საზოგადოება

ბრძოლა მიწისთვის

7 ნოემბერი, 2011 • 1527
ბრძოლა მიწისთვის

ხომ გახსოვს, ნაციონალურ მოძრაობაში რომ მოვედი. ეს ამ მიწისთვის გავაკეთე, რომ დამებრუნებინა”, _ “25- არხის” მიერ გადაღებულ კადრებში ხულოს რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი _ გურამ საგინაძე ამ სიტყვებით მიმართავს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, მურმან დუმბაძეს. ეს კადრები 2009 წლის გაზაფხულზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყალშია გადაღებული. მაშინ მოქალაქე გივი შავაძემ საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია მოაწყო, რაზეც ოპოზიცია და ჟურნალისტები მიიწვია. შავაძე დღემდე მიიჩნევს, რომ იგი საგინაძემ კანონიერი საკუთრებიდან გამოასახლა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი _ გურამ საგინაძე თანამდებობიდან ერთი კვირის წინ ოფიციალურად, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. რაიონის საკრებულოს ამ საკითხზე არ უმსჯელია.

სცენა პირველი: 1992-204

გურამ საგინაძისა და გივი შავაძის სადავო მიწა 1900-მდე კვადრატული მეტრის ფართობისაა. საგინაძე ამტკიცებს, რომ მან ეს მიწა ჯერ კიდევ 1992 წელს მეჯინისწყლელ ნოდარ პაპუნიძისგან 300 000 მანეთად იყიდა. მიწა მაშინ კოლმეურნეობის საკუთრება იყო. პაპუნიძეებმა მიწა საკუთრებაში 1999 წელს დაირეგისტრირეს. ძველი შეთანხმების თანახმად, მიწა საგინაძეს უნდა გადაეფორმებინა. საგინაძემ არ იჩქარა. მან სთხოვა მიწის ფართობის ოფიციალურ მესაკუთრეს, ზაზა პაპუნიძეს, მიწა ლომბარდში დაეგირავებინა და სანაცვლოდგაზელის” მარკის ავტომანქანა გამოიყვანა.

სასესხო ხელშეკრულება ზაზა პაპუნიძესა და შპსშუქრი ვარშანიძეს” შორის 1500 დოლარზე (პროცენტი _ თვეში 100 დოლარი) 1999 წლის 15 მაისში გაფორმდა. საგინაძეგაზელის” მარკის ავტომანქანით სარგებლობდა. ვერც პაპუნიძემ და ვერც საგინაძემ სასესხო ვალი ვერ დაფარეს. ერთი წლის შემდეგ ლომბარდმა, პაპუნიძის მინდობილობით, მიწა შალვა არძენაძეს 2.000 დოლარად მიყიდა. ლომბარდის მეპატრონე, შუქრი ვარშანიძე, დღეს კომენტარს არ აკეთებს. პირად საუბარში მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მან მიწა კანონიერად გაყიდა და ახლა მისი ბედი დიდად აღარ აწუხებს.

გურამ საგინაძემ სასამართლო დავა 2002 წელს დაიწყო. იგი ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მიწის ფართობის ფაქტობრივი მფლობელი თავად იყო. ზაზა პაპუნიძე მის საწინააღმდეგო პოზიციაზე იდგა. ხელვაჩაურის სასამართლომ სადავო მიწას ყადაღაც კი დაადო. საბოლოოდ, საგინაძემ დავა წააგო. ყადაღა მოხსნეს მიწას და არძენაძემ იგი გივი შავაძეს 4.000 დოლარად მიყიდა.

მიწა 2004 წლის 25 თებერვალს შალვა არძენაძისგან შევიძინე. საჯარო რეესტრში მიწას პრობლემა არ ჰქონდა. შემდეგ, სასამართლო დავის შესახებ რომ გავიგე, არძენაძემ მითხრა, რომ ყველაფერზე ატვეჩაი” თვითონ იყო და კარზე ვერავინ დამიკაკუნებდა”, _ იხსენებს ყიდვის ისტორიას გივი შავაძე.

 

სცენა მეორე: 2004-2009წწ.

ვარდების რევოლუციის” შემდეგ გურამ საგინაძე მმართველ პარტიაში შევიდა.

თავის კანონიერებაში დარწმუნებულმა გივი შავაძემ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო. ხელვაჩაურის მუნიციპალური გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურმა 2005 წელს მას მშენებლობის ნებართვა მისცა, პროექტი კი, მისივე განცხადებით, 2500 დოლარზე მეტი დაუჯდა.

პოზიცია შეიცვალა ზაზა პაპუნიძემ. მან მიწის დაბრუნებისთვის დაიწყო ბრძოლა. სარჩელში წერია, რომ ვარშანიძემ მოტყუებით დაადებინა მინდობილობის ხელშეკრულება. გურამ საგინაძე საქმეში მესამე პირად ჩაერთო. 2004 წლის 21 მაისს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ _ ნოდარ ბოლქვაძემ ზაზა პაპუნიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ დაადგინა, რომ არძენაძემ ვარშანიძისგან, შემდეგ კი შავაძემ არძენაძისგან კანონიერად იყიდა მიწა და შავაძე კეთილსინდისიერ შემძენად გამოაცხადა.

ერთი თვის შემდეგ იმავე მოსამართლემ რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება გამოიტანა: საქმეში ზაზა პაპუნიძის მეუღლე _ ხათუნა ბასილაძე ჩაერთო. იგი 1996 წლიდან იმყოფება პაპუნიძესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ბასილაძის თქმით, 1999 წელს მათმა ოჯახმა საკუთრებაში მიიღო სადავო მიწის ნაკვეთი, რომლის თანამფლობელი თავადაც იყო და მეუღლეს, მისი თანხმობის გარეშე, მიწის ლომბარდში ჩადებისა და გასხვისების უფლება არ ჰქონდა. ნოდარ ბოლქვაძემ ბასილაძის სარჩელიც დააკმაყოფილა.

ხათუნა ბასილაძე განაგრძობდა ჩივილს. შემდგომი სასამართლო პროცესები ცვალებადი წარმატებებით მიმდინარეობდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამოიძახა შუქრი ვარშანიძე, რომელიც სასამართლოში არ გამოცხადდა. 2008 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში წერია: “სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელატი (. ვარშანიძე). საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქმის წარმოების დროს მან შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, რის თაობაზეც არ აცნობა სასამართლოს”.

სახალხო ფოსტის პასუხში წერია, რომაღნიშნული გზავნილი ჩაბარდა 2008 წლის 20 მარტს ადრესატის ნათესავს _ ასლან ფარტენაძეს ხელისმოწერით, ხოლო მან გზავნილი ადრესატს იმავე დღეს გადასცა”.

ასლან ფარტენაძე ახსნაგანმარტებაში წერს: “წერილის გადასაცემად რამდენჯერმე მივაკითხე შუქრი ვარშანიძეს, რომელიც სახლში არ დამხვდა. მესამე დღეს წერილი მისი ცალკე მცხოვრები შვილის ჭიშკარზე ჩამოვკიდე. ჩემთვის უცნობია, რა ბედი ეწია მას. რაც შეეხება ვარშანიძესთან ჩემს ნათესაობას, განვმარტავ, რომ არანაირი ნათესაური კავშირი მასთან არ მაკავშირებს”.

ფაქტია, რომ შუქრი ვარშანიძე ვერ იპოვეს. ხელვაჩაურის გამგეობის ურეხის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2008 წლის 18 ნოემბრის #383 ცნობით კი ირკვევა, რომ ვარშანიძენამდვილად ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ურეხში. მას არასდროს გამოუცვლია საცხოვრებელი ადგილი და არის მუდმივი მცხოვრები”.

თუ მოპასუხე პროცესზე არაობიექტური მიზეზით არ გამოცხადდა, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა. თუმცა სარჩელში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად უნდა ამართლებდეს”, _ ამბობს იურისტი თამარ კორძაია.

ხათუნა ბასილაძემ სასამართლო პროცესი მოიგო. 2008 წლის 15 ივლისს გივი შავაძის რეგისტრაცია 1900 კვადრატული მეტრის მიწის ფართობზე გაუქმდა. იმავე დღეს მიწის ნაკვეთი, ოღონდ 1525 კვადრატული მეტრი, დაარეგისტრირეს ზაზა პაპუნიძის სახელზე. 22 ივლისს პაპუნიძემ ეს მიწა, ნასყიდობის ხელშეკრულებით, გურამ საგინაძის ვაჟის _ ზვიად საგინაძის სახელზე გადააფორმა.

2008 წლის 20 ნოემბერს გივი შავაძე თავისი ორსართულიანი კაპიტალური სახლიდან სააღსრულებლო პოლიციამ გამოასახლა. გივი შავაძე სასამართლო პროცესებში არ მონაწილეობდა. ადვოკატი _ მინდია ალელიშვილი ამბობს, რომ შავაძემ საკუთრება გლეხური მიამიტობით დაკარგა: “შავაძეს საქმე მინდობილი ჰქონდა არძენაძესა და ვარშანიძეზე. არძენაძემ პასუხისმგებლობა სიტყვიერად თავის თავზე აიღო, რის გამოც შავაძე დავებში მონაწილეობას არ იღებდა”.

დარჩენილი 375 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ფართობი და გივი შავაძის მიერ აშენებული ორსართულიანი სახლი რეესტრის ამონაწერში არ ჩანს. “გაურკვეველი დარჩა ამ სახლის ბედი. ვინაიდან ასეთი მდგომარეობაა, ჩვენ შევიტანეთ საჩივარი საგინაძის წინააღმდეგ უსაფუძვლოდ გამდიდრების გამო და ვითხოვთ კომპენსაციას”, _ აცხადებს ადვოკატი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თამარ კორძაია: “პირი, რომელიც კეთილსინდისიერად, კანონის დაცვით შეიძენს ქონებას, მას არ შეიძლება ის ჩამოერთვას. სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ ვიღაცამ უკანონობა ჩაიდინა, ამისთვის სხვა ადამიანი, რომელიც კანონიერად მოქმედებდა, არ უნდა დაზარალდეს”.

გივი შავაძე დარწმუნებულია, საკუთრება იმიტომ წაართვეს, რომსაგინაძე ხულოს რაიონის გამგებელი იყო 2008 წელს. მანამდე გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობდა. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან _ მიხეილ მახარაძესთან დაახლოებული პირია”.

გურამ საგინაძე სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს: “ეს დავა რვა წელია მიმდინარეობს. მაშინ დაიწყო, როცა ხელისუფლებაში არ ვიყავი. შავაძე ბოლოს ჩაერთო. მან ყადაღადადებული მიწა იყიდა. როგორ?! ეს არის სწორედ გამოსაძიებელი”.

გურამ საგინაძემ მიწის ფართობი დაიბრუნა. იგი ამისთვის იბრძოდა. ერთი კვირის წინ საკუთარი განცხადებით გადადგა გამგებლის თანამდებობიდან. “რამდენიმე წელი არ დამისვენია. თან ახლა დედა მყავს ავად”, _ ამ არგუმენტით ხსნის გურამ საგინაძე თავის გადაწყვეტილებას. ამასობაში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყალში არსებული სადავო მიწის ფართობის საბაზრო ღირებულებამ 40.000 დოლარს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი