საზოგადოება

რა უშლის ხელს შიდსის მკურნალობას

1 დეკემბერი, 2011 • 2263
რა უშლის ხელს შიდსის მკურნალობას

საქართველოში აივ ინფექციასთან და შიდსთან დაკავშირებით ყველაზე დიდ პრობლემად სტიგმა სახელდება.

დღეს მსოფლიოში 34 000 000 აივ დადებითი ცხოვრობს. საქართველოში პირველი რეგისტრაციიდან (1989 წელი)   დღემდე, მთლიანობაში, 3080 აივ დადებითი დარეგისტრირდა. 680 მათგანი გარდაიცვალა. სტატისტიკა მზარდია, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ნელ-ნელა იზრდება.

აივ ინფექციისა და შიდსის მკურნალობა საქართველოში სახელმწიფოსა და ”გლობალური ფონდის” პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.

ლია თავაძე,  UNAIDS-ის საზოგადოების მობილიზაციის მრჩეველი საქართველოში, აღნიშნავს, რომ სტიგმა არის მთავარი ბარიერი, რაც მკურნალობაზე იოლ ხელმისაწვდომობას ხელს უშლის:

”არის მთელი რიგი ფაქტორები, რაც სტიგმას კვებავს. საქართველო არ არის მაღალი პრევალენტობის ქვეყანა, ეს ინფექცია კონცენტრირებულია რისკჯგუფებში.’

სპეციალისტები არსებულ სტიგმას დაავადების პირველ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც 1970–ან წლებში ატლანტის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში  პირველად გამოვლინდა უცნობი დაავადება ჰომოსექსუალ მამაკაცებში. თუმც მოგვიანებით, დაავადების უფრო ღრმად შესწავლის შემდეგ, დამტკიცდა, რომ ვირუსისგან დაზღვეული არავინაა.

სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის “თანადგომის” ექსპერტის, კახა კეპულაძის აზრით, აივ ინფექციისა და შიდსის მიმართ სტიგმას ზრდის ის ფაქტიც, რომ რადგან ინფექციის გადაცემის რისკების კონტროლი შესაძლებელია, შესაბამისად, საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება – “თუ კონტროლირებადია, მაშინ დაინფიცირება თვითონ ამ ადამიანის პასუხისმგებლობაა.”

“თუმცა იმავენაირად არ განიხილავენ საკითხს, როდესაც ადამიანი ტრავმატიზაციას განიცდის ავტოავარიის დროს, როცა მან ღვედი არ შეიკრა, რაც ასევე კონტროლირებადი ქცევაა. აივ დადებითებს განიხილავენ, როგორც არა ჯგუფს “ჩვენ”, არამედ, როგორც ჯგუფს – “ისინი”,- აღნიშნავს ფსიქოლოგიური ცენტრის ექსპერტი.

მეორეს მხრივ, სტიგმას აძლიერებს ნაკლები ინფორმაცია ვირუსის გადადების გზებთან დაკავშირებით.

მზია ტაბატაძეს, USAID-ის კვლევებისა და აივ პოლიტიკისა და ადვოკატირების ექსპერტს, მაგალითად მოჰყავს თბილისის მეათე, მეთერტმეტე და მეთორმეტე კლასელებში და სტუნდეტებში ჩატარებული კვლევა. გამოკითხულთა 25%–მა საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა აივ ინფექცია და მხოლოდ 10 % პასუხობს სწორად კითხვას გადაცემის გზებთან დაკავშირებით:

”ჩვენ ვსაუბრობთ თბილისის მოსახლეობის ახალგაზრდებზე და სულ არ გამიკვირდება, შუახნის ადამიანს თუ აქვს სტიგმა და ჰგონია, რომ გვერდით თუ გაუვლის დაინფიცირებულს, ვირუსი გადაეცემა.”

ნინო ბადრიძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ეპიდემოლოგიური განყოფილების გამგე, აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციას ბენეფიციარები თავად ჯანდაცვის მუშაკების მხრიდანაც აწყდებოდენენ. ის იხსენებს შემთხვევებს, როდესაც მშობიარეს ხელს არ ჰკიდებდნენ, თუ აივ დადებითი იყო, ან სტომატოლოგი უარს ეუბნებოდა აივ ინფექციის გამო მომსახურებაზე.

“დღეს, სტიგმის შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როცა შესაძლოა, პაციენტს უარი უთხრას ექიმმა სამედიცინო მომსახურებაზე, მიზეზს, რა თქმა უნდა, არ აღიარებს, რომ აივ ინფექციის გამო ამბობს უარს. მაგალითად, ამბობენ, რომ არ სცალიათ, ინსტრუმენტები არ აქვთ.”

საზოგადოებრივი გაერთიანება ”ბემონის” ფსიქოლოგი მაია კობაიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მუშაკებში სტიგმა განსაკუთრებულად იმსახურებს ყურადღების მიქცევას, რადგან ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ადეკვეტური სამედიცინო მომსახურება საჭიროების შემთხვევაში:

“რა უნდა გააკეთო, როცა კბილი გტკივა, ექიმმა თუ უარი გითხრა მკურნალობაზე, ან ოპერაციის ჩატარებაზე უარს გეუბნებიან?!”

კობაიძე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ შემთხვევასაც, როდესაც მშობლებმა უარი განაცხადეს მათ შვილებთან ერთად ესწავლა ბავშვს, რომელიც აივ დადებითი იყო.

სავალალო შედეგები დაფიქსირდა თბილისის მოსწავლეებისა და სტუდენტების კვლევისას, როდესაც გამოკითხულთა 25% ფიქრობს, რომ  აივ ინფიცირებული ადამიანები  იზოლირებულად უნდა ცხოვრობდნენ, ან მათთან ერთად არ იმუშავებდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მირანდა ახვლედიანი აღნიშნავს, რომ სწორედ ძლიერი სტიგმის გამო მათ არ მიმართავენ  მოქალაქეები ადამიანთა უფლებების დარღვევის კუთხითაც.

“ფაქტობრივად, არ გვაქვს შემთხვევები, როდესაც აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანები მათი უფლებების დარღვევის აღდგენისათვის მოგვმართავდნენ.”

სახალხო დამცველის წარმომადგენელი აღნიშნავს იმ ზოგადად გავრცელებულ წუხილებს, რაც აივ ინფექციასა და შიდსთან არის დაკავშირებული. ეს არის ბარიერები სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით, საცხოვრებელი უფლების დარღვევა, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ა.შ.

თუმცა სახელმწიფოს აქვს კანონი “აივ ინფექციისა და შიდსის შესახებ”, რომლის მიხედვით, აივ დაინფიცირებულისა და შიდსით დაავადებულის ჯანმრთელობის უფლება დაცული უნდა იყოს.

მირანდა ახვლედიანი აღნიშნავს, რომ კანონის არსებობა მაღალ სტანდარტს აწესებს საქრთველოს მხრიდან იმ ქვეყნების მიმართ, ვისაც სპეციალური კანონმდებლობა აქვს შემუშავებული ამასთან დაკავშირებით.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება კახაბერ კეპულაძე, რომელიც ახალი კანონმდებლობის ერთ-ერთი ავტორია. ის მიიჩნევს, რომ იდეალურ ვარიანტში დაავადების შესახებ ცალკე კანონი არ უნდა არსებობდეს.

”როდესაც რაღაც სფეროს რეგულირება გინდა, არაა აუცილებელი ახალი კანონის შემოღება. იმის აღსრულებაზე უნდა იმუშავო, რომელიც არსებობს. აივ პოზიტიური ადამიანების უფლებებზე კანონში მოხსენიება იგივე სტიგმატიზირებაა ამ ჯგუფის. რა უნდა ჩაწერო ისეთი, რაც საქართველოს მოქალაქის უფლებებისგან განსხვავდება?, რისი უფლება აქვს – სწავლის? მუშაობის? რა, მანამდე არ ჰქონდა? სხვა საკითხია, თუ არ სრულდება აღნიშნული კანონი. ამ შემთხვევაში მისი ადვოკატირება უნდა მოხდეს,”–ამბობს ის.

კეპულაძეს ალტერნატივად შვედეთის მაგალითი მოჰყავს, სადაც აივ ინფექციასა და შიდსზე პუნქტები სხვადასხვა აქტებში აქვთ გადანაწილებული.

კახა კეპულაძე ამბობს, რომ სტიგმასთან საბრძოლველი ეფექტური მეთოდები არ არსებობს, თუმცა არსებობს თეორია ორი გზის შესახებ: ერთია განათლება და ინფორმირება და მეორე – ბენეფიციართა გაძლიერება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ განათლება და ინფორმირება უნდა მოხდეს ყველა იმ ჯგუფის, ვისაც ეს ესაჭიროება, პირველ რიგში კი– ჯანდაცვის მუშაკების.

მზია ტაბატაძე საუბრობს იმ საპილოტე პროექტზე, რომელიც სკოლებში ხორციელდება:

“სკოლებში ჩვენი პროექტი ახორციელებს პილოტს. განათლების სამინისტრო ამაყად აცხადებს, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი სკოლებში ინერგება, მაგრამ შეზღუდულები ვართ, გამოვიყენოთ სიტყვა სექსი, კონდომი. ასე კი რეალურ შედეგს ვერ მივაღწევთ.”

ტააბტაძე ამბობს, რომ ამაში დიდია მედიის როლიც.

“მედიის საშუალებით გაუზვიადებელი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოსახლეობას, რათა ისტერია არ შეიქმნას”.

რაც შეეხება გაძლიერებას, აქ საუბარია ბენეფიციარების მიერ საკუთარ სტატუსზე ღაიდ საუბრის მზაობაზე, რაც სპეციალისტების თქმით, ჯგუფის არააქტიურობის ერთ-ერთი ფორმაა, ან როდესაც ადამიანი თავადვე უარყოფითად უყურებს იმ ჯგუფს, რომელსაც თავად მიეკუთვნება.

კახა კეპულაძე ამბობს, რომ ხშირად ჩნდება შეკითხვები –  სად ხართ? რატომ არ იბრძვით თქვენი უფლებებისთვის?

”იბრძოლებენ, ოღონდ საჭიროა იმ ადამიანების გვერდით დგომა, ვინც თავის უფლებებს დაიცავს, დაიცავს არა როგორც აივ პოზიტიურის უფლებებს, არამედ თავის სამოქალაქო უფლებებს, რისი გარანტიაც მას სახელმწიფომ მისცა”.

1 დეკემბერის შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი