სამართალი

პაპუაშვილის თქმით, წულუკიანმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ გარიგება შესთავაზა

29 თებერვალი, 2016 • 2362
პაპუაშვილის თქმით, წულუკიანმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ გარიგება შესთავაზა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პოლიტიზებულია.

გიორგი პაპუაშვილი კონკურსში თავადაც მონაწილეობდა, თუმცა სამთავრობო კომისიის გასაუბრების გავლა ვერ შეძლო.

იგი აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს მის მიმართ “ალერგიული” დამოკიდებულება აქვს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობი სანაცვლოდ”კულუარულად” შესთავაზა  ვენეციის კომისიის წევრობის ვადის გაგრძელება.

“პროცესი იყო მთლიანად პოლიტიზებული. თვითონ კომისიის უმრავლესობა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ისედაც უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ცნობილი არის კომისიის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის ასევე ალერგიული დამოკიდებულება ჩემ მიმართაც და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებების შემდგომ. განსაკუთრებით მას შემდგომ, როდესაც მან კულუარული შემოთავაზებაც გაგვიკეთა, რომ მე და ერთ წევრს გაგვიგრძელდებოდა ვენეციის კომისიაში წევრობა, თუკი ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებდით ხელისუფლებასთან და მოგვარდებოდა ე.წ პირადი პრობლემები, რომლებიც თვითონ ხელოვნურად შეიქმნეს,“ – განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა “რუსთავი 2″–თან საუბრისას.

სპეციალური სამთავრობო კომისიის გასაუბრების ეტაპი გადალახეს ევა გოცირიძემ, ალექსანდრე ბარამიძემ, ნანა მჭედლიძემ, გიორგი ბადაშვილმა და ანა დოლიძემ.

არჩეული 5 კანდიდატი მთავრობას წარედგინება, მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან კი ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.

გასაუბრებამდე მოსამართლეობის მსურველებმა უკვე გაიარეს შერჩევის 2 ეტაპი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 13 კანდიდატი შეირჩა წარმოდგენილი საბუთების მიხედვით. მათ ჩაუტარდათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად. ტესტირებაზე გამოცხადებული 12 პრეტენდენტიდან კომპეტენციის საჭირო ზღვარი ყველა მათგანმა გადალახა.

სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე;საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია;საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარევახტანგ ხმალაძე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე  მზია თოდუა; საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი;  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანიირაკლი ბურდული; კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი