საზოგადოება

გზა მოსკოვის თავშესაფრიდან – თბილისამდე

14 დეკემბერი, 2011 • 1336
გზა მოსკოვის თავშესაფრიდან – თბილისამდე

ქართველი ბავშვები, რომლებიც მოსკოვის ბავშვთა თავშესაფარში 8 თვის წინ პოლიციამ მიიყვანა, სამშობლოში დაბრუნდნენ. თავშესაფრის ადმინისტრაციის
წარმომადგენლების თქმით, ეს ბოლო წლების მანძილზე პირველი წარმატებით დასრულებული საქმეა, რადგან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების მოშლის შემდეგ, მსგავსი საკითხების გადაწყვეტა გართულებულია.

9 წლის გიორგი და 8 წლის ქეთი (სახელები შეცვლილია, ავტ.) ბავშვებისა და მოზარდების სოციალური თავშესაფრის „ალტუფევოს“ წარმომადგენლებმა ორი დღის წინ ჩამოიყვანეს საქართველოში. და–ძმა ამ თავშესაფარში 2011 წლის აპრილში მიიყვანა მოსკოვის პოლიციამ.

„პოლიციამ ბავშვები კაზანის ვაგზალზე აიყვანა, როცა ისინი სრულიად უპატრონოდ იყვნენ იქ მიტოვებულნი. საშინლად დაბინძურებულნი, მოუვლელნი, საოცრად შეშინებულები იყვნენ, როცა ისინი ჩვენთან მოიყვანა პოლიციამ, – საკუთარ თავში ჩაკეტილები, არაფერს ამბობდნენ და მერე, თანდათან გაიხსნენ,“ – იხსენებს ლუდმილა პოდკოპაევა, „ალტუფევოს“ სოციალური პედაგოგი.

ბავშვები ამბობდნენ, რომ კაზანის ვაგზალზე დედას ელოდნენ, რომელიც წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

ლუდმილა პოდკოპაევა
ლუდმილა პოდკოპაევა

„დედის ხსენება არ სურდათ, საერთოდ, ბავშვებს. არ ჯეროდათ, რომ ვინმე ახლობელი გამოუჩნდებოდათ. იცოდნენ მხოლოდ ბებოს სახელი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა, თუმცა სად, რომელ ქალაქში – არა,“ – ამბობს პოდკოპაევა.

„ალტუფევოს“ წარმომადგენლები ბავშვების ქართველი ნათესავების მოსაძებნად საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის ჰარმონული განვითარების ხელემწყობ საზოგადოებას“ დაუკავშირდნენ, რომელიც ადამიანის უფლებების, ტრეფიკინგისა და მიგრაციის საკითხებზე მუშაობს.

„კიშინიოვში ვიყავი ტრენინგზე და იქ მოვიპოვე ამ ორგანიზაციის კონტაქტები,“ – ამბობს ლუდმილა პოდკოპაევა.

„ჩვენ ივლისის თვიდან ჩავერთეთ ამ ბავშვების საქმეში, მოვძებნეთ მათი მამა, რომელიც იჯდა ციხეში, რუსეთში და მან მოგვაწოდა ბავშვების ბებიის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც მოხერხდა ამ ბავშვების დაბრუნება საქართველოში,“ – ამბობს ნანა ნაზაროვა, „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელემწყობი საზოგადოების“ ხელმძღვანელი.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ბებია იხსენებს, რომ შვილიშვილები ბოლოს 2006 წელს ნახა, თუმცა ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მათთან ტელეფონით ჰქონდა კონტაქტი, მაგრამ მოგვიანებით ამ ტიპის კონტაქტიც გაწყდა.

გიორგის და ქეთის მშობლები 2000 წელს დაქორწინდნენ, როცა ბავშვების მამა საქართველოდან  მოსკოვში წავიდა სამუშაოდ და იქ მომავალი მეუღლე გაიცნო.

„მინდოდა, ჩემს შვილს ქართველი გოგო მოეყვანა ცოლად, მაგრამ წინააღმდეგი არ წავსულვარ, როცა დამირეკა მოსკოვიდან და მითხრა დაქორწინების შესახებ. 2001 წელს გაუჩნდათ ბიჭი და ამის შემდეგ მალე ჩამოვიდნენ საქართველოში, რის შემდეგაც მე და ჩემი მეუღლე წავედით რუსეთში, კერძოდ, ტიუმენში – სამუშაოდ, რადგან დაიკეტა შახტები და ყველაფერი გაჩერდა ტყიბულში,“ – იხსენებს ბავშვების ბებია.

2002 წელს წყვილს მეორე შვილი შეეძინა, ქეთი საქართველოში დაიბადა. ქეთის დაბადებიდან ორ თვეში დედას სიმსივნე აღმოაჩნდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა – ჯერ საშვილოსნო ამოჭრეს, შემდეგ კი მკერდიც მოკვეთეს.

„ჩემი რძალი სულ იძახდა, მოსკოველი ვარ და უკან უნდა დავბრუნდეო და მართლაც წავიდნენ ისევ მთელი ოჯახი რუსეთში. მე და ჩემი ქმარი ტიუმენში ვცხოვრობდით, 2006 წლიდან კი ისინი მოსკოვში წავიდნენ, ამის მერე აღარ მინახავს ბავშვები,“ – ამბობს  ბავშვების ბებია.

2007 წლის ბოლოს ბებია და ბაბუა საქართველოში დაბრუნდნენ:

„2008 წლის დასაწყისში მეწყერმა სახლი დაგვინგრია და ამის შემდეგ თბილისში ქირით გადავედით საცხოვრებლად, სადაც დღემდე ვცხოვრობთ. ჩემს რძალს ასეთი თვისება ჰქონდა, რომ თუ არ უნდოდა კონტაქტი ჩვენთან, ტელეფონის ნომრებს საგულდაგულოდ გადამალავდა, რომ არ დავკავშირებოდით“.

დედ–მამას ტელეფონით რუსეთიდან პერიოდულად უკავშირდებოდა შვილი, როგორც მოგვიანებით გაირკვა – ციხიდან.

„თავიდან მიმალავდა, რომ დაჭერილი იყო, მაგრამ ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, უკვე 1 წელი და 6 თვეა ციხეში ვარ და კიდევ ამდენსავე ხანს უნდა ვიჯდე აქო. ჩემი ცოლი ექვსი თვეა, არ გამოჩენილა და იქნებ, ბავშვების ამბავი გაიგოთ რამეო. აქედან დაიწყო ჩემი საშინელი გულისტკივილი,“ – ამბობს ბავშვების ბებია.

შვილიშვილების კვალს ვერსად მიაგნეს. ბებიას თქმით, მის რძალს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, რადგან ბავშვთა სახლიდან იყო ნაშვილები და მამა ბოლომდე არ აღიარებდა, დედა კი გარდაცვლილი ჰყავდა.

ბავშვების თქმით, დედა მათ მუდმივად დაატარებდა ერთი ადგილიდან მეორეში, ძირითადად, სადგურებში ათევდნენ ღამეებს.

„ძალიან მძიმედ იყო ავად. როგორც ბავშვებმა მითხრეს, იმ დღეს, როცა ჩემი რძალი წასულა და უკან აღარ დაბრუნებულა, მთელი ღამე ტკივილებში გაუთენებია,“ – ამბობს ბავშვების ბებია.

„ჩვენ დედის მოძებნა ვერ შევძელით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ის გარდაიცვალა, რახან ასე მძიმედ იყო ავად,“ – ამბობენ „ალტუფევოს“ წარმომადგენლები.

ბავშვებისა და მოზარდების სოციალური თავშესაფარი „ალტუფევო“ მოსკოვში 10 წლის წინათ გაიხსნა. თავშესაფარი ერთგვარი ბავშვთა მიმღებ–გამანაწილებლის ფუნქციას ასრულებს, სადაც მიჰყავთ (ძირითადად, პოლიციას) სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი ბავშვები, რომლებსაც მოგვიანებით ან ნათესავებს უბრუნებენ (ასეთი აღმოჩენის შემთხვევაში), ან ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

„თითქმის ყველა ქვეყნიდან ხვდებიან ჩვენს ცენტრში ბავშვები– დსთ–დან, ავთანეთიდან, ვიეტნამიდან, საქართველოდანაც. მაგრამ ყველაზე მეტად გვიჭირს ქართველი ბავშვების საქმეზე მუშაობა, რადგან არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები და თითოეული შემთხვევა პირად კონტაქტებზეა დამოკიდებული, როგორც ამ შემთხვევაში,“ – ამბობს ლუდმილა პოდკოპაევა.

ნანა ნაზაროვა
ნანა ნაზაროვა

„როდესაც ჩვენ ბავშვების ბებია აღმოვაჩინეთ, პროცესი სწრაფად დაიძრა წინ. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი საკონსულო რუსეთში,“ – ამბობს ნანა ნაზაროვა.

„საკონსულოდან დამირეკა ზურა ახალბედაშვილმა და მკითხა, თუ ვიყავი მზად ბავშვების მისაღებად, რაზეც, ცხადია, დაუფიქრებლად დავთანხმდი,“ – ამბობს ბავშვების ბებია.

„როდესაც ბავშვების საბუთებზე ვმუშაობდით, საკონსულოში მთელი ერთი თვე არ იყო შუქი, დავალიანების გამო იყო გამორთული და კონსული სახლში ბეჭდავდა ამ ბავშვების საბუთებს და ისე გვაწვდიდა,“ – ამბობს ლუდმილა პოდკოპაევა.

საბოლოოდ, „ალტუფევოს“, „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების“, საკონსულოსა და საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამებისა და მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა გიორგისა და ქეთის საბუთების შეგროვება და მათი საქართველოში დაბრუნება.

თუმცა ახლა პრობლემა იმაშია, თუ როგორ მოახერებენ ბავშვები ახალ გარემოსთან ადაპტაციას. იმის გამო, რომ საბუთები არ ჰქონდათ, ბავშვებს სკოლაში არასოდეს უვლიათ და, შესაბამისად, წერა–კითხვა არ იციან, არც რუსულად და არც – ქართულად.

მასალების გადაბეჭდვის წესი