საზოგადოება

ომის გმირები მშვიდობის დროს

27 სექტემბერი, 2011 • 3221
ომის გმირები მშვიდობის დროს

სოხუმელი ფლორა ფაჩულია 18 წლისაა, ზუსტად იმდენის, რამდენი წლის წინათაც დაეცა სოხუმი.

რამდენიმე თვის იყო და არ ახსოვს, როგორ დატოვა მისმა ოჯახმა მშობლიური სახლი აფხაზეთში. სამაგიეროდ, ეს ამბავი კარგად ახსოვს მის ძმას, ვალერის, რომელიც მაშინ 5 წლის იყო.

„ის ფერტმფრენი, რომლითაც უნდა გადმოვფრენილიყავით სოხუმიდან, ჩემ თვალწინ აფეთქდა. ამის გამო გადატანილი სტრესის შედეგად კარგა ხანს ვერ ვლაპარაკობდი“,- ისხენებს ის.

ვალერი ფაჩულია
ვალერი ფაჩულია

ვალერი და მისი და, მშობლებთან,  ბებიასთან და  ბაბუასთან ერთად ფეხით, სვანეთის გზით, წამოვიდნენ აფხაზეთიდან.

გზა სვანეთიდან ძალიან რთული იყო. როგორც მის ოჯახში ამბობენ, ერთ ომს სოხუმიდან გამოექცნენ, მეორე – სვანეთში გადაიტანეს.

„სოხუმში მტერი გვეომებოდა, მაგრამ სვანეთში, როცა შენ  სამშობლოში ხარ და აქ მანქანას გართმევენ და საშინლად გექცევიან, ეს არის სრული შოკი. ნადგურდები!“

თუმცა იყო შემთხვევები, როცა დაეხმარნენ – მაგალითად, თაფლი და პური მისცეს, როცა გზაში საკვები გაუთავდათ.

სოხუმში გატარებული წლებიდან საბავშვო ბაღი ახსოვს: მასთან ერთად ჯგუფში სომხები, რუსები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, ებრაელები და, რა თქმა უნდა, აფხაზები სწავლობდნენ. ახლა ამბობს, რომ ასეთ მრავალფეროვან გარემოში საუკეთესო გამოცდილება მიიღო.

აფხაზეთის დატოვების შემდეგ, პირველად ფოთში დასახლდნენ, საბოლოოდ კი ოჯახმა ახალი ცხოვრება ქუთაისში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ვალერის მდგომარეობა სხვა დევნილ ბავშვებთან შედარებით მსუბუქი იყო, მას საერთო საცხოვრებელში ცხოვრება არ მოუწია, ამბობს, რომ საზოგადოებასთან შეგუება გაუჭირდა და ეს მისთვის დღემდე რთულია.

”ჩემმა მშობლებმა იმდენი  შეძლეს, ზოგიერთმა ადამიანმა  ორი ცხოვრება რომ იცხოვროს, იმდენს ვერ გააკეთებს. ჩვეულებრივი ქუთაისური ოჯახისგან არაფრით განვსხვავდებოდით და ეს, რა თქმა უნდა, დამეხმარა”.

ოჯახში აფხაზეთზე ყოველთვის საუბრობენ: ”ახლა რაც გავიხსენე, ძირითადად, სწორედ მშობლებისგან ვიცი: დღემდე აქვთ სოხუმური კილო, ჩვენს სახლში სოხუმი სულ სხვა ”რომანტიკაა”.

არ ჯერა, რომ აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობა რეალურია:

”ჩემზე მეტი ოპტიმისტი ადამიანი არ მეგულება, მაგრამ 18 წლის მანძილზე სიტუაციის უკეთესობისკენ ცვლილების ნიშანწყალსაც ვერ ვხედავ.”

***

სოხუმელმა თენგო ლომაიამ მშობლიური ქალაქი მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად დაკარგა ეს ქალაქი – 1993 წლის 27 სექტემბერს.

როცა სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა, 22 წლის იყო და მაშინვე ომში მოუწია ჩაბმა. აფხაზეთის ომში დაწყებისთანავე (1992 წლის 14 აგვისტო)მონაწილეობდა. ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა მისი ცხოვრება.

„ამ პერიოდმა გარკვეული ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიკური ტრავმები დამიტოვა, გამიჭირდა საზოგადოებასთან ურთიერთობა და მის ნაწილად ვეღარ ვგრძნობდი თავს“.

ომში გატარებული ყოველი დღე და წუთი მისთვის განსაკუთრებულია. თუმცა ერთი შემთხვევა ყველაზე გამორჩეულად ახსოვს:

1993 წლის 5 ივლისს რუსული რეგულარული არმიის მძიმე შემოტევები დაიწყო, ბატონი თენგო მის ქვედანაყოფთან ერთად  ტერიტორიას იცავდა. ლაშა ჯანხოთელი მასთან ერთად იბრძოდა. მან დროულად შენიშნა, რომ ბატონი თენგო სამიზნე იყო და გადაეფარა. ლაშა ამ შემთხვევის გამო დაიღუპა, მხოლოდ ერთი დღე იცოცხლა:

„როცა მის გამოყვანას ვცდილობდი, მეუბნებოდა, რომ  ბრძოლა გამეგრძელებინა, ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი მეგობარი სიკვდილის წინაც სამშობლოს დაცვაზე ფიქრობდა და ასეთი შემთხვევები იქ ბევრი ხდებოდა“.

ომის შემდეგ ”აფხაზეთის მეომართა კავშირს” ჩაუდგა სათავეში. ასევე, ”საქართველოს ვეტერანთა ფედერაციის” თავმჯდომარის პირველი მოადგილეცაა.

„სახელმწიფოს დახმარება ომის ვეტერანებისადმი არაა იმის ადეკვატური, როგორიც უნდა იყოს.  ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, სახელმწიფოს მიაწოდეს ის საჭიროებები, რაც ვეტერანებს გვაქვს. თუკი ჩვენს მიერ შემუშავებულ პროექტებზე უარ იტყვიან, მაშინ მეცოდინება, რომ სახელმწიფო ჩვენს დასახმარებლად მზად არ არის“.

ლომაიას თქმით, ფედერაცია ამჟამად ვეტერანთა შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე მუშაობს. ასევე, განიხილავენ ვეტერანთა როლს ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთოების საკითხებში.

თენგო ლომაია
თენგო ლომაია

***

გივი  შარია გალიდანაა, მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. ოთხი წელია თბილისის ერთ-ერთი სპორტდარბაზში ცხოვრობს. მათ გარდა, აქ კიდევ ოცდაოთხ დევნილ ოჯახს აქვს ბინა დადებული.

მანამდე  ნათესავებთან ცხოვრობდნენ. რამდენიმე ბინაში ქირითაც იყვნენ. ბატონი გივი პროფესიით ფილოლოგია, გალში რუსული ენის პედაგოგად მუშაობდა. რაც თბილისში ჩამოვიდა, არ უმუშავია: „ვინ მამუშავებდა აქ მე პედაგოგად?!“

მეუღლე – ნაილი, პროფესიით ეკონომისტია, გარე ვაჭრობით ცდილობს, ოჯახს დაეხმაროს. სამი ბიჭიდან მხოლოდ ერთი, უმცროსი  მუშაობს, ჯარში მსახურობს. უფროს შვილს მეუღლე და შვილი ჰყავს, თუმცა დღეს ერთად არ ცხოვრობენ.

„რძალი, გულნაზი, ორსულად იყო, როცა ჩემი ბიჭი დააკავეს.  ქუჩაში შელაპარაკება მოუვიდა ერთ უცნობ ადამიანთან, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა. ეს შელაპარაკება არ იყო პრობლემა, მაგრამ შემდეგ წამალი ჩაუდეს და  3 წელი მიუსაჯეს. ახლა წელიწადნახევარი დარჩა გათავისუფლებამდე“, – ამბობს ბატონი გივი.

გულნაზი რუსეთში მშობლებთან წავიდა, ბავშვიც იქ გააჩინა და ჯერჯერობით თავის გვარზე ჰყავს.  პატარა უკვე სიარულს და ლაპარაკს იწყებს, ბატონ გივის კი შვილიშვილი არ უნახავს.

„შუათანა შვილმა სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მეგობრებთან ერთად ცდილობს საქმის წამოწყებას, თუმცა, ჯერჯერობით რეალური არაფერია.“

ბატონ გივის ინვალიდის სტატუსი  აქვს. რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. სამწვერა ნერვის ოპერაცია სამჯერ გაიკეთა, ბოლოს კი თავზე სიმსივნური წარმონაქმნი ამოჭრეს. თავიდან ნათესავები დაეხმარნენ, ბოლო ოპერაცია კი სადაზღვეო კომპანიამ უზრუნველყო, ბატონ გივის, როგორც უმწეოს, ოპერაცია დაუფინანსეს. დღეს ინვალიდობის და ლტოლვილობის პენსიას იღებს, დაახლოებით 120 ლარს. ხანდაზმულობის პენსიას კიდევ ერთი წელი ვერ აიღებს, 64 წლისაა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ოჯახმა ბევრჯერ მიმართა. მთავარი მოთხოვნა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა გახლდათ. „უამრავი წერილი მივიღე, მაგრამ შედეგი არაფერი, ახლა სადაც ვცხოვრობთ, ამბობენ, რომ შესყიდულია და არც კი ვიცით როდის გაგყვრიან აქედან“.

აფხაზეთში რამდენჯერმე დასთან იყო ჩასული, იქაური პასპორტიც აქვს. დარწმუნებულია, რომ აუცილებლად დაბრუნდება. ამბობს, ”იქ სულ სხვანაირად ვსუნთქავო”.

***

დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქიტის დროს 16 ათასი ადამიანი დაიღუპა – 10 000 ქართველი და 4 000 აფხაზი. ომამდე რეგიონში 537 000 მოქალაქე ცხოვრობდა, დღეს აფხაზეთიდან 300 ათასამდე ადამიანია დევნილი.

აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, სტატისტიკური მონაცემებით, სულ დაღუპულია 3 368 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის არაქართველი ეროვნების 218 ადამიანია: 99 რუსი, 35 სომეხი, 23 უკრაინელი, 22 ბერძენი, 18 ებრაელი, 15 აფხაზი, 4 აზერბაიჯანელი, 1 ესტონელი და 1 მოლდაველი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე. დანარჩენი 3 150 ეროვნებით ქართველია.

მასალების გადაბეჭდვის წესი