწავლებელს სახელმწიფომ, დაპირებისამებრ,  ხელფასი 1000 ლარამდე უნდა გაუზარდოს.

დღესდღეობით რიგითი მასწავლებლის საშუალო ხელფასი საქართველოში 250–300 ლარამდე მერყეობს.

„თუ საზოგადოებაში არ იქნება პრესტიჟული მასწავლებლის პროფესია, რომელსაც მაღალი ანაზღაურებაც ექნება, პრობლემა ყოველთვის იარსებებს. წარმატებული მოსწავლეები დღეს იშვიათად აბარებენ ამ ფაკულტეტზე. შესაბამისად, შედეგიც ცუდია,“– ამბობს განათლების საკითხთა ექსპერტი შალვა ტაბატაძე.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი