საზოგადოება

რას ამბობს ვარსკვლავი სკოლებზე

24 ოქტომბერი, 2011 • 2266
რას ამბობს ვარსკვლავი სკოლებზე

როგორ მიანიჭა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებს ვარსკვლავები?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მასშტაბით ის 100–მდე საჯარო სკოლა გამოავლინა, რომლებმაც სავალდებულო ბრენდირება, ანუ ათვარსკვლავიანი სისტემით შეფასება გაიარეს.

იმისთვის, რომ სკოლას განათლებისა და მეცნირების სამინისტრომ ვარსკვლავების შესაბამისი რაოდენობა მიანიჭოს, სამინისტროს მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმები და კომპონენტები სკოლამ ელექტრონულად სამინისტროს უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ სამინისტრო მონაცემებს გადაამუშავებს და სკოლას შესაბამის ვარკსკვლავს მიანიჭებს.

მიკერძოებული შეფასების თავიდან ასაცილებლად, სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილი კომისია მინისტრის პირველი მოადგილის აკაკი სეფერთელაძის ხელმძღვანელობით მუდმივად განახორციელებს სკოლის მიერ თვითშეფასების შედეგად მიღებული მონაცემების გადამოწმებას, ხოლო მონაცემების განახლება, სამინისტროს ინფორმაციითვე, წელიწადში ერთხელ მოხდება.

შეფასების დაწყებისას ყველა სკოლას სამინისტროს მიერ ავტომატურად ენიჭება ხუთი ვარსკვლავი, ხოლო მომდევნო ხუთის მინიჭება ხდება ამ კრიტერიუმების მიხედვით:

სასკოლო შენობის მდგომარეობა, სასკოლო ინვენტარის მდგომარეობა, სპორტული დარბაზი და ინვენტარი, სკოლის მოქმედი სასადილო, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია, მოქმედი ინტერნეტი, ალუმნაის ფონდის ფუნქციონირება, საკონფერენციო ან სააქტო დარბაზი, წიგნის ფონდი, კომპიუტერების რაოდენობა, სკოლის ვებ–გვერდი, დარაჯი, დაცვის პოლიცია, მანდატური, ღობე, ვიდეოთვალი, ევაკუაციის გეგმა, თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, ინკლუზიური სწავლება, პროფესიული სახელობო სწავლება, წრეები, გახანგრძლივებული სასწავლო ჯგუფები, სტანდარტს ზევით სწავლება, მასწავლებელთა რაოდენობა, რომლებმაც გაიარეს პრეოფესიული განვითარების ტრენინგი, სერტიფიცირებული მასწავლებლები, რომლებმაც ჩაააბრეს ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდები, მასწავლებლები დოქტორის ხარისხით, საბაზო საფეხურის წარჩნებული მოსაწავლეები, გამომგონებელთა კონკურსში მონაწილე მოსწავლეები, კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილე მოსწავლეები,  ოლიმპიადის ადგილობრივ და საერთაშორისო ტურებში გამარჯვებული მოსწავლეები, სამინისტროს, ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ პროექტებში მონაწილეობა, სპორტული მიღწევები, (2010-2011) საატესტატო გამოცდების წარმატებით ჩაბარება, მედალოსანი მოსწავლეები, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარუცხულ აბიტურიენტთა რაოდენობა, სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ სტუდენტთა რაოდენობა.

ამ ეტაპისთვის გამოვლენილი ბრენდირებულ სკოლების დახასიათებაში თითოეული ამ კრიტერიუმის გასწვრივ დასმულია ნიშანი, რომ ესა თუ ის სკოლა ამ კომპონენტებს აკმაყოფილებს. ამ ბრენდირებულ სკოლებს სამინისტრომ, ძირითადად, საბოლოო ჯამში, რვა ან ცხრა ვარსკვლავი მიანიჭა. მეათე ვარსკვლავის მისაღებად სკოლამ ავტორიზაციაც უნდა გაიაროს.

„სამინისტრო კვლავ აგრძელებს სკოლების შეფასებას და დანარჩენ ბრენდირებულ სკოლებსაც გამოავლენს“, –ამბობს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო პოტრჟებსკაია.

განათლების საკითხთა ექსპერტებს მიაჩნია, რომ თუ ბრენდირებული სკოლების გამოსავლენად ღრმა კვლევა არ ჩატარდა, ამ პროცესს აზრი არ აქნება, ვინაიდან სკოლამ, რომელმაც სამინისტროს თავადვე უნდა მიაწოდოს აღნიშნული კომპონენტებზე  ინფორმაცია, შესაძლებელია სიმართლე დამალოს.

„წარმატების მისაღწევად ბევრი სკოლა შეეცდება ხელოვნურად გააყალბოს მონაცემები. მაგალითად, გარიცხავ სკოლიდან მოსწავლეებს, რომლებმაც შეიძლება ცუდი შედეგი აჩვენონ და მიიღებ 100 %–ან შედეგს, ვინც სკოლა წარმატებით დაამთავრა“, –ამბობს განათლების საკითხთა ექსპერტი, სიმონ ჯანაშია.

„რადგან ბრენდირების ერთ-ერთი ინდიკატორი არის მოსწავლეთა ვერცხლისა და ოქროს მედლების მაჩვენებლები, შეიძლება ამან გამოიწვიოს სკოლებში ნიშნების ინფლაცია, ანუ სკოლები დაინტერესებულნი იყვნენ, ხელოვნურად უზრუნველყონ ვერცხლისა და ოქროსმედალოსან მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდა“, –აღნიშნავს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთიებების ცენტრის ხელმძღვანელი, შალვა ტაბატაძე.

ბრენდირების პროცესის გაუმჭვირვალობა

„არ არის არსად გამოქვეყნებული, რა მეთოდოლოგიით მიმდინარეობს შეფასება. ვერსად ვერ ნახავთ დოკუმენტს, როგორ მიმდინარეობს ბრენდირების პროცესი. ეს არის პირდაპირ გზა კორუფციისკენ, –მე თუ ვიქნები მინისტრის მეგობარი, შესაძლოა, ამ შემთხვევაში მივიღო მაღალი ვარსკვლავი”, –განმარტავს სიმონ ჯანაშია.

თბილისის 157–ე საჯარო სკოლა ერთ–ერთია, რომელსაც სამინისტრომ ვარსკვლავების მაღალი რაოდენობა მიანიჭა.

157–ე სკოლის ირგვლივ მომხდარი სკანდალი საზოგადოებას ჯერ კიდევ 2011 წლის დასაწყისიდან ახსოვს. მაშინ, სკოლის პერსონალისა და მოსწავლეების ინფორმაციით, სკოლის დათხოვილი დირექტორი მანდატურმა ჩაანაცვლა.

ექსპერტები ბრენდირების კრიტერიუმებზე:

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი თამარ მოსიაშვილი:

როდესაც სახელმწიფო არემონტებს  და სრულ რეაბილიტაციას უკეთებს ზოგიერთ სკოლას, თვითონვე ხსნის სასადილოებს, სპორტულ დარბაზებს, არათანაბარ პირობებში აყენებს კონკურსისთვის სხვა სკოლებს.

სამინისტროს მიაჩნია, თუ სკოლას ჰყავს დარაჯი, დაცვის პოლიცია, მანდატური, ღობე, ვიდეო თვალი და ევაკუაციის გეგმა, სკოლა უსაფრთხოა, მაშინ, როდესაც იმისთვის, რომ სკოლა უსაფრთხოდ ჩაითვალოს, ეს კომპონენტები საკმარისი არ არის. სკოლის უსაფრთხოება არანარიდ არ გულისხმობს მხოლოდ ამას. ეს არის ბატონი შაშკინის ხედვა სკოლის უსაფრთხოებაზე.

მასწავლებელთა კვალიფიკაცია– ძალიან კარგია თუ სკოლას ჰყავს მასწავლებელი, რომელსაც აქვს დოქტორის ხარისხი. თუმცა კანონი ზოგადი განათლების შესახებ არანაირად არ ითხოვს, რომ მასწავლებელი იყოს დოქტორი. მასწავლებლის წარმატებული საქმიანობა არანაირად არ უკავშირდება მის აკადემიურ ხარისხს. მასწავლებლის წარმატება უნდა იყოს აღნუსხული მასწავლებელთა პროფესიული განვითრების სქემით, რომელიც ყურადღების მიღმაა დღეს.

გაუგებარია, რა შეიძლება მივიღოთ სკოლების კონკურენციის გაზრდით, თუ მივიღებთ ამა თუ იმ სკოლაში, კლასებში  36–37–40 მოსწავლემდე გაზრდილ რაოდენობას, ეს იქნება ცუდი შედეგი და სკოლა, სადაც კლასში, მაგალითად, 25 მოსაწავლე დარჩება, იქნება მოგებული, რადგან მასწავლებელი გაცილებით ეფექტურად იმუშავებს ასეთ კლასში”.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთიებების ცენტრის ხელმძღვანელი, შალვა ტაბატაძე:

“ჩემთვის უფრო მისაღები იქნება, თუ მსგავს ბრენდირებას რომელიმე კერძო ორგანიზაცია ჩაატარებს და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგადი განათლების სისტემა მაინც ცენტრალიზებულია ჯერჯერობით და განათლების სამინისტროზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და სკოლების ავტონომიურად მართვის ბერკეტები შემცირებულია.

არის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მხოლოდ სკოლაზე არ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით ინსტიტუციონალური განვითარების ნაწილში (სკოლის ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და ა.შ.).

ბრენდირების შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს „დაბალი სტატუსის მქონე“ სკოლების ნუსხა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ სკოლების მოსწავლეთა სტიგმატიზაცია და სოციალური დისკრიმინაციაც.

საქართველოს განსახლების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, „ბრენდირება“ ხელს ვერ შეუწყობს კონკურენციის გაზრდას და „მშობელთა არჩევანის“ პრინციპის ამოქმედებას სასოფლო დასახლებებში, სადაც რეალურად არჩევანი არ არსებობს; რეგიონებში სკოლებს აქვთ ნაკლები შესაძლებლობები, ანუ იქ ნაკლები არჩევანი აქვს სკოლას თუნდაც საკადრო რესურსის, პროფესიული განვითარების ხელმისაწვდომობის და ა.შ. თვალსაზრისით.

ცალკე საკითხია კერძო სკოლებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლების ჩართულობა ამ პროცესში ნებაყოფლობითია, ისინი მაინც იძულებულნი იქნებიან, ჩაერთონ პროცესში, რადგან არ დაკარგონ მოსწავლეები (თუნდა გამოსაშვები გამოცდებიდან გათავისუფლების გამო მშობელმა და მოსწავლემ შეიძლება უპირატესობა მიანჭოს იმ კერძოს სკოლას, ვინც გამოცდებიდან ათავისუფლებს, ამიტომ თუნდაც ამის გამო, ჩემი აზრით, კერძო სკოლების უმრავლესობა მიიღებს ბრენდირებაში მონაწილეობას, მაგრამ ამასათანავე შეიძლება აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში, რადგან მათი კრიტერიუმები შეიძლება სხვა იყოს და იძულებულნი იყვნენ, ბრენდირების კრიტერიუმზე დაფუძნებით გააკეთონ აქცენტი.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორ და განათლების საკითხებში ექსპერტი, სიმონ ჯანაშია:

„თუ ბრენდირების პროცესში გამოვლინდა დაბალვარსკვლავანი სკოლები, ამ სკოლებში სწავლის ხარისხს ნამდვილად არ გაზრდის. ბევრ ქვეყანაში, სადაც ასეთი რეიტინგები კეთდება, ვლინდება, რომ სწავლის ხარისხი იკლებს. ამას არ მოაქვს ავტომატურად სკოლის განვითარება. პირიქით, მოსაწავლეები რომლებიც ასეთ სკოლებში სწავლობენ, კარგავენ მოტივაციას.

როდესაც სკოლების მსგავსი შეფასებები კეთდება, ის აუცილებლად უნდა გააკეთოს ისეთმა ორგანიზაციამ, რომელმაც იცის კვლევა და ვისაც სადამსჯელო ბერკეტები არ გააჩნია.

უმეტესობა კრიტერიუმების კი არის, აქვს თუ არ აქვს, მაგალითად, ერთ–ერთი კომპონენტი–თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. როგორ გაიგო სახელმწიფომ, გამოიყენა თუ არა ის სკოლამ. ერთია ამის შესახებ ჰკითხო თავად სკოლას. ასე კი, ყველა სკოლა დაგიწერს, რომ იყენებს.

რა იყო ბრენდირების მიზანი–ის უნდა დახმარებოდა მშობლებს არჩევანის გაკეთებაში–ამ მხრივ, ვარკსკვლავი არავის არაფერს ეუბნება.

ბრენდირების ერთ ერთი კრიტერიუმია მანდატური. გამოდის, სახელმწიფო საკუთარ თავს აფასებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი