სამართალი

“პოლიციამ [გოგონების] რამდენიმე გამტაცებელი მაინც რომ დააკავოს, სხვებს შეეშინდებათ”

29 თებერვალი, 2016 • 1560
“პოლიციამ [გოგონების] რამდენიმე გამტაცებელი მაინც რომ დააკავოს, სხვებს შეეშინდებათ”

ფონიჭალაში მცხოვრები 17 წლის ნიგარი (სახელი შეცვლილია), რომელიც მე-11 კლასში სწავლობს, თანაკლასელებისგან განსხვავებით უმაღლესი განათლების  მიღებასა და ექიმობაზე ოცნებობს.

ეთნიკური აზერბაიჯანელები, როგორც წესი, ცდილობენ გოგონები ნაადრევად, სრულწლოვნების მიღწევამდე დააქორწინონ, თუმცა, არა ნიგარის ოჯახში: მშობლები მას მხარს უჭერენ და ცდილობენ გოგონას ოცნების ახდენაში დაეხმარონ.  

20 თებერვალს, როდესაც რეპეტიტორიდან სახლში ბრუნდებოდა, ნიგარი გაიტაცეს. მშობლებმა გოგონას გატაცების თაობაზე პოლიციას დაუყოვნებლივ აცნობეს, თუმცა 2 დღის განმავლობაში არასრულწლოვნის პოვნა ვერ  მოხერხდა. ნიგარის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულეს და პროტესტის ნიშნად თბილისი-რუსთავის გზა გადაკეტეს. აქციიდან ერთი დღის შემდეგ გამტაცებლებმა ნიგარი სახლში დააბრუნეს.

ნიგარის ბიძა ნ. ნ-ვი აცხადებს, რომ პოლიცია გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად არაფერს აკეთებდა: „ნიგარს სწავლა და ექიმობა სურს. ოჯახიც ყველაფერს აკეთებს, რომ მას სწავლაში ხელი შეუწყონ, მოსამზადებლად მასწავლებელთანაც დაჰყავთ. გაიტაცეს და სამი დღის განმავლობაში არაფერი ვიცოდით ბავშვის შესახებ. ორი დღის შემდეგ გოგონამ თავად მოახერხა, რომ დაერეკა და გვითხრა, რომ თბილისში, თავისუფლების მოედნის მხარეს არსებულ  ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა. სახლების შესამოწმებლად არაფერი გააკეთეს,  არ დაინტერესებულან, ბავშვი სად ჰყავდათ.“


ოჯახის წევრებისთვის ცნობილი იყო, რომ ნიგარი ოთხმა პირმა გაიტაცა. მათ პოლიციას მიაწოდეს ინფორმაცია გამტაცებლების ავტომობილის მონაცემების შესახებაც.

გატაცებიდან სამი დღის შემდეგ გამტაცებლებმა ნიგარი ტაქსიში ჩასვეს და სახლში გამოუშვეს. ის პოლიციამ დაკითხა. შსს მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

კანონის მოქმედი რედაქციით ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. ადრე მოქმედი წესი, რომლის თანახმადაც მშობლების თანხმობით დაიშვებოდა 16 წელს მიღწეული პირების ქორწინება, 2016 წლის 1 იანვრიდან გაუქმებულია. გამონაკლისის სახით, 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. ამასთან, ეს საგამონაკლისო ნორმა მოქმედებს 2017 წლის 1 იანვრამდე.

24 თებერვალს შსს-მ ნიგარის გატაცებაში ბრალდებული პირი დააკავა. ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ე.ი. აღმოჩნდა. “ე.ი-ს თანამზრახველების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით)”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ნიგარის ბიძა ამბობს, რომ  გამტაცებლის ოჯახის მხრიდან ისინი ზეწოლას განიცდიდნენ: „შემოგვითვალეს, პოლიციაში შეტანილი განცხადება გამოიტანეთ, თუ გინდათ გოგონა დავაბრუნოთო. ამ პირობით გამოუშვეს ნიგარი.“ თუმცა ოჯახმა პოლიციიდან განცხადების გამოტანაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს დაქორწინების მიზნით არასრულწლოვანი გოგონების გატაცების ფაქტებზე პოლიციაში განცხადება არ შეაქვთ, არის ის, რომ საზოგადობის კრიტიკისგან თავი დაიცვან. თუმცა ნიგარის ოჯახი შვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტთან შერიგებას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალიშვილი უკან დააბრუნეს, ახლობლები პოლიციაში თითქმის ყოველდღიურად მიდიან და გამოძიების შედეგების გაცნობას ითხოვენ.

პოლიციის წინ შეკრებილი ადამიანებიდან ერთ-ერთი, მურაზ ალიევი ამბობს, რომ ფონიჭალაში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს გოგონების გატაცების მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ:

„მაგრამ მარტო ჩვენ რას გავხდებით? ირგვლივ არსებულ რაიონებსა და სოფლებში ეს ტრადიცია ჯერ კიდევ არსებობს. გოგონა 16 წელს მიაღწევს თუ არა, ათხოვებენ ან იტაცებენ. ამას, როგორც დაუწერელ კანონს, ისე უყურებენ. ვისაც სწავლის სურვილი აქვს, ამის საშუალებას არ აძლევენ. პოლიციამ რამდენიმე გამტაცებელი მაინც რომ  დააკავოს, სხვებს შეეშინდებათ და დანაშაულს აღარ ჩაიდენენ. ამიტომ არის, რომ პოლიციისგან ამ ფაქტისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას ვითხოვთ.“


კავშირის  –  “აზერბაიჯანელი ქალები” ხელმძღვანელი ლეილა სულეიმანოვა აცხადებს, რომ ნიგარის ოჯახის პოზიცია და საქციელი ადრეული ქორწინებისა და გოგონების გატაცების შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლაში სამაგალითო და წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს:

„ყველა ოჯახს გოგონების გატაცებზე ასეთი რეაქცია რომ ჰქონდეს, ასეთ ფაქტებს და ნაადრევი ქორწინებით გამოწვეულ პრობლემებს მნიშვნელოვნად შევამცირებდით.“



იმისთვის, რომ გადატანილი სტრესს თავი დააღწიოს, ნიგარს ახლა ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება. ის ისევ ექიმობაზე ოცნებობს.


 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტისფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსურიმხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისისადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების
მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდებისსამეფოს საელჩოს პოზიციას

მასალების გადაბეჭდვის წესი