საზოგადოება

რამდენი იხარჯება წამალზე

13 დეკემბერი, 2011 • 1536
რამდენი იხარჯება წამალზე

საქართველოში ჯანდაცვის საჭიროებებიდან მოქალაქეები ყველაზე ბევრს მედიკამენტებზე ხარჯავენ.

წნევის დამწევი პრეპარატისთვის, ქოლესტერინის საწინააღმდეგოდ, გულისა და დიაბეტის სამკურნალოდ პენსიონერ ვახტანგ აფციაურს 100– ლარიანი პენსიიდან თვეში დაახლოებით 50 ლარამდე ეხარჯება.

„რაც წლები მემატება, სულ უფრო მეტი წამალი და ფული მჭირდება წამლისთვის,“–ამბობს პენსიონერი.

ჯანდაცვის მკვლევარისა და „საერთაშორისო ფონდი კურაციოს“ ხელმძღვანელის, გიორგი გოცაძის თქმით, ჯანდაცვის დანახარჯებს შორის საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა  ის არის, რომ ჯანდაცვაზე დანახარჯების ყველაზე დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის.

გოცაძე ამბობს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უზომოდ ბევრს ხარჯავს წამალზე – მთელი ჯანდაცვის დანახარჯების 42 %-ს, მაშინ, როდესაც ავსტრალია წამალში 18 %-ს,  ჩეხეთი 26 %–ს, მექსიკა 28 %–ს,  უნგრეთი 36%–ს ხარჯავს.

წამალზე დიდი დანახარჯების გამო დანარჩენ საჭიროებებზე, მაგალითად, სტაციონარულ ან ამბულატორიულ მკურნალობაზე, ან რეაბილიტაციაზე და ა.შ მოქალაქეებს ბევრად ნაკლები რჩებათ.

მაგალითად, ავსტრალია ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯებიდან 70 % –ს სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას ახმარს. საქართველოში მკურნალობისთვის კი ხალხს მხოლოდ 40 % რჩება.

“ეკონომიკიდან ამხელა დანახარჯი იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუ სხვა ქვეყნებთან შედარებით  გაცილებით ჯანმრთელი მოსახლეობა გვეყოლებოდა. ის, რომ მეზობელი ქვეყნებისგან უკეთესი ჯანმრთელობით სულ მცირედით გამოვირჩევით, არ უნდა ამართლებდეს მშპ–დან 8-10%-ის ჯანდაცვაზე ხარჯვას,”–ამბობს საერთაშორისო ფონდი კურაციოს ხელმძღვანელი, გიორგი გოცაძე.

მსგავსი ეკონომიკური დონის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში წამალზე მაღალი  დანახარჯები, ჯანდაცვის სფეროს მკვლევართა თქმით, მედიკამენტების მაღალ ფასს უკავშირდება.

„2009 წლის მონაცემებით, საზღვარზე  ერთ ლარად შემოტანილ წამალს აფთიაქამდე კიდევ ერთი ლარი ემატებოდა და მოსახლეობას ეს წამალი ორი ლარი უჯდებოდა. წამალზე ამხელა მოგება ძალიან ბევრია, რადგან ევროპის ქვეყნებში (განვითარებულ და გავითარებად ქვეყნებში) წამალს საშუალოდ მხოლოდ 45% ემატება, ჩვენთან კი 2009 წელს ეს საშუალოდ 100% იყო,“–ამბობს საერთაშორისო ფონდი კურაციოს ხელმძღვანელი.

„საერთაშორისო ფონდი კურაციო“, რომელიც ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა საკითხის კვლევებზე მუშაობს, რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს იმ კვლევის შედეგებს, რომლის მიზანი იყო გამორკვევა, მოიტანა თუ არა რაიმე პირველადი შედეგი 2009 წლის სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში შეტანილმა ცვლილებებმა.

ამ ცვლილებების მიზანი იყო ფარმაცევტული პრეპარატების შემოტანისა და გასაღების პროცედურის გამარტივება და ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა.

2010-2011 წლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგისტრირებული პრეპარატების რაოდენობა და კონკურენცია.

კვლევის წინასწარი მონაცემებით, რომელიც „საერთაშორისო ფონდმა კურაციომ“ მოგვაწოდა, ბიუროკრატული ბარიერების მოხსნამ და კონკურენციის გაზრდამ გამოიწვია იმ მედიკამენტების გაიაფება, რომელიც კვლევაში შეისწავლებოდა, მაგრამ ზუსტად რამდენით შემცირდა წამალზე ფასი ფარმაცევტულ სექტორში, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.

კვლევამ აჩვენა, რომ თუ 2009 წელს წამალზე საზღვრიდან აფთიაქამდე საშუალო ფასნამატი 100% იყო, გაზრდილი კონკურენციის პირობებში ეს ფასნამატი 2011 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მხოლოდ ორიგინალ ბრენდებზე და არა ყველა მედიკამენტზე.

მიუხედავად პოზიტიური ტენდენციისა, ჯანდაცვის მკვლევართა თქმით, ფარმაცევტულ სექტორში დანახარჯის აბსოლუტური მოცულობები მაინც რჩება ერთ–ერთ ყველაზე დიდ პრობლემად საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის და ეს მთავრობამ ჯანდაცვის სტრატეგიის დოკუმენტშიც აღნიშნა.

„ეს გასაკვირი არ არის, რადგან ამ სექტორს მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი ფულადი რესურსი და დიდი ძალა აქვს (2010 წელს მსოლიო ფარმაცევტული სექტორის შემოსავალმა 720 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა), იგი ადვილად ქმნის საზოგადოებრივ აზრს და ეს ინდუსტრია ისეთივე ძლიერია, როგორც, მაგალითად, სამხედრო და თამბაქოს ინდუსტრია.  თუმცა დღესდღეობით მრავალ ქვეყანაში პოლიტიკოსები ფარმაცევტული ინდუსტრიის თავისუფლების შეზღუდვისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რათა ამომრჩევლის გული მოიგონ და წამლის ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ,“–ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი გოცაძე.

წამალზე მაღალ დანახარჯებს არასამთავრობო ორგანიზაციის „ხარისხი ჯანდაცვის სერვისებში“ წარმომადგენელი და ჯანდაცვის მკვლევარი ირაკლი სასანია წამლის მაღალ ფასთან ერთად სხვა ფაქტორებსაც უკავშირებს.

„ერთეული შემთხვევების გარდა, საქართველოში არ არის ფართოდ გავრცელებული სტანდარტები და გაიდლაინები, რომლითაც უმკურნალებედნენ პაციენტებს. არ არის არც რეცეპტორული ფორმები. მაგალითად, ანტიბიოტიკები, რომლებიც ადამიანებს ყველანაირი რეცეპტისა და საჭიროების გარეშე შეუძლიათ შეიძინონ,“–ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი