
არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანმა საქართველომ“ დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ოთხი თვის მანძილზე საქართველოს „მულტიკულტურულ რუკაზე“ იმუშავა. რუკა ფერმწერებმა დახატეს.
„4000 კმ–ზე მეტის გავლა დაგვჭირდა, რომ ყველა კუთხე, კულტურულ–ისტორიული ძეგლები გვენახა საქართველოში, გავსაუბრებოდით 100–მდე ისტორიკოსს, ეთნოლოგს, კულტუროლოგს, ეროვნული უმცირესობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წამორმადგენელს,“–ამბობს „მრავალეროვანი საქართველოს“ პროექტის კოოორდინატორი, მურმან პატარაია.
„რუკაზე, მაგალითად, დატანილია დიდგორის ბრძოლა, სადაც ჯვაროსნებიც იღებდნენ მონაწილეობას, ასევე, კრწანისის ბრძოლა, რომელშიც 700 ეთნიკური აზერბაიჯანელიც იბრძოდა,”–ამბობენ პროექტის მონაწილეები.
პოლონელები, ლიტველები, ლატვიელები, ქურთები, გერმანელები, აზრებაიჯანელები, სომხები, ბელორუსები, უკრაინელები, ბერძნები, რუსები და ა.შ.– სულ 23 ეთნიკური ჯგუფისა და საქართველოს 14 კუთხის წარმომადგენელთა ეროვნული ტანისამოსის გარდა, რუკაზე ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული ბევრი სხვა ვიზუალური ეფექტიც არის.
ფერმწერს, ჯოვანი ვეფხვაძეს, რომელმაც რუკა დაათვალიერა, გული დაწყდა, რომ რუკაზე ირანელები ვერ მოხვდნენ.
“ვინაიდან ამ შესანიშნავ რუკაზე წარმოსახული არის ყველა ის უმცირესობა, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მე–19 საუკუნემდე ირანული ეთნოსიც ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში,”–ამბობს ფერმწერი.
“აქცენტები გაკეთდა იმათზე, ვინც მეტი რაოდენობით იყო წარმოდგენილი საქართველოში, ასევე, ვის რა კულტურული გამოხატვის ფომრები აქვს–სალოცავი, ეკლესია, კულტურული დანიშნულების ძეგლი. ამ პრინციპიდან გამომდინარე დავყავით,”–ამბობს პროექტის ხელმძღვანელი.
“მრავალეროვან საქართველოში” აღნიშნავენ, რომ უახლოეს პერიოდში რუკის ბეჭდური ვერსიაც გამოვა, სადაც შესაძლოა მეტი ინფორმაცია და დეტალი აღინიშნოს, ვიდრე ტილოზე დახატულ ვერსიაში.
პროექტის იდეის ავტორი და „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი ამბობს, რომ მულტიკულტურული რუკის შექმნას სამი მიზანი ჰქონდა. ერთ–ერთი მიზანი, სტეფანიანის თქმით, საქართველოში მულტიკულტურალიზმის იდეის პოპულარიზაციაა.
„თუ გვაქვს იმის ამბიცია, რომ მომავალში გავხდეთ რეგიონში ლიდერი, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ფიქრი მულტიკულტურალიზმზე. ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მულტიკულტურალიზმს მომავალი არ აქვს საქართველოში, ალბათ, ვერ ხედავენ საქართველოს გამთლიანებას,“–ამბობს სტეფანიანი.
იდეის ავტორის თქმით, რუკა ხელს შეუწყობს, ასევე, ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობათა აღქმას, როგორც ქართული კულტურის შემადგენელს.
„მესამე არის ტურისტული მიზანი. რეალურად რამდენიმე რეგიონზე კეთდება აქცენტი. ეს არის კახეთი, სვანეთი, აჭარა და თბილისი. ჩვენ შევისწავლეთ და ეს არის ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მხოლოდ მეხუთედის ათვისება. ყოველწლიურად საქართველოში აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მილიონ 200 ათასი ტურუსტი შემოდის, რომლებიც მხოლოდ ზღვაზე და თბილისში მოდიან. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ქვემო ქართლს გაივლიან. ერთი ორი დღით მაინც რომ დარჩეს ეს ხალხი ამ რეგიონში, ქვეყნისთვის სარგებელი იქნება. ტურისტებს უნდა მიეცეს საშუალება, მოინახულონ ყველა ის ღირსშესანიშნაობა, რომელიც თითოეულ კუთხეს აქვს,“–ამბობს “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლოდ სტეფანიანი.
„ამ სახის რუკა აქამდე არ ყოფილა შექმნილი, უმნიშვნელოვანესი პროექტი და წამოწყებაა. ჩვენ, სახალხო დამცველის აპარატი, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით, როგორც „მრავალეროვან საქართვლეოსთან“, ასევე სხვა ორგანიზაციებთან,“–ამბობს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშივლი.




