თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საქართველოს პარლამეტის, მთავრობის, პრეზიდენტის, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე ღია წერილს აქვეყნებს.
წერილში მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს დევნად აფასებს. 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
“წერილში მინდა თანმიმდევრულად შევეხო საერთო სასამართლოების სისტემაში მიმდინარე მოვლენებს, რაც საბოლოოდ ჩემს მიმართ დისციპლინური (და არა მხოლოდ) დევნის და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი გახდა. ამასთანავე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩემს მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების გამო, ვითხოვ ჩემი, ჩემი ოჯახისა და ახლობლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რამდენადაც განვითარებულმა მოვლენებმა უკვე მიიღო უკონტროლო ხასიათი; ჩემს მიმართ მიმდინარეობს აგრესიული კამპანია და შევიწროება ბრძოლის გამო იმ მანკიერ პროცესებთან, რასაც მართლმსაჯულების სისტემაში აქვს ადგილი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თითოეული ქმედება მიმართულია ჩემი პიროვნების დისკრედიტაციისაკენ, რომ ამით მოხდეს სისტემაში არსებული რეალური პრობლემების გადაფარვა.
2016 წლის 22 თებერვალს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე არის დასტური განსხვავებული აზრის დევნის. ამავდროულად, არის მესიჯი თითოეული მოსამართლისთვის, რომ გარკვეული სასამართლოს შიგნით არსებული მმართველი გუნდის საწინააღმდეგო მოსაზრების დაფიქსირება შესაძლებელია გახდეს მათ მიმართ ანალოგიური შედეგის დადგომის საფუძველი.
სამართლიანი სასამართლო სისტემის გარეშე შეუძლებელია საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა არსებობდეს. სამართლიანი სასამართლოს ფუნქციობისათვის კი მთავარია ძლიერი, დამოუკიდებელი, ინდივიდუალური მოსამართლე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სამართლიანობის პრინციპის გატარებას. მოსამართლე უნდა იყოს დაკავშირებული ისეთ ღირებულებებთან, როგორიცაა სამართლიანობა, ჭეშმარიტება და თავისუფლება. სწორედ ამ ძირითადი კრიტერიუმების მატარებელი კანდიდატი უნდა იქნეს შერჩეული მოსამართლის თანამდებობაზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყანაში დამოუკიდებელი, ძლიერი და სამართლიანი მართლმსაჯულება. აღნიშნული უნდა წარმოადგენდეს მოსამართლის, როგორც ინდივიდის როლს და მის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების საფუძველს. სამართლებრივ სახელმწიფოში საზოგადოებას გააჩნია კანონიერი მოლოდინი სამართლიან სასამართლოზე, ისევე როგორც მოსამართლეს გააჩნია ვალდებულებები ამ მოლოდინის შესასრულებლად.
მოსამართლის დამოუკიდებლობა – უმნიშვნელოვანესი პრინციპია და თითოეული სახელმწიფოს მოქალაქეების უფლებას წარმოადგენს, მათ შორის, მოსამართლეებისაც. მას როგორც ინსტიტუციონალური, ისე ინდივიდუალური ასპექტები გააჩნია. თითოეულმა მოსამართლემ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას როგორც ინსტიტუციონალურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. მოსამართლე არ უნდა იყოს იზოლირებული საზოგადოებისაგან, რომელშიც ის ცხოვრობს, რადგან სასამართლო სისტემა სათანადოდ მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს, თუ მოსამართლეებს რეალურ ცხოვრებასთან კავშირი აქვთ. უფრო მეტიც, მოსამართლეები, როგორც მოქალაქეები, სარგებლობენ ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც, პირველ რიგში, დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, მაგალითად, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება.
სწორედ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა განაპირობებს სამართლებრივ სახელმწიფოებში მართლმსაჯულების და, შესაბამისად, სახელმწიფო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
საქართველოს სამოსამართლო ეთიკის მოქმედი წესების მიხედვით: „საზოგადოებრივი რწმენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უმთავრეს ღირებულებას.“
მეტი თვალსაჩინოებისთვის შევეცდები საერთო სასამართლოებში არსებული პრობლემებს შევეხო ქრონოლოგიურად:
სასამართლოში ჩემი მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციებზე. 2007 წლიდან კი ვახორციელებ მოსამართლის უფლებამოსილებას. 2008 წლიდან ოფიციალურად დამევალა სასამართლო სისტემაში ელექტრონული სამართალწარმოების პროგრამის ტექნიკური დავალების შემქმნელი ჯგუფის ხელმძღვანელობა, ხოლო პროგრამის შექმნის შემდეგ, მისი დანერგვა. სწორედ აღნიშნულმა ელექტრონული სამართალწარმოების პროგრამამ, რომლის შექმნაში და დანერგვაში ჩემი წვლილი მნიშვნელოვანია, ბევრად გაამარტივა საქმისწარმოება სასამართლოში, უზრუნველყო სწრაფი, ეფექტური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განვითარება, საქმეთა განაწილების გამჭვირვალობა, ღიაობა და ყველასათვის ხელმისაწვდომობა. ეს არაერთხელ აღნიშნეს როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ექსპერტებმა. სწორედ ეფექტური ელექტრონული პროგრამის დანერგვის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე გამოვლენილი მენეჯერული თვისებების და იმის გამოც, რომ მოვიაზრებოდი სასამართლოს სისტემის შიგნით მიმდინარე პროცესებიდან ნეიტრალურ სუბიექტად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით დავინიშნე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ.
2012 წლიდან, როცა მე დავინიშნე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ, სასამართლომ, როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტმა, დაიწყო გაძლიერება და საზოგადოებაში ნდობის მოპოვება. ამავე პერიოდში, სასამართლო სისტემის შიგნით ჩამოყალიბდა მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანს წარმოადგენდა სისტემის მართვა, სასამართლოს დაკომპლექტება მათთვის მისაღები კადრებით და იმ ღონისძიებების გატარება, რომელიც გააძლიერებდა ამ ჯგუფის პოზიციებს სისტემაში, ხოლო მათი ეს საქმიანობა არ იყო და არ არის მიმართული სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ. ამ ჯგუფის ხელში აღმოჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, როგორიცაა: მოსამართლეების შერჩევა, დანიშვნა, დაწინაურება, რითაც ფასადური გახდა საკვალიფიკაციო გამოცდები და მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი.
სწორედ ამ ტიპის სასამართლო ხელისუფლების უზურპაციამ გამოიწვია დუმილი სასამართლო სისტემაში. სასამართლოებში მოსამართლეთა თითქმის 90%-ს, 2015-2017 წლებში ეწურება უფლებამოსილების ვადა. პირები, რომლებიც 28-30 წლის ასაკიდან ახორციელებენ მოსამართლის უფლებამოსილებას, 40-50 წლის ასაკში რჩებიან სამსახურის გარეშე და სახელმწიფოს არ გააჩნია მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესაბამისი კანონმდებლობა. ბუნებრივია, მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კვლავ უჩნდება სურვილი, რომ დაინიშნოს ხელახლა მოსამართლედ, ვინაიდან, თანამდებობრივი და სახელმწიფოებრივი რეალობიდან გამომდინარე, ის ისედაც შეზღუდულია არჩევანის გაკეთებისას. სწორედ აქ ისმის ჩემი მთავარი კითხვა: როცა მოსამართლე ხედავს, თუ როგორ ექცევა საბჭო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მის კოლეგას, რომელიც აკრიტიკებს სისტემურ პრობლემებს, როგორი დევნის ობიექტი ხდება განსხვავებული აზრი, როგორ ფიქრობთ, რომელიმე მათგანი, განსაკუთრებით ის პირები, რომლებიც აპირებენ მოსამართლეთა შესარჩევ გაუმჭვირვალე, ფასადურ, პირად სიმპათიებზე დამოკიდებულ კონკურსზე ამ საბჭოს საქმიანობის პირობებში გასვლას, ამოიღებს ხმას და განაცხადებს უკმაყოფილებას? მას რჩება მხოლოდ ორი არჩევანი: გაჩუმდეს, ან შეუერთდეს სასამართლოში არსებულ კლანურ დაჯგუფებას, რათა გარანტირებული ჰქონდეს მომავალი საქმიანობა. ამასთანავე, კლანური დაჯგუფების წევრობა მათი მხრიდან ავტომატურად მოითხოვს მწვავე კრიტიკას, მათი მხრიდან აგრესიულ ქმედებებს და განსხვავებული აზრის დევნას. ეს სამწუხარო რეალობა მივიღეთ ყველა ზემოაღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე.
ბატონებო და ქალბატონებო! სწორედ ეს არის სიჩუმის მიზეზი საერთო სასამართლოების სისტემაში, დამღუპველი სიჩუმის, რომლის დამანგრეველ შედეგებს სახელმწიფო დღესაც იღებს და უფრო მძაფრად იგრძნობს მომავალი 20-30 წლის განმავლობაში. აქვე ფრიად მნიშვნელოვანია ერთი ფაქტის მითითება: 2016 წლის 19 თებერვლის საბჭოს სხდომაზე, როცა იხილებოდა ერთი-ერთი გამორჩეულად კვალიფიციური და ღირსეული მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, საბჭოს ერთ ერთმა წევრმა ორი ხელი ასწია, კომენტარით: ,,როგორც იქნა“, ანუ ვერ დამალა სიხარული იმ ფაქტის მიმართ, რომ მისთვის სუბიექტურად მიუღებელ ერთ-ერთ კოლეგას შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილება. აღნიშნული ფაქტი რამდენად აკმაყოფილებს სამოსამართლო ეთიკის სტანდარტებსა და უბრალო კოლეგიალობის პრინციპს, ამის განსჯა საზოგადოებისათვის და ჩემი კოლეგებისთვის მიმინდვია. აღნიშნულს ემატება მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნა/დაწინაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღეს არსებული წესი, როგორიცაა კანდიდატის დანიშვნის ფარული კენჭისყრა, მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და მისი გასაჩივრების წესის არარსებობა. აღნიშნულის ფონზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული მოსამართლის დანიშვნის კრიტერიუმების არსებობა ატარებს ფორმალურ ხასიათს, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დაცინვა, რადგან შემოწმება იმისა, გამოყენებული იქნა თუ არა ეს კრიტერიუმები, ფაქტობრივად შეუძლებელია. ამდენად, სრულიად გაურკვეველია, თუ რატომ არ ინიშნება, ან რატომ ინიშნება, მით უფრო წინაურდება ზემდგომ ინსტანციაში კონკრეტული მოსამართლე, როცა არსებული სტანდარტის გადამოწმება მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთ შეხვედრაზე საბჭოს მდივანმა პირდაპირ განაცხადა, რომ გარკვეულ დასანიშნი კანდიდატების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ამის გამო დაინიშნა ზოგიერთი მოსამართლე. აქვე შეგახსენებთ, რომ მოსამართლის დანიშვნა მიმდინარეობს ფარული კენჭისყრით და ფარული კენჭისყრა გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის წინასწარ მოლაპარაკებებს. ამას ვსაუბრობდი, როცა განვაცხადე, რომ პირად მოლაპარაკებებსა და გარიგებებს აქვს ადგილი საბჭოს წევრებს შორის მოსამართლოს კანდიდატის დანიშვნისას. საკანონმდებლო დონეზე მკაცრად გაწერილი კრიტერიუმების არსებობა სავალდებულოა, რომ საბჭოს საქმიანობა იყოს კანონის ჩარჩოში მოქცეული, გამჭვირვალე და არ მიეცეს რომელიმე პირს ან პირთა ჯგუფს პირადი შეხედულებებითა და მოსაზრებებით თვითნებობის საშუალება. ყველასათვის ნათელია, რომ საკანონმდებლო ხარვეზი და ვაკუუმი ქმნის ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მაღალი თანამდებობის პირების თვითნებობის შესაძლებლობას.
აქედან გამომდინარე, მე, როგორც მოსამართლეს, მქონდა რამდენიმე არჩევანი. შემენარჩუნებინა დუმილი, გავმხდარიყავი სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ მმართველი ჯგუფის წევრი, ან საჯაროდ მესაუბრა მიმდინარე სისტემურ პრობლემებზე. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, თუ რა განაპირობებს ამ ჯგუფის გავლენას სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე. უმეტესობა ამ ჯგუფის წევრებისა სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არიან, ამიტომაც ღებულობენ მოსამართლეთა აბსოლუტურ მხარდაჭერას მოსამართლეთა კონფერენციებზე და მათი ე.წ. ავტორიტეტი უკავშირდება იმ გარემოებას, რომ მათზე არის დამოკიდებული მოსამართლის ბედი.
კარგად ვაცნობიერებდი და ფაქტობრივად დადასტურდა, თუ რა დევნის სუბიექტიც გავხდებოდი ამ განცხადებები გამო. იმ ინფორმაციის გამჟღავნების გამო, რომელსაც ვფლობ და რომელსაც მტკიცებულებების შეგროვების დასრულებისთანავე წარვუდგენ საზოგადოებას, არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახი, ახლობელები და ის პირები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ განცხადებებს (და არა მამუკა ახვლედიანის მხარდამჭერები, როგორც ამას ზოგიერთი ჩემი კოლეგა ახმოვანებს). თუმცა, დღესაც რომ იმავე არჩევანის წინაშე დავდგე, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი, რაც მივიღე ჩემი სინდისისა და ღირსების, ხოლო შემდეგ მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი ვალდებულებების წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გამო.
მივიჩნიე რა, რომ სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენები აკნინებდა დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განვითარების ინტერესებს, როგორც მოსამართლემ გადავწყვიტე საჯაროდ, უარყოფითად შემეფასებინა ეს მოვლენები, რამაც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო ცუდი მაგალითი მოგვცა სახეზე; ჩემს მიმართ, განსხვავებული აზრის გამო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის დადგენილების საფუძველზე (რეგისტრაციის #16), დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება. ეს არ გახლავთ ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩემს მიმართ დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება. საბჭოში ჩემს მიმართ, დროის უმოკლეს მონაკვეთში, უკვე რამდენიმე, ყოვლად უშინაარსო (სამართლებრივად უსაფუძვლოზე რომ არაფერი ვთქვათ) და დაუსაბუთებელი დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს. ამ პროცესის კულმინაციაა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება ჩემი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. ის მიღებულია კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, იმ პირობებში, როცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მე შემიზღუდა საკუთარი პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობა და შრომისუუნარობის ფურცელზე მყოფი გამათავისუფლა სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან.
საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საბჭოს წევრები უკვე დაინტერესდნენ იმ ფაქტით, თუ რამდენჯერ გამოვიყენე კუთვნილი შვებულება წლის განმავლობაში, რამდენჯერ ვიყავი სამსახურებრივ მივლინებაში და რამდენჯერ გადავკვეთე სახელმწიფოს საზღვარი. ანუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელიც თავად უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოში კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო აქტებით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დაცვისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტს, დაიწყო ჩემი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევა. ჩემი კუთვნილი შვებულების გამოყენება და მივლინება (რომლის თაობაზეც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იძლევა წინასწარ თანხმობას) დაედო ერთ-ერთ საფუძვლად ჩემს თანამდებობიდან გათავისუფლებას.
აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საერთო სასამართლოში არ შეიძლება არსებობდეს განსხვავებული, მით უფრო უარყოფითი აზრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააჩნია ბერკეტი, რომ განსხვავებული აზრის დევნის მიზნით დასაჯოს მოსამართლე!
შეკითხვა მებადება: მარტო მე ვაცნობიერებ ამ ქვეყანაში, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, გააჩნია თავისი კონსტიტუცია და ვაღიარებთ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას? რა სახის შევიწროებასთან გვაქვს საქმე?
აქვე მინდა შევეხო 2016 წლის 2 თებერვალს ჩემს მიერ კიდევ ერთ გახმაურებულ ფაქტს, რომ 2015 წლის 21 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ადგილი ჰქონდა ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნებას.
განცხადების გაკეთების შემდეგ, შემდეგი რეალობა წარმოიშვა: დაიწყო ჩემს მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება და გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით, რაც საბოლოოდ ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ თვითონ იკვლევდა გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნების ფაქტს და მოკვლეულ მასალებს გაასაჯაროებდა. ამ ტიპის მოკვლევის წარმოების უფლება არ ჰქონდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, მან გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, შეიჭრა საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაში. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პირადად იბარებდა მოსამართლეთა საგამოცდო ტესტებსაც და კაზუსებსაც, ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და ორივე მათგანი უშუალოდ მონაწილეობდნენ მთელ საგამოცდო პროცესში, მიმაჩნია, რომ ამ საკითხის გამოძიება, საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, უნდა აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ ან/და საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ. აღნიშნულის საჭიროებას ისიც ადასტურებს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეფუთა ეს ფაქტი, როგორც კონფიდენციალური ინფორმაცია და რამდენიმე თვის განმავლობაში დუმდა მომხდართან დაკავშირებით.
მიმაჩნია, რომ მითითებული ფაქტის დროული შესწავლა და გამოკვლევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რამდენადაც აღნიშნულის გარეშე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ უზრუნველყოფს მათ მიერ მართლმსაჯულების გაძლიერებისათვის გათვალისწინებული ქმედებების კანონიერ შესრულებას, სასამართლოს რეფორმის გამჭვირვალობას და საბოლოოდ საზოგადოების ნდობის ამაღლება-განმტკიცებას. ამასთანავე, საკითხი მოითხოვს უმოკლეს ვადებში შესწავლა/გამოკვლევას, ვინაიდან ის წარმოადგენს საზოგადოების დიდი ინტერესის საგანს.
საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ საქართველო, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო, ვერ შედგება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. სასამართლო ეკუთვნის ხალხს, მოსამართლეც ამ საზოგადოების ნაწილია და მისი არჩევა/დანიშვნა/დაწინაურება და თანამდებობიდან გადაყენების პროცესი თვალნათელი უნდა იყოს არა მხოლოდ მოსამართლეთათვის, არამედ საზოგადოებისთვის, რის გარეშეც შეუძლებელია საზოგადოების მაღალი ნდობის მოპოვება. სასამართლო ხელისუფლების მაღალ სტანდარტებს ძირითადად უზრუნველყოფს სამართლებრივი (სწორად გაწერილი კანონმდებლობა) გარემო, საზოგადოების პატიოსნება და პრინციპულობა, ჯანსაღი განსხვავებული აზრის და მიდგომების პატივისცემა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის პროცესებში ჩართულობა და აქტიური მხარდაჭერა. ცალსახად აღვნიშნავ, რომ მხარდაჭერა სჭირდება არა ერთ-ერთ, რიგით მოქალაქე მამუკა ახვლედიანს, არამედ საქართველოში დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების და, შესაბამისად, დემოკრატიული სახელმწიფო მშენებლობის საფუძველს წარმოადგენს,”– აცხადებს მამუკა ახვლედიანი