სამართალი

შოთა უტიაშვილი: „პოლიციელები იქცეოდნენ ძალიან ჰუმანურად“

30 მაისი, 2011 • 2018
შოთა უტიაშვილი: „პოლიციელები იქცეოდნენ ძალიან ჰუმანურად“

ბატონო შოთა, აღძრულია თუ არა საქმე ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ და რა მუხლით?

კონკრეტულად ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის, საქმე აღძრულია ფაქტზე, მასობრივი არეულობის მოწყობის საფუძველზე. ზუსტ კვალიფიკაციაზე პროკურატურა მუშაობს.  ამ მუხლით, ჯერჯერობით, დაკავებული არავინ არის.

რატომ არ დააკავა პოლიციამ ბურჯანაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, მაშინ, როცა სწორედ ამ მუხლით არის დაკავებული აქციის 100-ზე მეტი მონაწილე?

ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. ის ხალხი, ვინც დააკავეს, დაკავებულია ადმინისტრაციული ბრალდებით, რომელიც შეეხება პოლიციისადმი ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას. ქალბატონმა ბურჯანაძემ, მოგეხსენებათ, მიტინგი მანამ მიატოვა, სანამ პოლიცია მოვიდოდა. შესაბამისად, იგი პოლიციას წინააღმდეგობას ფიზიკურად ვერ გაუწევდა. ამიტომ ადმინისტრაციული სასჯელი მის წინააღმდეგ არ დამდგარა.

მიმდინარეობს თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტზე გამოძიება? რა მტკიცებულებები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვისი დანაშაულის ნიშნები იკვეთება?

უკვე აღვნიშნე, რომ კვალიფიკაციაზე პროკურატურა მუშაობს. ფაქტზე საქმე არის აღძრული. ვის დაკავებას ვაპირებთ ან არ ვაპირებთ, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.

26 მაისს შსს მიერ გამოქვეყნებული  აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ნინო ბურჯანაძე და მისი  ვაჟი ანზორ ბიწაძე ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა გზებს განიხილავენ, მათ შორის, სამოქალაქო ომსა და სისხლის ღვრას. ბიწაძე „ეგვიპტის სცენარს” უჭერს მხარს და აღნიშნავს, რომ მიზნის მისაღწევად 100-500 კაცის სიკვდილიც კი ღირს. ბურჯანაძე ფიქრობს, რომ  რუსეთის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება პოლარიზებულია და პროცენტულად 50-50%-ზეა. მათი ვარაუდით, აქციაზე 30 000 მხარდამჭერი გამოვა. ბიწაძის შეფასებით, ჯარი სუსტია და იმ შემთხვევაში, თუ კოჯრის ბატალიონი სროლას გაბედავს, მათ რუსეთის სამხედრო დაზვერვის _ გრუ -ს  სპეცრაზმთან მოუწევთ საქმის დაჭერა“.  რატომ არ გამოაქვეყნეთ ეს მასალა 26 მაისამდე?

ეს რომ არ მომხდარიყო, რაც მოხდა და ხალხს თავისი თვალით არ დაენახა, რომ  ბურჯანაძის დაჯგუფება აპირებდა ამ გეგმის რეალიზაციას, მეც პირადად, ალბათ, თქვენ და ბევრი სხვაც იფიქრებდა, რომ ეს ადამიანები ფანტაზიორობდნენ და მათ ფანტაზიას რეალობასთან საერთო არაფერი შეიძლება ჰქონოდა. ის, რომ თავისუფლების მოედანზე 70 000 და არც 30 000 ადამიანი არ მოვიდოდა, ამის მიხვედრას დიდი გენიოსობა არ სჭირდებოდა. ეს სატელეფონო საუბარი, როგორც მტკიცებულება,დამაჯერებელი გახდა მას შემდეგ, რაც ამ ხალხმა რეალურად სცადა ამ გეგმის განხორციელება.

თუკი ეს ჩანაწერი ავთენტურია, რატომ არ მიმდინარეობს ანზორ ბიწაძისა და ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. რატომ არ აპატიმრებთ მათ?

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია კვალიფიკაციაზე. როგორც გითხარით, პროკურატურა მუშაობს. გამოძიების მიმიდნარეობისას დადგინდება, ვის დაკითხვას და დაპატიმრებას გადაწყვეტს პროკურატურა და მოიწონებს თუ არა ამას სასამართლო. ჩემი მხრიდან იმაზე საუბარი, როგორ შეიძლება გაგრძელდეს გამოძიება, იქნება ძალიან არაკომპეტენტური. ეს საქმე ხომ არ დახურულა, გრძელდება.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს ხელისუფლებამ გაავრცელა ჩანაწერები, რითიც თითქოს დასტურდებოდა, რომ ქართული ოპოზიცია რუსეთთან ფარული თანამშრომლობით აპირებდა ხელისუფლების დამხობას. რატომ არ არის საზოგადოებისთვის დღემდე ცნობილი, ამ საქმეს რა გაგრძელება მოჰყვა, დაისაჯა თუ არა ვინმე ამ ინფორმაციის საფუძველზე და საერთოდ, რა ეტაპზეა გამოძიება?

ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ გამოცხადდა საერთო შერიგება, როცა  ბევრ ადამიანს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან ბრალდებები მოეხსნა. ეს ერთი, და მეორეც, რიგ შემთხვევაში არ იყო საკმარისი მტკიცებულება, რომ ის ადამიანები დაედანაშაულებინათ,  საქმე სასამართლოში წასულიყო და გამოეტანათ განაჩენი. ანუ არის ბრალდების რაღაც ხარისხი, რომელიც საკმარისია, რომ ადამიანს ბრალი წაუყენო, მაგრამ არ არის საკმარისი, რომ მას მიუსაჯო. ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე 2007 წლის 7 ნოემბერს.

რატომ არ მისცეს სამართალდამცავებმა 26 მაისის ღამეს აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის დატოვების შესაძლებლობა? აქციაზე მყოფი ჟურნალისტები აცხადებენ,  რომ ყველა მხრიდან იყო სპეცდანიშნულების რაზმი. „მათ (აქციის მონაწილეების) ნაწილს არ მიეცა საშუალება აქციის დატოვების“ _ ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაშიც. დადგა თუ არა ამის გამო ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი? რატომ იყო ე.წ. „ალყა“, თუკი სამართალდამცავების მიზანი იყო აქციის დაშლა?

სამართალდამცავების ლოგიკური მიზანი იყო აქციის დაშლა. თუ ვინმეს წასვლა უნდოდა, არაერთხელ იქნა ეს ხალხი გაფრთხილებული, რომ მათი მიტინგი  უკანონო იყო და სანამ პოლიცია ოპერაციას დაიწყებდა, იქამდე რამდენჯერმე გააფრთხილეს. კიდევ უფრო ადრე მერიამ ამცნო მომიტინგეებს, რომ სანქციას ვადა გაუვიდა.

როდის მიმართა თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს (შეტყობინების საათი)?

არა, მერიას არც უნდა მოემართა ასეთი მოთხოვნით. მერიამ მიმართა მომიტინგეებს საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით და გადასცა ოფიციალური განცხადება, რომ ღამის 12 საათზე მიტინგს სანქცია გაუვიდა. თუ ვინმეს წასვლა უნდოდა, შეეძლო წასულიყო. პოლიციას ჰქონდა ორი ამოცანა– ერთი, გაეწმინდა ეს ადგილი და საშუალება მიეცა შესაბამისი სამსახურებისთვის მოემზადებინათ მოედანი საზეიმო აღლუმისათვის და მეორე, დაეცვა პერიმეტრი აღლუმის ტერიტორიის გარშემო, რათა შესაძლო პროვოკატორებს არ მისცემოდათ აღლუმის ჩაშლის საშუალება. ამ დემონსტრაციის ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონი ბურჯანაძე აცხადებდა, რომ არ მისცემდა სააკაშვილს საშუალებას, აღლუმი ჩაებარებინა. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ბურჯანაძის მხარდამჭერები– შეიარაღებული ჯოხებით, მოლოტოვის კოქტეილებით, ხელნაკეთი სხვადასხვა იარაღით– მზად იყვნენ, მათი ლიდერის ეს მუქარა შეესრულებინათ. შესაბამისად, იმისათვის, რომ არ ყოფილიყო აღლუმის ჩაშლის მცდელობა, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეკავებინა ის ხალხი, ვინც, სავარაუდოდ, შეეცდებოდა ამის გაკეთებას. იმისათვის, რომ აღკვეთილიყო აღლუმის ჩაშლის მცდელობა, რუსთაველის მთელი მოედნის გარშემო პოლიციას ჰქონდა გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები და ჩაკეტილი ჰქონდა პერიმეტრი. პოლიციას ჰქონდა გეგმა, რომელიც განახორციელა. ცალკეულ შემთხვევაში  შეიძლება ძალადობაზე ვილაპარაკოთ, ეს კიდევ გამოძიების საგანია. ის, რომ ჩვენ ვინმე არ გავატარეთ, ეს ტყუილია. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: მომიტინგეებმა თვითონ შემოზღუდეს საკუთარი შეკრების ადგილი ბარიკადებით. როცა პოლიციამ დაიწყო სვლა ოპერიდან თავისუფლების მიმართულებით, პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ის, რომ ჩიტაძის ქუჩის გაყოლებამდე გავხსენით ბარიკადები, სპეციალურმა რაზმმა გადაჭრა მავთულები, მოხსნა ბარიკადები იმიტომ, რომ ხალხს, რომელთა წინააღმდეგაც იქნებოდა გამოყენებული წყალი, გაზი და რეზინის ტყვიები, ჰქონოდა გასაქცევი, რომ მათ ერთმანეთი არ გადაეთელათ და ეს გეგმა განხორციელდა კიდეც. იქ ერთმანეთის მიერ გადათელილი ხალხი დიდად არ მინახავს. თანაც, თქვენ გახსოვთ, 2007 წლის 7 ნოემბერს რამდენმა ადამიანმა მიმართა საავადმყოფოს. 26 მაისს საავადმყოფოში სულ 37 ადამიანი მოხვდა, მათ შორის 8 პოლიციელი. ახლა, ამ წუთში, 5 კაცია საავადმყოფოში,  მათგან 4 პოლიციელია. შესაბამისად, ვინ დაზარალდა ამ მიტინგზე უფრო მეტად, ჯერ კიდევ საკითხავია.

ამ დროისთვის დაზუსტებული სია თუ არსებობს აქციის დროს დაღუპულთა, დაკარგულთა და დაკავებულთა შესახებ?

დაღუპულია 4 ადამიანი, ორი მათგანი ესკორტის  და ორიც უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, დენმა დაარტყა. დაკავებულების სია ჩვენს საიტზე დევს, 104-კაციანი. დაკარგულებზე ინფორმაცია არ გვაქვს და განვათავსეთ განცხადება საიტზე, რომ თუ ვინმე ვინმეს ეძებს, მოგვმართონ, თუმცა ჯერ არავის მოუმართავს. ძალიან ბევრი ადამიანი, მაგალითად, ბათიაშვილი, იმალებოდა, საფრთხემ რომ გადაიარა, ასე ვთქვათ, გამოჩნდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიტინგზე ვინც იყო, მათი დაკავება გრძელდება.

იმ ხალხს, ვინც მიტინგზე კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, მათ, რა თქმა უნდა, დააკავებენ. მიტინგზე მონაწილეობისთვის მოგვიანებით არავინ დაუკავებიათ.

26 მაისს ქართული ტელევიზიებით გავრცელებულ კადრებში ჩანს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება (ერთ მომიტინგეს სცემს 5 ნიღბიანი მამაკაცი, ხელებშეკრულ მომიტინგეს სცემენ ნიღბიანები და ასე შემდეგ.) აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტებზე?

ჩვენ ამ ფაქტებს შევისწავლით. უნდა გითხრათ, რომ ყველა მოქალაქეს მოსთხოვეს დაწოლილიყვნენ. ამის შემდეგ პოლიციამ მათ ხელბორკილი დაადო, რომ მოგვიანებით მომხდარიყო მათი იდენტიფიკაცია და იმ ხალხის აღმოჩენა, ვინც 26 მაისს შეიძლება პროვოკატორები ყოფილიყვნენ. მომიტინგე, რომელმაც პოლიციის ეს მოთხოვნა შეასრულა, დაწვა, წინააღმდეგობა არ გაუწია, მის წინააღმდეგ არანაირი ძალა არ ყოფილა გამოყენებული. ვინც არჩია წინააღმდეგობის გაწევა, პოლიციას ძალით მოუწია მისი მიწაზე დაწვენა, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ძალის გამოყენებას.

ჩემი გასარჩევი არ არის, სპეციალური ორგანოების გასარჩევია, ჰქონდა თუ არა ადგილი ზედმეტი ძალის გამოყენებას. ზოგადი შეფასება კი ასეთია, რომ პირიქით პოლიციელები იქცეოდნენ ძალიან ჰუმანურად. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მიტინგის დაწყებამდე ბურჯანაძემ და მათ, ვინც გაიქცნენ,  გადათელეს პოლიციელები, ერთი პოლიციელი დაიღუპა და რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია. მიუხედავად ამისა, პოლიცია იქცეოდა ძალიან ჰუმანურად, ცალკეულ შემთხვევებს კი შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან.

გაქვთ თუ არა რაიმე მტკიცებულება ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილზე”, გარდა ჩანაწერისა, რომელიც გამოაქვეყნეთ. ტელეკომპანიების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 26 მაისს პოლიციელმა კამერების თანდასწრებით რამდენიმე ბოთლი ეგრეთ წოდებული „მოლოტოვის კოქტეილი“ აღმოაჩინა და იქვე დუბინკის დარტყმით გატეხა ეს ბოთლები. თუკი მოლოტოვის კოქტეილები ნამდვილად იქნა აღმოჩენილი აქციის ტერიტორიაზე, რატომ გაანადგურა პოლიციამ მტკიცებულება?

“მოლოტოვის კოქტეილის” დამტვრევა როგორ შეიძლება, რას ლაპარაკობთ. ჩვენ ძალიან  გაგვიმართლა იმითაც, რომ იმ დღეს იყო წვიმა და მათი  გამოყენება იყო შეუძლებელი. თორემ სხვაგვარი ამინდი რომ ყოფილიყო, ვშიშობ,  მოქმედებაში ვნახავდით. მტკიცებულებები მათ არსებობაზე გვაქვს, ვინ აკეთებდა და რატომ აკეთებდა, ვიცით. გამოძიება გრძელდება.

26 მაისს სცემეს, რეზინის ტყვიები ესროლეს, ფოტო და ვიდეო კამერები წაართვეს 10 ჟურნალისტს. აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტების გამოძიების მიზნით? აპირებს თუ არა დაუბრუნოს ჟურნალისტების წართმეული ტექნიკა?

ეს 10 ჟურნალისტი საიდან მოიტანეთ, მე არ ვიცი. მაგრამ ბევრმა ჟურნალისტმა, ვინც იქ იყო, მითხრა, რომ პოლიცია მათ იცავდა. მე ვიცი ორი შემთხვევა, როცა ერთი ჟურნალისტი დააკავეს და მერე საავადმყოფოში აღმოჩნდა. ამ შემთხვევებს ჩვენ შევისწავლით. ეს იყო გამონაკლისი შემთხვევები. საერთო სურათი კი იყო პირიქით. ამ მიტინგის დაშლის ოპერაცია მთელმა საქართველომ ნახა პირდაპირ ეთერში, რაც იმას მოწმობს, რომ არანაირი განზრახვა, ხელი შეეშალათ ჟურნალისტებისთვის, არ ყოფილა.  ყველა ის ტექნიკა, რომელიც პოლიციის ხელში აღმოჩნდა, აუცილებლად დაუბრუნდებათ ჟურნალისტებს. უმეტესობას დაუბრუნდა კიდეც, ვისაც აქვს რაიმე დაკარგული, მოგვმართოს.

ვინ გასცა ბრძანება აქციის ძალით დაშლის შესახებ და ვინ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს?

ბრძანება გაიცა სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.  როგორც ყოელთვის, გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონის თანახმად, რის შესახებაც მომიტინგეები გაფრთხილებული იყვნენ. სახელებს და გვარებს, ვის რა დავალება ჰქონდა და რა ბრძანებებს იძლეოდა, მე არ დავასახელებ.


მასალების გადაბეჭდვის წესი